უნდა აიკრძალოს თუ არა ონლაინ სესხები და როგორია სხვა ქვეყნების გამოცდილება | Allnews.Ge

უნდა აიკრძალოს თუ არა ონლაინ სესხები და როგორია სხვა ქვეყნების გამოცდილება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ გააჟღერა ინიციატივა, რომელიც ონლაინ სესხების აკრძალვას გულისხმობს და განმარტა, რომ "ეს მნიშვნელოვანი მოთხოვნა იყო ჩვენი საზოგადოების მხრიდან."

განცხადებას მალევე მოჰყვა დიმიტრი ქუმსიშვილის განმარტება, რომლის მიხედვითაც, ონლაინ სესხები არ აიკრძალება, არამედ ამ ტიპის ბიზნესზე გარკვეული ტიპის რეგულაციები დაწესდება.

" ჩვენ ონლაინ სესხები დავარქვით ისეთ ბიზნესმოდელს, სადაც წლიური საპროცენტო განაკვეთი არის 200-დან 1000%-მდე. საბოლოო ჯამში გუნდში ყველამ ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ასეთი ბიზნესმოდელი ქვეყანაში არ ქმნის იმდენ დამატებით ღირებულებას, რამდენიც მოაქვს უარყოფითი ჩვენი მოსახლეობისთვის, რომელთა უფლებების დაცვაც არის სახელმწიფოს ვალდებულება. სწორედაც რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით ვიხელმძღვანელებთ და დიდი ალბათობით მოხდება ამ მიმართულებით პაკეტის შეთავაზება. ანუ საუბარია, რომ ბიზნესმოდელში უნდა არსებობდეს გონივრული ზღვარი, რომელიც უნდა იყოს დადგენილი," - აღნიშნა მან.

საქართველოს ონლაინ არასაბანკო საკრედიტო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს

მმართველი გუნდის ინიციატივის მიმართ  კრიტიკულადაა განწყობილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი, სერგი კაპანაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ ონლაინ სესხების აკრძალვა მევახშეობის აღზევებას გამოიწვევს. კაპანაძე იმედს გამოთქვამს, რომ უმრავლესობაშიც არიან საღი აზრის მქონე ადამიანები, რომლებიც ხედავენ, რა საფრთხეებთან არის დაკავშირებული ეს ინიციატივები.

უნდა აიკრძალოს თუ არა ონლაინ სესხები და როგორ უნდა დარეგულირდეს ეს ბიზნესი?

ამის შესახებ Allnews.ge სპეციალისტებს ესაუბრა. "საზოგადოება და ბანკების" ხელმძღვანელის, გიორგი კეპულაძის განმარტებით, ონლაინ სესხებზე გარკვეული რეგულაციების დაწესებაა საჭირო.

მისი თქმით, საერთაშორისო პრაქტიკა როგორც აკრძალვის, ისე ონლაინ-სესხების შეზღუდვის მაგალითს იცნობს, ამიტომ უკეთესი იქნებოდა, ხელისუფლებას ისეთი მიდგომა შეერჩია, რომელიც არც მომხმარებელს დააზარალებდა და არც ბიზნესს.

"ერთ-ერთი რეგულაცია, რაზეც ვფიქრობდით, იყო ის, რომ ონლაინ სესხების კომპანიებს სესხები ისეთ მომხმარებლებზე არ უნდა გაეცათ, ვისაც საკრედიტო ისტორია გაფუჭებული ჰქონდა, რადგან ისინი ამ ვალდებულების ტვირთის გაწევას ვერ შეძლებდნენ. ჩვენი რეკომენდაციით, საპროცენტო ზედა ზღვარი უნდა დაწესებულიყო და ონლაინ სესხების გამცემ კომპანიებს უნდა დავალებოდათ, რომ ეფექტური საპროცენტო განაკვეთი მიეთითებინათ. მაგრამ როგორც მთავრობის განცხადებებიდან ჩანს, მათ ალბათ ამ კომპანიების პირდაპირ აკრძალვა გადაწყვიტეს," - აღნიშნავს ის და დასძენს, რომ მთავრობის მიერ მიღებული არცერთი რეგულაციით ბიზნეს სექტორს პრობლემა არ უნდა შეექმნას, რადგან ისინი იხდიან გადასახადებს და ჰყავთ დასაქმებული ადამიანები.

რომელ ონლაინ-სესხებს შეეხება აკრძალვა

"აფბა"-ს ანალიტიკოსის, ზურაბ კუკულაძის თქმით, ხელისუფლების ეკონომიკური გუნდი ონლაინ სესხების მიმართ მოთხოვნასა და მოთხოვნილებას შორის განსხვავებას ვერ ხედავს.

"ფიქრობენ, რომ რადგან ხალხი ონლაინ სესხს იღებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მასზე მოთხოვნა არსებობს, მაგრამ ასე არ არის, რადგან მოთხოვნილება ფულზე ყოველთვის არის.

მოთხოვნა პროდუქტის შეძენის სურვილსა და შესაძლებლობას ნიშნავს.

ამ შემთხევაში საქმე მოთხოვნილებასთან გვაქვს და რამდენად აქვს იმდენ ადამიანს ფინანსური შესაძლებლობა, რამდენიც ამ პროდუქტით სარგებლობს, ეს ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას," - განმრტავს ის.

ზურაბ კუკულაძის თქმით, ონლაინ სესხების გაცემის პრინციპი გამჭირვალე უნდა იყოს და ამოღების მექანიზმში არსებული ხარვეზები გასწორდეს.

საბანკო სფეროს ექსპერტი, ლია ელიავა კი ონლაინ სესხების აკრძალვის მომხრეა, რადგან მისი თქმით, ეს კომპანიები მოსახლეობას ძარცვავენ. ონლაინ სესხების აკრძალვა კი ჩვენი ეკონომიკისთვის და საფინანსო სექტორის სიჯანსაღისა და მოსახლეობის შემოსავლების დაცვის მიმართ ძალიან პოზიტიური ნაბიჯი იქნებოდა.

რატომ არ უნდა ავიღოთ ონლაინსესხი

"რაც შეეხება რეგულაციებს, თუ მთავრობა მიიჩნევს, რომ ისეთი სტრუქტურების არსებობა, რომლებიც მოსახლეობას ძარცვავენ, აუცილებელია, რეგულაციები, თავდაპირველად მათ სარეკლამო კამპანიასა და საპროცენტო განაკვეთს უნდა შეეხოს," - აღნიშნავს ის.

რაც შეეხება დასავლურ გამოცილებას, ანალიტიკოსების თქმით, ონლაინ სესხები მკაცრად ბალტიისპირეთის ქვეყნებში რეგულირდება და აქ ისინი თითქმის აკრძალულია.  ევროპის განვითარებულ სახელწიფოებში, მსგავსი კომპანიები ფუნქციონირებს, თუმცა, სოციალური ფონის გამო მათზე მოთხოვნა დაბალია, რადგან მოსახლეობას ურჩევნია, დაბალპროცენტიანი სესხი აიღოს და საბანკო სექტორს მიმართოს.

ონლაინ სესხების შესახებ ხელისუფლების წარმომადგენლების ინიციტივას საკანონმდებლო ცვლილების სახე ჯერ არ მიუღია, შესაბამისად, რა ბედი ეწევათ ამ ტიპის კომპანიებს, ჯერჯერობით უცნობია.

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz