არაკეთილსინდისიერ ბიზნესოპერატორთან "უიარაღოდ" დარჩენილი ქართველი მომხმარებელი | Allnews.Ge

არაკეთილსინდისიერ ბიზნესოპერატორთან "უიარაღოდ" დარჩენილი ქართველი მომხმარებელი

საქართველოში მომხმარებელთა უფლებები მხოლოდ ერთადერთ სფეროში - სურსათის უვნებლობაშია ასე თუ ისე დარეგულირებული. დანარჩენ შემთხვევაში ყველაფერი მხოლოდ ბიზნესოპერატორის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული.

ბოლო პერიოდში, რედაქციაში რამდენიმე ადამიანმა მოგვმართა და მათი ამბის საზოგადოების ყურამდე მიტანა გვთხოვა. მათ შორისაა მარიამ სულეიმანაშვილი. მან რამდენიმე კვირის წინ ერთ-ერთ ცნობილ ბრენდში, 95 ლარად ღირებული ფეხსაცმელი შეიძინა, რომელიც მეორე დღეს, ჩაცმისთანავე გაფუჭდა. მარიამს ფეხსაცმლის შეეთებას დაჰპირდნენ, თუმცა კონკრეტული პერიოდის გასვლის შემდეგ, დაურეკეს და აცნობეს, რომ ვერ მოახერხეს. მომხმარებელს საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად საკმაოდ დიდი რესურსის დახარჯვა მოუხდა.

"მაღაზიაში არაერთხელ მივედი, ჩემი უფლებების დაცვას ვითხოვდი. აღმოჩნდა, რომ თანხა ერთჯერად ფეხსაცმელში გადავიხადე, რაც უსამართლობაა. საბოლოოდ, როცა დაადგინეს, რომ ფეხსაცმლის შეკეთება შეუძლებელი იყო, რადგან მალევე ისევ გაფუჭდებოდა, კუთვნილი თანხა დამიბრუნეს. თუმცა, ამის მიღწევა ნამდვილად არ იყო იოლი საქმე", - ამბობს მარიამი.

ჩვენთან საუბრისას მსგავს შემთხვევას იხსენებს ირინე წიკლაური, თუმცა მას მარიამის მსგავსად არ გაუმართლა. ირინეს მაღაზიაში არც ფეხსაცმელი შეუკეთეს და არც თანხა დაუბრუნეს.

"ვაგზალზე, "პასაჟში" მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში, შევიძინე ფეხსაცმელი. იმ მომენტში 50%-იანი ფასდაკლება ჰქონდათ და 300 ლარად ღირებული ფეხსაცმელი 150-ად ვიყიდე. პარასკევს ნაყიდი, შაბათს მეცვა ერთი დღით და კვირას, მას შემდეგ რაც აღმოვაჩინე, რომ ფეხსაცმელს ძირი მთლიანად დაზიანებული ჰქონდა, მივედი მაღაზიაში შეცვლის ან თანხის დაბრუნების თხოვნით. ამას მაღაზიის კონსულტანტისა და მენეჯერის მხრიდან მოჰყვა ირონიული დამოკიდებულება და მითხრეს, რომ ეს იტალიური ფეხსაცმელი ისედაც ძალიან იაფად მქონდა ნაყიდი და პრეტენზიები არ უნდა მქონოდა.."- აღნიშნავს ირინე წიკლაური.

როგორც ირინე იხსენებს, მან ფეხსაცმელი ყუთთან ერთად მაღაზიაში დატოვა, რადგან შეკეთებას დაჰპირდნენ.

"აქ იყო ჩემი შეცდომა, რასაც გვიან მივხვდი. ფეხსაცმელი ვითომ "შეკეთებული" დამხვდა. ქუსლი ისევ ისეთ მდგომარეობაში იყო, ძირზე კი, კრემისფერის ნაცვლად შავი სქელი ძირი ჰქონდა ამოკრული. რა თქმა უნდა, არ მომეწონა. იმ ფეხსაცმელს არ ჰგავდა, რაც ვიყიდე. ფულის დაბრუნებაზე სასტიკი უარი მივიღე. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენს ქვეყანაში მომხმრებელს არავინ არ იცავს. იურისტსაც მივმართე, რომელმაც მითხრა, რომ ჩემი უფლებების დასაცავად სასამართლოს რამდენიმე ინსტანციის გავლა დამჭირდებოდა", - ამბობს ირინე წიკლაური.

როგორც საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე, მადონა კოიძე ALLNEWS.GE-სთან საუბრისას აცხადებს, დღესდღეობით საქართველოში მომხმარებელთა უფლებები თითქმის ყველა სფეროში, სრულიად დაუცველია. მისი თქმით, ბოლო პერიოდში ფედერაციას არაერთი ადამიანი მიმართავს და კონკრეტულ ბრენდულ მაღაზიებში შეძენილ სამოსთან თუ ფეხსაცმელთან დაკავშირებით საკუთარ პრეტენზიებს აფიქსირებს.

"ქვეყანაში მომხმარებელი კეთილსინდისიერ თუ არაკეთილსინდისიერ ბიზნესოპერატორთან პირისპირ და უიარაღოდაა დატოვებული.

ხშირად მაღაზიებში ბრენდთან მიმსგავსებული და ლოგოს უკანონოდ გამოყენებით გაკეთებული პროდუქცია იყიდება. მომხმარებელს კი უჭირს გაარჩიოს აქვს თუ არა საქმე იაფფასიან ფალსიფიკაციასთან", - აღნიშნავს მადონა კოიძე.

მისი თქმით, დღეს ჩვენი კანონმდებლობა არ იძლევა იმის საშუალებას და გარანტიას, რომ მომხმარებელმა თავისი უფლებები დაიცვას. თუმცა, მადონა კოიძის ინფორმაციით, კანონპროექტი მომხმარებელთა უფლებების დაცვს შესახებ მზადაა და მეორე მოსმენით განხილვის მოლოდინშია.

"ამ კანონის მიღების კატეგორიული წინააღმდეგი იყო ბიზნესგაერთიანებები,

რაც იწვევს საფუძვლიან ეჭვს, რომ საქართველოში არ არსებობს კონკურენტული, ჯანსაღი ბიზნესგარემო.

სიმართლის დასამტკიცებლად, საუბედუროდ, ერთადერთი გზა სასამართლოა, სადაც მომხმარებელს ძალიან დიდი პერიოდი სჭირდება გასაჩივრებისთვის და ამავდროულად, ეს ხარჯთანაცაა დაკავშირებული. მან უნდა გადაიხადოს სასამართლო ბაჟი, აიყვანოს ადვოკატი გაიღოს ექსპერტიზისთვის თანხა. ამ პროცედურების ღირებულება იმდენად დიდია, რომ მომხმარებელი იძულებულია ამგვარ უმსგავსობას შეეგუოს."

მადონა კოიძის თქმით, ახალ კანონმდებლობაში ჩადებულია მუხლი, რომლის მიხედვითაც მართლების, მტკიცების ტვირთი უნდა იკისროს ბიზნესოპერატორმა და არა მომხმარებელმა.

ქრისტინე გამთენაძე

myquiz