საქართველოში მოსახლეობა ბანკის ვალისგან თავს ვეღარ აღწევს | Allnews.Ge

საქართველოში მოსახლეობა ბანკის ვალისგან თავს ვეღარ აღწევს

ლარის დევალვაციისა და ინფლაციის შედეგად გაზრდილი ხარჯის გამო, მოქალაქეების დიდი ნაწილი დეფოლტის ზღვარზეა. ამასთან, იზრდება გადაუხდელი კრედიტების რაოდენობაც. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, იანვართან შედარებით, ივლისში კომერციულ ბანკებში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობამ 82 171 მლნ ლარით, ანუ 28,1%-ით მოიმატა, უცხოურ ვალუტაში აღებული კრედიტების ოდენობამ კი - 35,4%-ით.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ივლისში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობამ 374 295 000 ლარი შეადგინა, რაც 28,1%-ით მეტია იანვრის მონაცემთან შედარებით. სებ-ის მონაცემებით, 2016 წლის იანვარში ვადაგადაცილებული სესხი მთლიანად 292 124 000 ლარს შეადგენდა.

ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებამ ყველაზე მეტად სწორედ უცხოურ ვალუტაში არსებული სესხების ღირებულება გაზარდა, რაც მათი ვადაგადაცილების რისკს ზრდის.

თუკი მომხმარებელმა ბანკიდან უცხოურ ვალუტაში სესხი ლარის გაუფასურებამდე აიღო, მაშინ მას დღეს ბანკისთვის დაახლოებით 1/3-ით მეტი თანხის დაბრუნება უწევს, ვიდრე წინასწარ ჰქონდა განსაზღვრული.

ეს ზრდის რისკს იმისას, რომ მსესხებელმა ბანკის დავალიანება დროულად ვერ დაფაროს. სებ-ის მონაცემებით, იანვართან შედარებით, ივლისში უცხოურ ვალუტაში არსებული ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 35,4%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, იანვარში უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხებიდან ვადაგადაცილებული იყო 165,8 მლნ ლარი, ივლისში კი - 224,6 მლნ ლარი.

ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების ვადაგადაცილების მაჩვენებელიც, იანვართან შედარებით, 18,5%-ით არის მომატებული. თუ იანვარში ეს რაოდენობა იყო 126,2 მლნ ლარი, ივლისში 149,6 მლნ ლარამდე გაიზარდა.

ეს ყველაფერი კი იმაზე მიუთითებს, რომ მოსახლეობის, ამ შემთხვევაში კი მსესხებლის, გარკვეულ ნაწილს საბანკო ვალდებულებების გასტუმრება კვლავ უჭირს და მათი ნაწილიც სოციალური დეფოლტის ზღვარს უახლოვდება.

"მართალია, ვადაგადაცილება არც ერთ სესხზე არ მაქვს, მაგრამ ვალის მომსახურება ძალიან მიჭირს. ყოველთვიურად მიწევს 2 საკრედიტო ბარათის და ერთი ლომბარდის მომსახურებაზე თანხის გადახდა. ძალიან ძნელია, მაგრამ ვცდილობ, ბანკთან ჩემი ისტორია არ გამიფუჭდეს და ხელფასის 65-70%-ს ამ ვალის მომსახურებაში ვიხდი. შემოსავალიც არ მაქვს იმ ოდენობით, რომ ერთი სესხი მაინც სრულად დავფარო", - გვითხრა თბილისელმა ნელი გოცირიძემ.

ვადაგადაცილება არ აქვს თბილისელ მარიამ ჩოხელსაც, თუმცა ამბობს, რომ სესხის მომსახურება მასაც ძალიან უჭირს.

"მქონდა საკრედიტო ბარათი და მისი შევსება ვერ მოვახერხე, საკრედიტო ბარათი ხომ ისეთი პროდუქტია, რომ მუდმივად ვალში ხარ.

გადაიხდი მინიმალურ გადასახადს, მერე გაუთვალისწინებელი ხარჯი გაგიჩნდება და ისევ ხარჯავ თანხას. ამიტომ ერთ-ერთი ბანკიდან ავიღე სამომხმარებლო სესხი და საკრედიტო ბარათზე დავალიანება ასე გადავფარე.

ვალი 2 წელი უნდა ვიხადო, მაგრამ ის მაინც ვიცი, რომ რა თანხასაც შევიტან ყოველთვიურად, ვეღარ გამოვიტან და ასე მაინც მოვიშორებ ვალს. სხვა შემთხვევაში, ნამდვილად ვერ შევძლებდი საკრედიტო ბარათის დახურვას, არათუ 2, არამედ 4 წელიწადშიც კი. ძალიან რთულ მდგომარეობაში ვარ, თუმცა არიან ადამიანები, ვისაც უფრო სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს და ვალის გადახდას ვერ ახერხებენ", - გვითხრა მარიამ ჩოხელმა.

წინა რესპონდენტებთან შედარებით სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვთ თეა დვალიშვილს. ლარის დევალვაციის გამო, მან სესხის გადახდა ვერ შეძლო და საბანკო ისტორიაც გაუფუჭდა.

"როდესაც ლარის კურსი დაეცა, ვალი უცხოურ ვალუტაში მქონდა და ვერ მოვახერხე მისი გადახდა. 3-4 თვე ძალიან გამიჭირდა, არც რესტრუქტურიზაცია გამიკეთა ბანკმა და "გავშავდი". ახლა პროცენტსაც, ძირსაც და ჯარიმასაც ერთდროულად ვიხდი. ძალიან მიჭირს, რადგან ხელფასიდან 15-20%-იც კი არ მრჩება, პრაქტიკულად, დეფოლტის ზღვარზე ვარ და ანალოგიურ სიტუაციაში ძალიან ბევრი ადამიანია", - ამბობს თეა დვალიშვილი.

სპეციალისტების ვარაუდით, იმ შემთხვევაში, თუ სავალუტო ბაზარზე და მთლიანად ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა არ დასტაბილურდა, ხალხს სესხების მომსახურება მომავალში კიდევ უფრო გაუჭირდება.

ანალიტიკოს ნოდარ კაპანაძისთვის აშკარა იყო, რომ ლარის დევალვაციის გამო ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობა გაიზრდებოდა, იმ ადამიანებს, ვისაც სესხი დოლარში აქვთ, გაუფასურების შედეგად კრედიტის მომსახურება 30-32%-ით გაეზარდათ.

ეს ძალიან ცუდია და აუცილებლად ნეგატიურ შედეგს გამოიღებს, რადგან კრედიტების დიდი ნაწილი იყო და არის სამოხმმარებლო, რომელსაც, ბიზნესსესხისგან განსხვავებით, ფული არ მოაქვს, მსესხებელმა ის ფული აიღო და დახარჯა.

"ვალის ჭაობში ჩაფლვა მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს, ანუ მათ, ვისაც საშუალო ფენა ჰქვია, სერიოზულ დარტყმას მიაყენებს, გაიზრდება პოლარიზაციაც. იმისათვის, რომ ეს დარტყმა შემსუბუქდეს, აუცილებელია, სახელმწიფომ გარკვეული ღონისძიებები გაატაროს, მაგალითად, შეიმუშავოს ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარების სტრატეგია და ა. შ. ეს სასწრაფოდ უნდა გაკეთდეს, რათა არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო არ დამძიმდეს.

რაც შეეხება ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობას, ის, შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს, რადგან დევალვაციამ "დაარტყა" არა მარტო დოლარში, არამედ ლარში აღებულ მსესხებლებსაც.

ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, სესხიც - ლარში, მათზე სერიოზული უარყოფითი გავლენა გაზრდილმა ხარჯმა და ინფლაციამ მოახდინა. დოლარში აღებულ მსესხებელს კი, ინფლაციასთან ერთად, დევალვაციამაც შეუტია.

მიუხედავად ამისა, სოციალურ დეფოლტამდე ბევრი გვიკლია, თუმცა, სამწუახროდ, ვექტორი სწორედ იქითკენაა მიმართული. მთავრობას თუ რამეზე აქვს პრეტენზია, ეს ვექტორი აუცილებლად და თანაც სასწრაფოდ უნდა შეცვალოს", - განუცხადა "რეზონანსს" ნოდარ კაპანაძემ.

კომერციული ბანკების გარდა, კიდევ უარესი მდგომარეობაა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში: "თუ ბანკები ჰალსტუხიანი მძარცველები არიან, მიკროსაფინანსოები უარესი ყაჩაღები არიან. როდესაც შავ სიაში 300 000 ჩანაწერია და მათი რიცხვი მუდმივად იზრდება, ეს არის ეროვნული მასშტაბის პრობლემა და ამას მიხედვა სჭირდება", - დასძინა კაპანაძემ.

ეკონომისტების თქმით, მაშინ, როდესაც ქვეყანაში საშუალოზე მაღალი ხელფასი ძალიან ცოტას აქვს, უმეტესობა დაქირავებით დასაქმებული დაბალშემოსავლიანია, ცხადია, რომ მათ ვალის გასტუმრება ძალიან გაუჭირდებათ. ამიტომ საფრთხე იმისა, რომ ვადაგადაცილებული სესხები კიდევ გაიზარდოს და ქვეყანაში სოციალური ფონი უფრო გაუარესდეს, რეალურად არსებობს. შედეგად კი ქვეყანაში არსებული ისედაც მძიმე სოციალური ფონი, კიდევ უფრო გაუარესდება.

ელზა წიკლაური

გაზეთი "რეზონანსი"

myquiz