მთავრობა ყურძნის სუბსიდირებას წელსაც გეგმავს | Allnews.Ge

მთავრობა ყურძნის სუბსიდირებას წელსაც გეგმავს

მთავრობა ყურძნის სუბსიდირებას წელსაც გეგმავს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, მთავრობის მიზანი "რთველი 2016"-ის ფარგლებში არის, რომ ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩეს.

"ჩვენ დიდი მსჯელობის შედეგად მივიღეთ სუბსიდირების გადაწყვეტილება. ჩვენ ძირითადად ორი მიმართულებით მივდივართ - ერთი არის ადგილობრივი მევენახეობა-მეღვინეობის განვითარება, ანუ ადგილობრივი საწარმო პოტენციალის განვითარება და ახალის პოტენციალის შექმნა და მეორე - ბაზრების განვითარება. წელს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად მოხდება სხვადასხვა განფასებით, სხვადასხვა ჯიშების სუბსიდირება ისე, რომ ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება.

ოპონენტები შეიძლება სპეკულირებდნენ, რომ ეს ფული დაიხარჯოს სხვა მიმართულებით და ასე შემდეგ. ჩვენ რესურსს ვხარჯავთ ორივე მიმართულებით. რა თქმა უნდა, გარდამავალ პერდიოდში, სანამ ჩვენ მოვიპოვებთ იმდენ ბაზარს, რამდენიც საჭირო იქნება ადგილობრივი ყურძნის რეალიზაციისთვის, დაგვჭირდება ორივე მიმართულებით მუშაობა - ერთი საექსპორტო ბაზრების განვითარების დაფინანსება, საქართველოს ექსპორტის ექსპანსიის დაფინანსება და მეორე, ადგილობრივი წარმოების სუბსიდირება იმისათვის, რომ ეს გარდამავალი ეტაპი გადავლახოთ", - განაცხადა პრემიერმა. თუმცა, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საბოლოო ჯამში, "ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ ამ სუბსიდიებისგან".

პრემიერის თქმით, ასევე, მისასალმებელია, რომ ქართული ღვინის ექსპორტი 2016 წლის პირველ ნახევარში 44%-ით არის გაზრდილი.

myquiz