რომელია მილიარდერების დედაქალაქი? | Allnews.Ge

რომელია მილიარდერების დედაქალაქი?

პეკინმა პირველად ნიუ-იორკს მილიარდერების რაოდენობით გაუსწრო. ამის შესახებ "ბიბისი" წერს. გავრცელებული ცნობით, გასული წლის შემდეგ პეკინში 32 ახალი მილიარდერი გაჩნდა. შედეგად ამ დროისთვის ჩინეთის დედაქალაქში 100 მილიარდერი ცხოვრობს, ნიუ-იორკში კი 95. მესამე ადგილას მილიარდერების რაოდენობის მიხედვით მოსკოვია, მეოთხეზე კი ჰონკ-კონგი. ხოლო მეხუთე ადგილს ჩინეთის კომერციული ცენტრი - შანჰაი იკავებს.

მთლიანად ჩინეთში ბოლო მონაცემებით, 568 მილიარდერი ცხოვრობს, აშშ კი 535. ჩინელი მილიარდერების საერთო ქონება 1,4 ტრილიონ დოლარს შეადგენს.

Hurun Global Rich-ის კვლევის მიხედვით, მსოფლიოში მილიარდერების რაოდენობა 99-ით გაიზარდა და 2188 შეადგინა, რაც ახალი რეკორდია. მილიარდერების რაოდენობა წელს 50 პროცენტით მეტია 2013 წელს არსებულ რაოდენობასთან შედარებით.

ამასთან ანგარიშის მიხედვით, გასული წელი კარგი წელიწადი იყო მწარმოებლებისთვის, ფარმაცევტული ბაზრისთვის, ტექნოლოგიებისა და ინვესტიციების კუთხით, ხოლო ცუდი წელი იყო ენერგოსექტორისა და უძრავი ქონების სექტორისთვის.

რაც შეეხება ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგს, Hurun Global Rich-ის კვლევის მიხედვით, განახლებულ სიაში პირველ ადგილს კვლავ ამერიკელი ბილ გეითსი იკავებს 80 მილიარდი დოლარით, მეორე ადგილს უორენ ბაფეტი 68 მილიარდით, ხოლო მესამეზეა ამანსიო ორტეგა 64 მილიარდი დოლარით.

myquiz