რატომ არ უნდა ავიღოთ ონლაინსესხი | Allnews.Ge

რატომ არ უნდა ავიღოთ ონლაინსესხი

ბოლო პერიოდში მომრავლებულ ონლაინსესხებს მომხმარებელიც გაეზარდა. ინსტრუქცია მარტივია, უმოკლეს დროში ინტერნეტით მცირე თანხას ყოველგვარი ხელშეკრულების გარეშე სესხულობ. ხშირ შემთხვევაში პირველი თვე თანხის აღება უპროცენტოა და მომხმარებელიც მარტივად თანხმდება შეთავაზებაზე, თუმცა ფულის შოვნის ასეთი გზა სერიოზულ დამოკიდებულებას იწვევს, ვადაზე გადაცდენა კი ჯარიმებს, რომელთა რიცხვიც ხშირად რატომღაც იმაზე მეტია, ვიდრე ვიცით.

ნინო ერთ-ერთია, იმ მომხმარებელთა შორის, ვინც ონლაინსესხით სარგებლობს. ფინანსური პრობლემების გამო, მას უკვე რამდენიმეჯერ მოუწია თანხის გამოტანა:

"სესხის აღების პროცედურა მარტივია, შესაბამის საიტზე შედიხარ, იმ ბანკის ანგარიშიდან, სადაც გინდა რომ თანხა დაგირიცხონ, სიმბოლურად 1 თეთრს რიცხავ (ყველაფერს საიტი გიჩვენებს, მარტივი პროცედურაა) და ძალიან მოკლე დროში გერიცხება მოთხოვნილი თანხა. მას შემდეგ რაც ლარი გაუფასურდა, ჩემი ხელფასი კი უცვლელია, სერიოზული ფინანსური პრობლემები შემექმნა: პროდუქტზე ფასებმა მოიმატა, დანახარჯი გაიზარდა, შემოსავალი კი უცვლელი მაქვს, იძულებული გავხდი ამეღო სესხი. დროულად დაფარვა ვერ შევძელი და გადავავადე. ეს სერვისიც აქვთ. გარდა იმისა, რომ სესხის საპროცენტო განაკვეთი მაღალია, თუ გადავადება დაგჭირდა კიდევ დამატებით იხდი თანხას. მე 2 კვირით გადავავდე და 22 ლარი გადავიხადე".

ამასთან მისივე თქმით, ონლაინსესხი, მიუხედავად მაღალი საპროცენტო განაკვეთისა, უფრო მოსახერხებელია, ვიდრე ბანკიდან სესხის აღება:

"ბანკების მიმართ ნდობა საერთოდ დაკარგული მაქვს, თან ბანკში ასე სწრაფად ფულს ვერ მიიღებ. გარკვეულ მიჩვევასაც იწვევს, როცა სასწრაფოდ გჭირდება ფული და სხვა გამოსავალი არ გაქვს, ერთადერთი, რაც სწრაფად "გეხმარება" ონლაინსესხია. ამჟამად უკვე 6-დღიანი ვადაგადაცილება მაქვს. სავარაუდოდ, ჯარიმა დამერიცხება".

ონლაინკრედიტზე "დამოკიდებულია" მიშკა სულაშვილიც. ის უკვე ორი წელია ონლაინსესხით სარგებლობს:

"სეიოზულად ვარ ონლაინსესხებზე "დამოკიდებული". ერთი მხრივ მარტივია, თანხას 15 წუთში გაძლევენ. ამ ხნის განმავლობაში, რა თქმა უნდა, მქონია შემთხვევა, როცა დროულად ვერ შევიტანე თანხა და ჯარიმაც გადამიხდია. თუმცა როცა სხვა გამოსავალი არ მაქვს იძულებული ვარ ონლაინსესხი ავიღო".

როგორ შეიძლება თავი შევიკავოთ ონლაინსესხის აღებისგან და ზოგადად რა პრობლემებს იწვევს ფულის შოვნის ეს მარტივი გზა, ამის შესახებ ALLNEWS.GE ბიზნესფსიქოლოგს, გიორგი მანასიანს ესაუბრა.

"ონლაინ სესხი, სწრაფი სესხი, მარტივი სესხი... ამდაგვარი შემოთავაზებები საკმაოდ მომრავლდა. მათი მომხმარებელიც გაიზარდა, სინამდვილეში ამის მიზეზი ხელმისაწვდომობა არ არის, უბრალოდ უმეტესობას მუშაობა ეზარება, და თავიანთი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ეძებენ ყველაზე მარტივ და სწრაფ გზას. ჩვენ გვსურს ნება-სურვილი დავიკმაყოფილოთ, ხვალ კი ვინ გადაიხდის ამ "მცირე" პროცენტებს არც კი ვფიქრდებით. შედეგი კი სავალალოა: ჯარიმები, მუქარები, სასამართლოები, დაყადაღება და ა.შ

თავისთავად სესხი ცუდი არ არის თუ შენ მიზანმიართულად იღებ, გაქვს დაწერილი ბიზნესგეგმა, დათვლე ხარჯები და მოგება. ამ შემთხვევაში დასაშვებია. მაგრამ აიღო სესხი, რომ წახვიდე სადმე დასასვენებლად, ან გასართობად, ეს დამანგრეველია. ამ ორგანიზაციების გავლენა არანაკლებია, ისევე როგორც სამორინეების, ნარკოტიკების და ალკოჰოლის. უბრალოდ ადამიანმა უნდა ისწავლოს საკუთარი ემოციების მართვა. როგორც ნათქვამია - "მართე საკუთარი ემოციები, ან ისინი გმართავენ შენ"- აღნიშნა გიორგი მანასიანმა.

მისივე თქმით, ადამიანებმა ფულის შოვნის სხვა ხერხი და წყაროები უნდა მოიძიონ და თავი შეიკავონ სესხის აღებისგან იმ შემთხვევაში, როდესაც მათ ფული გადაუდებელი მიზნებისთვის არ ესაჭიროებათ.

თეა ბეჟიტაშვილი

myquiz