მაგისტრანტი სტუდენტების დისკომფორტი - რატომ გრძელდება გრანტის განაწილების პროცესი ოქტომბრის ბოლომდე? | Allnews.Ge

მაგისტრანტი სტუდენტების დისკომფორტი - რატომ გრძელდება გრანტის განაწილების პროცესი ოქტომბრის ბოლომდე?

უმაღლესი სასწავლებლების უმეტესობაში სწავლა უკვე დაიწყო, სალექციო პროცესში აქტიურად ჩაერთნენ მაგისტრატურის სტუდენტებიც. ერთიანი სამაგისტრო და შიდა საუნივერსიტეტო გამოცდების ჩაბარების შემდეგ ჯერი სწავლის ღირებულების გადახდაზე მიდგა. მიუხედავად იმისა, რომ მაგისტრატურაზე ჩარიცხულმა სტუდენტებმა ჯერ არ იციან სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებენ თუ არა, მათ აკადემიური რეგისტრაციის გავლისთვის, ანუ სასურველი საგნების არჩევისთვის, სწავლის საფასურის გადახდა უწევთ.

მაგალითისთვის, ზოგიერთი უმაღლესი სასწავლებლის ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ პირველი და ბოლო სემესტრის სტუდენტებმა სწავლის ღირებულება სრულად უნდა დაფარონ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ძირითად შემთხვევაში 1125 ლარი უნდა გადაიხადონ, თუმცა, სხვადასხვა უნივერსიტეტის შემთხვევაში გადახდის სისტემა ინდივიდუალურად რეგულირდება.

მაგისტრატურის სტუდენტები იმ დისკომფორტზე საუბრობენ, რაც სასწავლო პროცესის დაწყებასა და სახელმწიფო დაფინანსების შედეგების გამოქვეყნების შუალედში იქმნება. სუდენტების ნაწილი განმარტავს, რომ ისინი სასწავლებლის არჩევაში იზღუდებიან, რადგან კერძო უნივერსიტეტის არჩევის მსურველებს უფრო მაღალი ღირებულების გადახდა უწევთ, ამ დროს კი დაფინანსების მიღება ფუნდამენტურ როლს თამაშობს.

არიან ისეთი სტუდენტებიც, რომელთა მონაწილეობა სალექციო პროცესებში სრულად არის დამოკიდებული სახელმწიფო გრანტზე, უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ სტუდენტების ნაწილს ფინანსური სირთულეებიდან გამომდინარე მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ სწავლის გაგრძელება, თუ სახელმწიფო დაფინანსებას მოიპოვებენ. ამ და სხვა სირთულეებიდან გამომდინარე მაგისტრატურის სტუდენტების დიდი ნაწილისთვის სახელმწიფო დაფინანსების შედეგები პირველხარისხოვანი ხდება.

Allnews.ge დაინტერესდა რატომ ცხადდება მაგისტრანტების სახელმწიფო დაფინანსების შედეგები სწავლის დაწყებიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ. აღნიშნული კითხვით ჩვენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მივმართეთ.

"მაგისტრანტების გამოცდა შედგება ორი ნაწილისგან, ერთი გამოცდა არის ცენტრალიზებული, რომელსაც ატარებს შეფასებისა და გამოცდების ცენტრი და რომელიც ბარდება ივლისში. დადებითი შეფასების შემთხვევაში, ანუ თუ მაგისტრობის მსურველი 4-ნაწილიანი გამოცდის სამ ნაწილში მაინც გადალახავს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს, შეუძლია უკვე საუნივერსიტეტო სამაგისტრო გამოცდებში მიიღოს მონაწილეობა", - აღნიშნა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ ივან ინდაძემ და განმარტა, რომ უნივერსიტეტებში სამაგისტრო გამოცდები სხვადასხვა დროს ტარდება, ძირითადად სექტემბრის პირველი რიცხვებში, რა დროსაც მაგისტრობის მსურველები სპეციალობის გამოცდებს აბარებენ. აღნიშნული შიდა გამოცდების შედეგებისა და კონკურსის გათვალისწინებით უნივერსიტეტი წყვეტს რამდენ სტუდენტს და კონკრეტულად რომელ სტუდენტებს ჩარიცხავს და მისცემს სალექციო პროცესში მონაწილეობის მიღების უფლებას.

"სტუდენტების ჩარიცხვის შემდეგ უნივერსიტეტები საბოლოო სიებს ხარისხის მართვის სააგენტოს უგზავნიან, ხარისხის მართვის სააგენო კი დადასტურებულ სიებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცეტრში გზავნის. მხოლოდ ამის შემდეგ ხდება გრანტის განაწილება. სწორედ ამიტომ გრძელდება ეს პროცესი ოქტომბრის ბოლომდე. როგორც წესი ოქტომბერში ხდება ხოლმე ცნობილი ვინ მიიღებს სახელმწიფო დაფინანსებას", - განმარტა ივან ინდაძემ.

შეფასებისადა გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოდგილემ Allnews.ge-სთან საუბარში აღნიშნა, რომ მას და მის სამსახურს აღნიშნულ პროცესში წარმოშობილი დისკომფორტის შესახებ ინფორმაცია აქვს.

"მე მსმენია რომ საფასურის დაფარვის პრობლემა აქვთ ხოლმე მაგისტრებს, იმიტომ რომ უნივერსიტეტები წინასწარ სთხოვენ ხოლმე გადახდას. ამ პრობლემის შესახებ ვიცით და ეს ნამდვილად არის პრობლემა. ეს არის საკითხი, რომელიც უმაღლეს სასწავლებლებს უფრო მეტად ეხებათ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს სჭირდება 5-6 დღე უნივერსიტეტებიდან მიღებული სიების დამუშავებისთვის და იმის განსაზღვრისთის ვინ შეძლო გრანტის მოპოვება და ვინ ვერა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ძირითადი პრობლემა აქვთ უნივერსიტეტებს, რადგან ჩვენ თუ დროულად გვექნება მაგისტრატურაში ჩარიცხული სტუდენტების სია, იმის განსაზღვრაც სწარაფად მოხერხდება ვინ შეძლებს სახელმწიფო დაფინანსების მოპოვებას", - განმარტა ივან ინდაძემ. თუმცა, აქვე თქვა, რომ მისი ინფორმაციით, უნივერსიტეტები მაგისტრობის მსურველებს ფინანსური კუთხით შეღავათებს უწევენ მანამ, სანამ სახელმწიფო დაფინანსების შესახებ ინფორმაცია ცნობილი გახდება.

რეალურად რა შეღავათებს უწესებენ უმაღლესი სასწავლებლები მაგისტრატურის სტუდეტებს, აღნიშნული კითხვით ჩვენ სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტს მივმართეთ, თუმცა, პასუხი ჯერ არცერთი სასწავლებლიდან არ მიგვიღია.

სალომე აბულაშვილი

myquiz