აქვს თუ არა საქართველოში მოსწავლეს სკოლაში ჰიჯაბით მისვლის უფლება | Allnews.Ge

აქვს თუ არა საქართველოში მოსწავლეს სკოლაში ჰიჯაბით მისვლის უფლება

აქვს თუ არა საქართველოში მოსწავლეს სკოლაში ჰიჯაბით მისვლის უფლება? ეს კითხვა განსაკუთრებით აქტუალური რამდენიმე დღის წინ გახდა, როდესაც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალას სკოლის დირექტორმა მე-7 კლასელი მოსწავლე სკოლაში ჰიჯაბით არ შეუშვა.

მე-7 კლასელი გოგონა ამ დრომდე სასწავლო პროცესის მიღმა რჩება, რადგან სკოლის დირექტორის, ელზა აშიროვას განმარტებით, გაკვეთილებზე თავსაბურავით, კეპითა თუ სხვა მსგავსი აქსესუარით დასწრებას სკოლის შინაგანაწესი კრძალავს.

თავის მხრივ, სკოლის დირექტორს მოსწავლის მამა, ასტანოვ თაჰირი რელიგიის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

უწყებამ მომხდართან დაკავშირებით განცხადება უკვე გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ სამინისტრო ყველა ადამიანის რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებას ცნობს და სკოლებში ნეიტრალური და არადისკრიმინაციული გარემოს არსებობას უზრუნველყოფს.

"კანონმდებლობის შესაბამისად, სკოლას უნდა ჰქონდეს შინაგანაწესი, რომელიც არეგულირებს სასკოლო ცხოვრებას. შინაგანაწესის თანახმად, ყარაჯალის საჯარო სკოლაში მშობლებთან, მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან კონსულტაციის შედეგად შემუშავდა და სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცდა, რომ მოსწავლეს სასწავლო პროცესის დროს არ უნდა ეფაროს თავსაბურავი, კეპი და ა.შ. სამწუხაროა, რომ სკოლის შინაგანაწესში ჩაწერილი თავსახვევის ამკრძალავი ზოგადი წესი, განიმარტა რწმენის თავისუფლების შეზღუდვად. სამინისტრო მოუწოდებს ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ამ საკითხის რელიგიურ ჭრილში განხილვისგან და ხელი შეუწყონ ვითარების მშვიდ რეჟიმში მოგვარებას" - ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხადებაში.

მიუხედავად იმისა, რომ უწყება მხარეებს ვითარების თავად განმუხტვისკენ მოუწოდებს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, ლაშა ბექაშვილი განმარტავს, რომ სამინისტროს შეუძლია, სკოლას შინაგანაწესის გადახედვა მოსთხოვოს. მისივე თქმით, სკოლის შინაგანაწესი, რომელსაც სამეურვეო საბჭო ამტკიცებს, საქართველოს საკანონმდებლო აქტებიდან უნდა გამომდინარეობდეს და რა თქმა უნდა, ზოგადი განათლების შესახებ კანონს შეესაბამებოდეს.

"ყოველ სკოლას შინაგანაწესში გარკვეული თავისებურებები აქვს. ზოგადი განათლების შესახებ კანონის მიხედვით, სკოლას შეუძლია, გარკვეული შეზღუდვები დააწესოს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ რამე საფრთხე გარდაუვალი ან საფუძვლიანია და შეიძლება, ვინმეს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნას ან სასწავლო პროცესი ჩაიშალოს", - განმარტავს ლაშა ბექაშვილი.

საია-ს იურისტის თქმით, ზოგადი განათლების შესახებ კანონი რწმენის თავისუფლების დაცვას ითვალისწინებს.

"ამ კანონის მიხედვით, დაუშვებელია, მოსწავლეს მოეთხოვოს იმ ვალდებულების შესრულება, რომელიც მათ რწმენას, აღმსარებლობას ან სინდისს ძირეულად ეწინააღმდეგება, თუ ეს არ ლახავს სხვათა უფლებებს ან ხელს არ უშლის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიღწევის დონის დაძლევას", - განმარტავს იურისტი.

მისივე თქმით, მოსწავლის მიერ ჰიჯაბის ტარებით ჩამოთვლილიდან არცერთი არ ირღვეოდა, შესაბამისად, გარდა ამისა, იურისტს განუცხადეს, რომ გოგონა წარჩინებული მოსწავლეა, - "ამიტომ მიგვაჩნია, რომ როდესაც ზოგადი განათლების შესახებ კანონი მოსწავლეებს ასეთ ფართო უფლებას ანიჭებს, სკოლას შინაგანაწესში მსგავსი ჩანაწერის გაკეთება არ შეუძლია. მართალია, შინაგანაწესში შესატან საკითხებს თვითონ სკოლა განსაზღვრავს, მაგრამ ის ზოგადი განათლების შესახებ კანონთან შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს"- აღნიშნავს იურისტი.

გარდა ამისა, იურისტი განმარტავს, რომ სკოლის მოსწავლეს აქვს უფლება, დასაბუთებული უარი განაცხადოს სასკოლო ფორმის ტარებაზე, თუ ეს ჩაცმულობა მის რწმენასა და გამოხატვას არ შეესაბამება.

იურისტ  ლაშა ბექაშვილის თქმით, ყარაჯალას სკოლის შინაგანაწესი ზოგიერთი მოსწავლის რელიგიური თავისუფლების გამოხატვას ზღუდავს მაშინ, როცა პანკისის სკოლებში, სასწავლო პროცესს ჰიჯაბით საკმაოდ ბევრი მოსწავლე ესწრება.

"მე თელავში ვიმყოფები და ამ საკითხს თვალს ვადევნებ, როგორც ინტერვიუებიდან ჩანს, ყარაჯალას სკოლის დირექტორი მზადაა, მეორე მხარესთან ითანამშრომლოს. იმედია, მოსწავლე სკოლაში დაბრუნდება, რადგან ჰიჯაბის გამო ახლა ის გაკვეთილებს ვერ ესწრება",  - განმარტავს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი.

იურისტი ასევე დასძენს, რომ ყარაჯალაში ჰიჯაბით ბევრი მოქალაქე გადაადგილდება, შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, მათ განათლების მიღების საშუალება უნდა მიეცეთ.

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz