როგორ ცხოვრობენ ქართველი სტუდენტები ჩინეთში? | Allnews.Ge

როგორ ცხოვრობენ ქართველი სტუდენტები ჩინეთში?

ჩინეთის ქალაქ ხანგჭოუში, ჭეძიანგის უნივერსიტეტში 30 000 სტუდენტი სწავლობს, მათგან 6 000 უცხოელია. უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც ჩინეთში ცნობილი უნივერსიტეტია, საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე განლაგებულ სასწავლო შენობას, ბიბლიოთეკას და რამდენიმე კამპუსს მოიცავს. ჭეძიანგის უნივერსიტეტის სტუდენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან არიან.

6000 უცხოელი სტუდენტიდან კი 4 ქართველია. მათ შორის ერთ-ერთია 23 წლის ლილია დავითაშვილი. ლილიამ და უნივერსიტეტის სხვა ქართველმა სტუდენტებმა ჭეძიანგის უნივერსიტეტში მისულ ქართველ ჟურნალისტებს მათი ყოველდღიურობის, ჩინეთში სწავლისა და ცხოვრების შესახებ უამბეს.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტი ლილია დავითაშვილი ჩინეთში თავდაპირველად ჩინური ენის უკეთესად სწავლის სურვილმა ჩაიყვანა. ის პირველად ჩინეთში 2 წლის წინ ჩავიდა და ჭეძიანგის უნივერსიტეტში ერთი წელი ჩინურ ენას სწავლობდა.

საქართველოში დაბრუნებისა და თსუ-ში სწავლის დასრულების შემდეგ, მან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სტიპენდია მოიპოვა და მაგისტრატურაში სწავლას კვლავ ჭეძიანგის უნივერსიტეტში კულტურული რელიქვიებისა და მუზეუმების განხრით აგრძელებს.

Allnews.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ მთავარია მოტივაცია და რწმენა, რომ ყველაფერი გამოვა.

"თუ ჩინური ენის კარგად შესწავლა გსურს, ჩინეთში ჩამოსვლა აუცილებელია. ჩინეთში ცხოვრება არ გამჭირებია. მეგობრული ხალხია. უცხოელების მიმართ დადებითიუ დამოკიდებულება აქვთ. თავად ჭეძიანგის უნივერსიტეტი ძალიან კომფორტულია. კამპუსი სასწავლო შენობასთან ახლოსაა. აქვეა სასადილოც. რაც შეეხება სწავლას, დროის განრიგი კარგადაა განაწილებული. ყოველდღიურად სხვადასხვა ღონისძიება და აქტივობაა დაგეგმილი. მასწავლებლები ყველანაირად მხარში გიდგანან და გეხმარებიან. თავიდან უცხოლებთან ვმეგობრობდი, შემდეგ ადგილობრივებსაც დავუმეგობრდი. საქართველოს შესახებ ვუყვები. რამდენიმე ქართული სიტყვაც იციან", - განაცხადა ლილია დავითაშვილმა.

ის ამბობს, რომ ჩინეთში ბევრი რამ მოსწონს, მათ შორის ხალხი, ცხოვრების წესი ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი. ის, რაც საქართველოში ყველაზე მეტად ენატრება, ოჯახის წევრები და ქართული კერძებია.

ჭეძიანგის უნივერსიტეტის შესახებ სწორედ ლილია დავითაშვილისგან გაიგო 22 წლის თაკო ჩხარტიშვილმა. ის და კიდევ 2 სტუდენტი იმავე უნივერსიტეტში ამჟამად ჩინურ ენას სწავლობენ. ჯერ ცოტა დროა გასული მას შემდეგ, რაც თაკო ჩხარტიშვილი ჩინეთში ჩამოიდა, თუმცა უკვე იცის, რომ ენის შესწავლის შემდეგ, მაგისტრატურაში საერთაშორისო უსაფრთხოების ან ჩრდილო აღმოსავლეთ რეგიონის მცოდნეობის შესწავლა სურს. მას გარემო და ხალხი ძალიან მოსწონს.

"სტიპენდია, რომელიც მაქვს, სრულიად საკმარისია. თუ ინგლისურიც იცი, შეძლებ სწავლის პარალელურად ბევრ ადგილზე იმუშაო", - ამბობს Allnews.ge-სთან თაკო ჩხარტიშვილი.

ამ ეტაპზე ჩინეთში მყოფ ქართველ სტუდენტებს უჭირთ იმაზე საუბარი, თუ რომელ ქვეყანას უკავშირდება მათი სამომავლო გეგმები. ლილია დავითაშვილი, რომელსაც ქართველ სტუდენტებს შორის ჩინეთში ცხოვრების უფრო დიდი გამოცდილება აქვს, ამბობს, რომ შეიძლება საქართველოში დაბრუნდეს, თუმცა ჩინეთშიც სიამოვნებით იცხოვრებდა.

ნათია რუხაძე

myquiz