რატომ იხდიან უცხოელი სტუდენტები ადგილობრივებთან შედარებით ათასობით მეტ ლარს? | Allnews.Ge

რატომ იხდიან უცხოელი სტუდენტები ადგილობრივებთან შედარებით ათასობით მეტ ლარს?

უკვე წლებია, საქართველოში განათლებას ათასობით უცხოელი სტუდენტი იღებს, განსაკუთრებით ბევრ მათგანს კი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ძირითადად, მედიცინის ფაკულტეტზე შეხვდებით.

სამედიცინო უნივერსიტეტის ინფორმაციით, მხოლოდ წელს 60 ქვეყნიდან ჩამოსული უცხოელი სტუდენტების რაოდენობა 2 000-ზე მეტია, მოთხოვნა კი უცხოელების მხრიდან კიდევ უფრო მზარდია. საინტერესოა ის ფაქტი, რომ უცხოელები საქართველოში განათლების მისაღებად გაცილებით უფრო მეტს იხდიან, ვიდრე ადგილობრივი სტუდენტები. Allnews.ge დაინტერესდა, თუ რამდენია მათთვის სწავლის გადასახადი და ძირითადად რომელ ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში შეინიშნება უცხოელი სტუდენტების სიმრავლე.

როგორც გავარკვიეთ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე უცხოელებისთვის სწავლის საფასური 7 000 აშშ დოლარია, რუსულენოვანი პროგრამა კი წელიწადში 4 000 აშშ დოლარია. თუ უცხოელი სტუდენტი, ქართულენოვან პროგრამაზე სწავლას გადაწყვეტს, ამ შემთხვევაშიც წელიწადში 4 000 აშშ დოლარს გადაიხდის. ამავე საფასურს იხდიან უცხოელი სტუდენტები სტომატოლოგიის ფაკულტეტზე, ხოლო ფარმაციის ფაკულტეტზე სწავლა წელიწადში 6 000 აშშ დოლარი ღირს.

პოლონელი სტუდენტების მიერ უფლისციხეში ნამღერი ადელის სიმღერა

სწავლისა და დასაქმების განსაკუთრებული შესაძლებლობა სტუდენტებისთვის

როგორ ეხმარებიან უნივერსიტეტები საკუთარ სტუდენტებს დასაქმებაში

უცხოელებისთვის 4 000$-დან 7 000$-მდე მერყეობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტისა და სამაგისტრო პროგრამის საფასური. ასევე 4 000$ ღირს ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი.

უცხოელი სტუდენტებისთვის ყველაზე ძვირი დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამაა, რომელზე სწავლის საფასურიც 12 000 აშშ დოლარს შეადგენს.

არანაკლებს იხდიან უცხოელი სტუდენტები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სამედიცინო უნივერსიტეტის მსგავსად თსუ-შიც პროგრამებს განსხვავებული ფასები აქვს უცხოელებისთვის. მაგალითად, მედიცინა 4 500 დოლარის ექვივალენტი ლარში ღირს.

ყველაზე იაფი ამ სასწავლებელში კავკასიოლოგიაა, რაშიც უცხოელი სტუდენტი, ისევე როგორც ადგილობრივი მხოლოდ 2250 ლარს იხდის.

ცნობისთვის, 2016 წელს თსუ-ს პროგრამებზე სწავლისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა 1 868 060,00 ლარი გადაიხადეს.

რაც შეეხება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, ამ სასწავლებელს რამდენიმე უცხოენოვანი პროგრამა აქვს, მათ შორის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად მომზადებული პროგრამა. ილიას უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა წელიწადში 3 000 აშშ დოლარი ღირს, ხოლო სამაგისტრო პროგრამა 3 500$.

სან დიეგოსა და ილიას უნივერსიტეტების საბაკალავრო პროგრამები ელექტრო და კომპიუტერულ ინჟინერიაში კი 13 500$ ღირს. გარდა ამისა, სტუდენტებს დაფინანსების მოპოვებაც შეუძლიათ.

უცხოეთის მოქალაქეები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტშიც სწავლობენ, სადაც უცხოელები სხვა უნივერსიტეტებთან შედარებით ნაკლებს იხდიან. ადმინისტრაციის განმარტებით, ქართულენოვანი საბაკალავრო პროგრამების ღირებულება უცხოელებისთვის 3 000 ლარია, ხოლო სამაგისტროსი, 3 500 ლარი.

თუ უცხოელი სტუდენტი რუსულ ენაზე გადაწყვეტს სწავლას, მან საბაკალავრო პროგრამაში 3 500 ლარი უნდა გადაიხადოს, ხოლო სამაგისტროში, 4 000 ლარი.

შედარებით ძვირია ინგლისურენოვანი პროგრამა. კერძოდ, საბაკალავრო პროგრამების ღირებულება უცხოელებისთვის 4 500 ლარია, ხოლო სამაგისტროსი 5 500 ლარი.

უცხოელი სტუდენტების ჩარიცხვა გასაუბრების ან შიდა ტესტირების საფუძველზე ხდება. თუ მათ დაფინანსების მოპოვება სურთ, ერთიანი ეროვნული გამოცდები უნდა ჩააბარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ უფრო მეტის გადახდა მოუწევთ, ვიდრე იმათ, ვინც უმაღლეს სასწავლებელში ეროვნული გამოცდებით ხვდებიან.

myquiz