პირველკლასელთა მშობლების საყურადღებოდ - ფსიქოლოგის რჩევები | Allnews.Ge

პირველკლასელთა მშობლების საყურადღებოდ - ფსიქოლოგის რჩევები

ლაღი დასვენებისა და ხალისიანი შვებულების შემდეგ მშობლებს ისევ საზრუნავი ატყდებათ თავს. ახალი სასწავლო წლის დაწყებას ყოველთვის ახლავს თან მღელვარება, მით უფრო - თუ პატარა პირველად მიდის სკოლაში. ეს განსაკუთრებული მოვლენაა არა მხოლოდ ბავშვისთვის, არამედ მთელი ოჯახისთვის. მშობლები ბავშვებზე მეტად ღელავენ: რომელ სკოლაში აჯობებს შვილის მიყვანა, როგორ შეეგუება ის ახალ გარემოს, თანაკლასელებს, პედაგოგებს, როგორ მოერგება სასწავლო პროცესს, როგორ ისწავლის? მღელვარება და წუხილი ათმაგდება, როდესაც "დიდი იმედები" ინგრევა, მომავალი, ლამაზ ფერებად რომ გვესახებოდა, ხუნდება, ყველაფერი ისე არ გამოდის, როგორც უფროსებს ეგონათ და სურდათ... ამ საკითხებზე გვესაუბრება და მათ მოსაგვარებლად პრაქტიკულ რჩევებს გვაძლევს ჟურნალისტი და ფსიქოლოგი ნანა კალანდაძე.

- ქალბატონო ნანა, თქვენ ფსიქოლოგი ბრძანდებით, თავის დროზე საქართველოს განათლების სამინისტროს გამოყენებითი ფსიქოლოგიის ცენტრშიც მუშაობდით, ამიტომ, ბუნებრივია, კარგად იცნობთ იმ პრობლემებს, რომლებიც სკოლისა და ბავშვის ურთიერთობას, საზოგადოდ, სასწავლო პროცესს ახლავს თან. ყველაზე ხშირად რა სირთულეები იჩენს თავს ბავშვის სკოლაში მისვლის დროს და რატომ?

- ბავშვის სკოლაში მისვლა, უდავოდ, ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი და საპასუხისმგებლო მომენტია ოჯახის ცხოვრებაში. ამ დროს მშობლები უფრო მეტად ღელავენ - მათ ხომ ყველაზე უკეთ მოეხსენებათ, რა რთული გზის გავლა ელის მათ პატარას. ნეიროფსიქოლოგების აზრით, სკოლაში ბავშვის ქცევა და აკადემიური მოსწრება მისი ტვინის მუშაობას ეფუძნება.

ამრიგად, ყველა ის სირთულე, რომელსაც პედაგოგები ხშირად სიზარმაცეს ან უდისციპლინობას მიაწერენ, იმის ბრალია, რომ ტვინის განსაზღვრული უბნები ვერ უმკლავდება ბავშვისთვის წაყენებულ მოთხოვნებსა თუ დატვირთვას. მიზეზი მრავალია. უმეტესად ბრალი მიუძღვის ფუნქციურ დარღვევებს, ტვინის ზოგიერთი ზონის არასაკმარის განვითარებას. მეორე მიზეზი ტვინის დაავადებით ან თავის ქალის ტრავმით გამოწვეული ორგანული დაზიანებები გახლავთ, თუმცა ასეთი ბავშვები, როგორც წესი, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და მათთან სპეციალისტები მუშაობენ.

უნდა ითქვას, რომ ტვინის პრობლემებს აღრმავებს სწავლების თანამედროვე, დაჩქარებული რიტმი. ნეგატიურ როლს ასრულებს მშობლების ფაქტორიც - პატივმოყვარეობისა თუ ზღვარგადასული შფოთვის გამო ბავშვს ხშირად დამატებით მეცადინეობას აიძულებენ, ჭარბ დატვირთვას კი ნერვული სისტემის გადაძაბვამდე მივყავართ.

- რა პრობლემას აწყდებით ყველაზე ხშირად სასკოლო ცხოვრებაში, რას უჩივიან ყველაზე ხშირად მშობლები?

- ბავშვების ნაწილი მერყევი, არამდგრადი ყურადღებით გამოირჩევა. ზოგიერთი მათგანი სწრაფად იღლება, იოლად ეცვლება გუნება-განწყობა, ხშირად ჭირვეულობს, გაღიზიანებულია, დიდხანს ვერ ახერხებს ჩაძინებას. თუ ასეთი ბავშვების ანამნეზს გულისყურით შევისწავლით, ადრეული ასაკიდანვე აღმოვაჩენთ ძილისა და მადის პრობლემებს, ალერგიული რეაქციებისადმი მიდრეკილებას, იმუნიტეტის დაქვეითებას.

სკოლაში ეს ბავშვები მხოლოდ პირველ ორ გაკვეთილს უძლებენ, მერე კი მათი შრომისუნარიანობა მკვეთრად ეცემა. რვეულებში ჩნდება `სულელური შეცდომები. ბავშვი ვერ იმახსოვრებს დავალებას, რომელიც ეს-ეს არის მისცეს, ხშირად ინერტულია, დაფასთან იბნევა, ისე გამოიყურება, თითქოს გაკვეთილს არც კი ესწრებოდა, რვეულში ჩნდება უსუფთაო და უწესრიგო ნაწერები. არც მშობლების მხარდაჭერას მოაქვს შედეგი, რის გამოც მშობლების აღშფოთება და წუხილი პიკს აღწევს.

- რისი ბრალია ეს?

- საქმე ის არის, რომ ბავშვის ტვინში ყველაზე ადრე ყალიბდება სიღრმისეული განყოფილებები, ე.წ. ქერქქვეშა და ღეროვანი სტრუქტურები, რომლებიც ბავშვის დაბადების მომენტისთვის, თეორიულად, თითქმის სრულ მზადყოფნაში უნდა იყოს. ეს განყოფილებები უზრუნველყოფს ტვინის ქერქის ენერგეტიკულ ტონუსს (მაშასადამე, ხელსაყრელ ფონს ქმნის თავის ტვინის მუშაობისთვის) და ხელს უწყობს ორგანიზმის ყველა სისტემის რიტმულ მუშაობას. ორსულობის არასასურველი მიმდინარეობა, რთული მშობიარობა, ჩვილ ასაკში გადატანილი დაავადებები, პირველ რიგში, თავის ტვინის სიღრმისეულ განყოფილებებს ვნებს, ამიტომ მათ მუშაობაში სხვადასხვა სახის დარღვევისას შეიძლება აღმოვაჩინოთ ე. წ. დამჯდარი ელემენტის სინდრომი. კუნთოვანი ტონუსის დაქვეითება, ზოგადი სისუსტე და ზემოთ ჩამოთვლილი ყველა სიმპტომი ამ სინდრომის ნაწილებია.

იხილეთ სრულად

myquiz