ბავშვები, რომლებიც წელს პირველ კლასში ვერ წავიდნენ | Allnews.Ge

ბავშვები, რომლებიც წელს პირველ კლასში ვერ წავიდნენ

მარიამს 6 წელი 19 სექტემბერს უსრულდება, რის გამოც ის დღეს სკოლაში ვერ მიდის. კანონის თანახმად, პირველ კლასში დარეგისტრირება მხოლოდ იმ ბავშვებს შეუძლიათ, რომელთაც სასწავლო წლის დაწყებამდე, კერძოდ, 16 სექტემბრამდე შეუსრულდა სასკოლო ასაკი, ანუ 6 წელი.

მარიამის მშობლებმა ბავშვის დარეგისტრირება კერძო სკოლებშიც სცადეს, თუმცა, ამაოდ.

"იქედან გამომდინარე, რომ საჯარო სკოლაში რეგისტრაცია ვერ გავიარეთ, რამდენიმე კერძო სკოლას მივმართეთ, მაგრამ სამწუხაროდ მიღებაზე იქაც უარი განგვიცხადეს. ბავშვმა კითხვა და რიცხვების მიმატება-გამოკლება იცის. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვურჩევდი, სექტემბრის ჩათვლით დაბადებული ბავშვებისთვის მიღებაზე უარი არ ეთქვა", - ამბობს მარიამის მშობელი, ხატია შამუგია.

მსგავსი პრობლემა აქვს მათეს მშობელსაც. მათე 6 წლის 4 ოქტომბერს ხდება, შესაბამისად, ორი კვირის გამო მისი სკოლაში მიყვანა ვერ მოხერხდა. მათეს დედის, ნინო მერებაშვილის თქმით, ოჯახი კანონს დაემორჩილა, მაგრამ ძალიან უნდოდათ, რომ ორი კვირის გამო, ბავშვს ერთი წელი არ დაეკარგა.

"ფაქტობრივად, ორი კვირის გამო ბავშვი სახლში რჩება. ლუკა ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად, ყველანაირად მზად არის, რომ პირველკლასელი იყოს, მაგრამ მისი მიყვანა ვერ მოვახერხეთ. ადრე ვრცელდებოდა ასეთი მოსაზრება, რომლის მიხედვით უნდა ყოფილიყო ბაღებში ფსიქოლოგი, რომელიც განსაზღვრავდა ბავშვი უნდა მისულიყო სკოლაში თუ არა. ჩემი აზრით, ეს ძალიან კარგი ვარიანტი იქნებოდა.ზოგადად, ბავშვის სკოლაში ადრე შეყვანა სწორი არ არის, მაგრამ როცა ორ კვირაში ხდება 6 წლის და ამის გამო სახლში რჩება ერთი წელი, კარგი არ არის," - განმარტავს ნინო.

მარიამის და მათეს მსგავსი პრობლემა კიდევ არაერთ ბავშვს აქვს. იმ ბავშვების მშობლები, რომელთა შვილებიც 6 წლის სექტემბრის მეორე ნახევარში ან ოქტომბრის დასაწყისში ხდებიან, მოქმედ კანონს აპროტესტებენ და ითხოვენ, რომ მსგავს შემთხვევებზე გამონაკლისი დაიშვას.

როგორ უნდა მოიქცნენ მარიამის და სხვა მსგავსი პრობლემის მქონე ბავშვების მშობლები ასეთ შემთხვევაში? ამ კითხვაზე პასუხი არავის აქვს. ხოლო თუ რამდენად უშლის ხელს ბავშვის განვითარებას ის ფაქტორი, რომ ისინი პირველ კლასში 7 წლის ასაკში შევლენ, ამაზე მშობლებს რჩევებს დავითიანის ფსიქოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი, ნინო კერესელიძე აძლევს.

ფსიქოლოგის აზრით, განათლების სამინისტრომ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს თითოეული ბავშვის არამხოლოდ ასაკი, არამედ მათი ინდივიდუალური შესაძლებლობები, - "მესმის რომ ეს შრომატევადი იქნება, მაგრამ აუცილებელად უნდა იყოს თითოეული ბავშვი გათვალისწინებული კანონში და არა ერთად და მასობრივად".

კითხვაზე, თუ რა გავლენას მოახდენს დაწყებით კლასში განსხვავებული ასაკის მქონე ბავშვები ერთმანეთის გონებრივ განვითარებაზე, ნინო კერესელიძე შიშობს, რომ ამ შემთხვევაში შესაძლებელია ბავშვებში "ბულინგის" შემთხვევები განვითარდეს, გამოსავალი კი ამ შემთხვევაში ჯგუფების კატეგორიებად დაყოფაა:

"ამ შემთხვევაში ჯობს, რომ ჯგუფები კატეგორიებად იყოს დაყოფილი. ერთნაირი გონებრივი შესაძლებლობების მქონე ბავშვები ერთ ჯგუფში მოვათავსოთ. ვფიქრობ, რომ ასაკობრივი ცვლილება გონებრივ განვითარებაზე მეტ-ნაკლებად აისახება. თუმცა, ჩემი აზრით, აქ უფრო მეტი რისკია "ბულინგის" შემთხვევის... შენ პატარა ხარ? შენ დაჯექი? და ა.შ".

კანონი, რომლის მიხედვითაც, ბავშვი პირველ კლასში ვერ დარეგისტრირდება თუ 6 წლის 16 სექტემბრამდე არ შესრულდება, დაახლოებით სამი წლის წინ მიიღეს. მას შემდეგ იყო დიდი პროტესტი, თუმცა, მიუხედავად ამისა, განათლების სამინისტრო მოქმედ კანონმდებლობაში რაიმე ცვლილებას არ გეგმავს.

ნათია ჩაშინი

myquiz