განათლების ექსპერტების გაფრთხილება უმაღლეს სასწავლებლებთან დაკავშირებით | Allnews.Ge

განათლების ექსპერტების გაფრთხილება უმაღლეს სასწავლებლებთან დაკავშირებით

უმაღლესმა სასწავლებლებმა წელს ჩარიცხულთა სია უკვე გამოაქვეყნეს. წელს, სტუდენტი 28 053 აბიტურიენტი გახდა. ხოლო იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები ვერ ჩააბარეს, რამდენიმე უცხოური უნივერსიტეტის ქართული ფილიალი უგამოცდოდ მიღებას სთავაზობს. მსგავსი სასწავლებლები აბიტურიენტებს არწმუნებენ, რომ ჩარიცხვის შემდეგ ნებისმიერ ქართულ უნივერსიტეტში გადასვლა შეეძლებათ.

უნივერსიტეტებთან დაკავშირებით, რომლებიც აბიტურიენტებს გამოცდებისთვის გვერდის ავლით ჩარიცხვას სთავაზობენ, გაფრთხილება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ რამდენიმე კვირის წინ გაავრცელა. უწყება აბიტურიენტებს ურჩევს, საგანმანათლებლო დაწესებულების არჩევამდე შეამოწმონ, წარმოადგენს თუ არა დაწესებულება ავტორიზებულ სუბიექტს.

განათლების სამინისტრო აბიტურიენტებს აფრთხილებს

რომელია ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებები აბიტურიენტებს შორის წელს?

იმ საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან ავტორიზაცია მინიჭებული არ აქვს, ქვეყნის სტანდარტებისთვის შესაბამისი დიპლომის გაცემა არ შეუძლია.

მსგავსი უნივერსიტეტების ფუნქციონირებასა და მათ მიერ სარეკლამო კამპანიის ჩატარებაში საფრთხეებს ხედავენ განათლების ექსპერტები. სიმონ ჯანაშიას თქმით, საქართველოში მსგავსი ფილიალების გახსნა განათლების სისტემის პრობლემურობას უკავშირდება:

"კერძოდ, ჩვენი განათლების სისტემა იმდენად მოუქნელი და გაუგებარია, რომ უნივერსიტეტებს საშუალებას არ აძლევს, თავად აირჩიონ, ვისი მიღება სურთ და ვისი არა. ასე რომ ყოფილიყო, სტუდენტები უგამოცდოდ ჩაბარების შეთავაზებას არ მიიღებდნენ და სწორედ იქ ჩაირიცხებოდნენ, სადაც თავად სურთ, რადგან ასეთ უნივერსიტეტებში ადგილი ბევრია, მსურველი კი ცოტა, მხოლოდ და მხოლოდ მაღალი ბარიერების გამო. სისტემა ასეთი უაზრო რეგულაციებისგან თავისუფალი და უნივერსიტეტების განვითარებაზე ორიენტირებული რომ იყოს, მაშინ საერთოდ არ იქნებოდა ასეთი ხრიკების გამოგონება საჭირო", - ამბობს განათლების სპეციალისტი.

რაც შეეხება იმ საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის რეგულაციების დაწესებას, რომლებიც აბიტურიენტებს უგამოცდოდ იღებენ, სიმონ ჯანაშია აღნიშნავს, რომ ეს პრობლემას ვერ აღმოფხვრის, მეტიც მაღალი სტანდარტების მქონე საერთაშორისო უნივერსიტეტებს საქართველოში შემოსვლას გაურთულებს, – "რატომ ხდება, რომ ძირითადად, ასეთი უცხოური უნივერსიტეტები არიან ჩვენს ქვეყანაში მომრავლებულები?! ეს იმის მანიშნებელია, რომ განათლების სისტემა უმაღლეს სასწავლებლებს სტუდენტების შერჩევის თავისუფლებას არ აძლევს. გამოცდებისთვის თავის არიდების სხვადასხვა ხრიკი კი პოპულარული იქამდე იქნება, სანამ ასეთი განათლების სისტემა იარსებებს," – აღნიშნავს სიმონ ჯანაშია.

მსგავსი ტიპის უნივერსიტეტების არსებობაში სისტემურ პრობლემას ხედავს განათლების ექსპერტი, მანანა ნიკოლაიშვილიც. მისი თქმით, ჩვენს ქვეყანას არ აქვს იმხელა რესურსი, რომ ამდენი უნივერსიტეტი ფუნქციონირებდეს.

"ჩვენ მიერ მიღებული სტანდარტები უნივერსიტეტების ავტორიზაციასთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა შესრულდეს, რის შემდეგაც, მსგავს და სხვა დაწესებული კრიტერიუმებისთვის შეუსაბამო საგანმანათლებლო დაწესებულებას ფუნქციონირების საშუალება არ ექნება. ფუქნციონირებისთვის უნივერსიტეტეს სახელმწიფოს მხრიდან ავტორიზაცია უნდა ჰქონდეს მინიჭებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის დიპლომს ფასი არ აქვს, და არ განსხვავდება, მას სახლში დაბეჭდავთ თუ ამ სასწავლებელში მოგცემენ," – განმარტავს მანანა ნიკოლაიშვილი.

სპეციალისტი მშობლებსა და აბიტურიენტებს აფრთხილებს, რომ დროსა და ფინანსურ რესურსებს ნუ გაფლანგავენ და კარგად დაფიქრდნენ, სანამ ამ უნივერსიტეტებში დაიწყებენ სწავლას, – "მე არ ვიცი, დარჩა თუ არა მშობელი ან აბიტურიენტი, რომელმაც ამის შესახებ არ იცის, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ თუ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ დიპლომს არ ფლობთ, მაშინ მას არცერთ სამსახურში არ გიღიარებენ," – დასძენს ის.

სპეციალისტს შენიშვნები აღნიშნული უნივერსიტეტების განათლების ხარისხთანაც აქვს. მისი ვარაუდით, აღნიშნული ტიპის უნივერსიტეტების საგანმანათლებლო პროგრამები ეჭვს იწვევს.

უნივერსიტეტები, რომლებიც აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე იღებენ, სასწავლო წელს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად იწყებენ. დაუწესებს თუ არა მათ სახელმწიფო რაიმე ტიპის შეზღუდვას და რა ბედი ეწევათ მათ სტუდენტებს, უცნობია. ჯერჯერობით განათლების სამინისტრო მსგავსი ტიპის სასწავლებლებთან დაკავშირებით მხოლოდ აბიტურიენტების გაფრთხილებით შემოიფარგლა.

 

myquiz