ვინ არის კომაროვის სკოლის კურსდამთავრებული, რომელსაც მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტი სწავლას 300 000 დოლარით დაუფინანსებს | Allnews.Ge

ვინ არის კომაროვის სკოლის კურსდამთავრებული, რომელსაც მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტი სწავლას 300 000 დოლარით დაუფინანსებს

კომაროვის სკოლის კურსდამთავრებული, ნიკოლოზ ბირკაძე მსოფლიოს წამყვანმა უნივერსიტეტმა, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა (MIT) სწავლის სრული დაფინანსებით მიიღო.

19 წლის ბირკაძე ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის ყველა დროის შედეგებით საუკეთესო ათეულის წევრია. ნიკა ამჟამად კომაროვის სკოლის მათემატიკის წრის მასწავლებელია და თავის უზარმაზარ გამოცდილებას ახალ თაობას უზიარებს.

  სკოლაში სწავლის პერიოდში ბირკაძემ არნახული შედეგები აჩვენა საერთაშორისო ოლიმპიადებსა და ტურნირებზე, მათ შორის:

ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ოქროს 3 და ვერცხლის 1 მედალი აიღო - ნიკა ბირკაძეზე მეტი ოქროს მედალი მხოლოდ 5 მოსწავლეს აქვს აღებული. მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ოქროს 1, ვერცხლის 2 და ბრინჯაოს 1 მედალი მიიღო. აღსანიშნავია, რომ ნიკაზე უკეთესი შედეგი მათემატიკის 61-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე, 2020 წელს მხოლოდ სამმა მოსწავლემ აჩვენა. სამივე მათგანი ჩინეთის ეროვნული ნაკრების წევრი იყო.

ბირკაძემ საუკეთესო შედეგები აჩვენა ასევე ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადაზე, სადაც ოქროს 1 მედალი ინფორმატიკაში, ხოლო ოქროს 1 მედალი მათემატიკაში მოიპოვა. სრულიად ევროპის ახალგაზრდულ (junior) ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში: ოქროს 1 მედალი და აბსოლუტური პირველი ადგილი მიიღო. ქართველი მოსწავლე ოქროს მედლის მფლობელი გახდა ცენტრალური ევროპის ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში. რუმინეთის მასტერსზე მათემატიკაში: ვერცხლის 1 მედალი, ბრინჯაოს 1 მედალი მოიპოვა. პედაგოგთა და ოლიმპიელ რეზერვთა მწვრთნელების მე-3 საერთაშორისო კონკურსზე კი ვერცხლის მედალი მიიღო.   რაც შეეხება მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტს (Massachusetts Institute of Technology, აკრ. MIT) - ის მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ინსტიტუტია მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში, რომელიც აშშ-ში, მასაჩუსეტსში, ქალაქ კემბრიჯში მდებარეობს. მასაჩუსეტსის ინსტიტუტი თითქმის ყველა რეიტინგის პირველ ათეულშია. MIT-ის სწავლის გადასახადი ჯამში 300 000 დოლარამდე აღწევს.

2021 წელს, ისევე როგორც მრავალი წლის განმავლობაში MIT საუკეთესო უნივერსიტეტად დასახელდა და პირველი ადგილი დაიკავა QS World University Rankings-ში.

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის კურსდამთავრებულების მიერ დაარსებული კომპანიების საერთო შემოსავალი რომ შეიკრიბოს, ის სიმდიდრით მსოფლიოში მეთერთმეტე ადგილზე იქნებოდა.  

myquiz