პროგრამიტს, რომელსაც 240 მილიონი დოლარის ბიტკოინები აქვს, ელექტრონული საფულის პაროლი დაავიწყდა | Allnews.Ge

პროგრამიტს, რომელსაც 240 მილიონი დოლარის ბიტკოინები აქვს, ელექტრონული საფულის პაროლი დაავიწყდა

ამერიკელ პროგრამისტს, სტეფან ტომასს დაავიწყდა იმ ელექტრონული საფულის პაროლი, სადაც 240 მილიონი დოლარის ბიტკოინები აქვს შენახული. პაროლის ჩასაწერად ახლა ტომასს მხოლოდ ორი მცდელობა აქვს დარჩენილი.

აღნიშნულის შესახებ თავდაპირველად "ნიუ იორკ თაიმსმა დაწერა" და ამბავი ინტერნეტსივრცეს ელვის სისწრაფით მოედო, სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა და ამერიკელებს ტრამპთან დაკავშირებული ვნებათაღელვა ცოტა ხნით მაინც დაავიწყა.

ტომასს სოცქსელებში უამრავი მრჩეველი გამოუჩნდა, თუ როგორ უნდა აღადგინოს პაროლი, თუმცა ყველანაირი მცდელობა ჯერჯერობით უშედეგოა. სან ფრანცისკოელ პროგრამისტს 7 002 ბიტკოინი 2011 წელს ერთ-ერთმა ინტერნეტმომხმარებელმა მას შემდეგ აჩუქა, რაც ტომასის მიერ მომზადებულ ვიდეოს უყურა, სადაც ის განმარტავდა, თუ რა იყო კრიპტოვალუტა. იმ პერიოდში 1 ბიტკოინის ფასი ერთი დოლარი იყო.

ბიტკოინები პროგრამისტმა ციფრულ საფულეში, მყარ დისკზე შეინახა, პაროლი კი ფურცელზე დაწერა, რომელიც დაკარგა. სწორი პაროლის ჩასაწერად მას 10 მცდელობის უფლება აქვს და თუ ათივე წარუმატებელი იქნება, საფულის გახსნა შეუძლებელი გახდება და იქ ყველა ინფორმაცია წაიშლება. ამ დროისთვის პროგრამისტს 2 მცდელობა აქვს დარჩენილი.

სტეფან ტომასი ამბობს, რომ ჯერჯერობით არ გამოიყენებს დარჩენილ ორ მცდელობას. მას იმედი აქვს, რომ პროგრამისტები ერთობლივად პაროლის აღდგენისა და მისი საფულის უსაფრთხოდ გახსნის რაიმე მეთოდს მიაგნებენ.

ცნობისთვის, ბოლო წლების განმავლობაში აღნიშნული კრიპტოვალუტის ფასი მკვეთრად გაიზარდა და ამჟამად ერთი ბიტკოინის ღირებულება 34 000 დოლარია, თუმცა კრიპტოვალუტა მაინც არასტაბილურად ითვლება. ექსპერტები ვერ პროგნოზირებენ - კვლავ გაიზრდება, თუ დაეცემა მისი ღირებულება.