ვინ არიან და რა ქონებას ფლობენ ბიზნესმენები, რომლებიც "პატრიოტთა ალიანსის" სიით პარლამენტში შევიდნენ | Allnews.Ge

ვინ არიან და რა ქონებას ფლობენ ბიზნესმენები, რომლებიც "პატრიოტთა ალიანსის" სიით პარლამენტში შევიდნენ

"პატრიოტთა ალიანსის" საარჩვენო სიის 3 წევრი - ბიზნესმენები: დავით ზილფიმიანი, ფრიდონ ინჯია და გელა მიქაძე, პარტიის მიერ პარლამენტისთვის გამოცხადებული ბოიკოტის მიუხედავად, პარლამენტში შევიდნენ. მათი უფლებამოსილება საკანონმდებლო ორგანომ უკვე სცნო. ამის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიცია უკვე წარმოდგენელია. უმრავლესობა იმედოვნებს, რომ მათ სხვა ოპოზიციური პარტიების წევრებიც მიმართავენ და შესაბამისად, პარლამენტს ერთპარტიულობის სტატუსი მოეხსნება. ცნობისათვის: "პატრიოტთა ალიანსის" სიით გასულ დეპუტატებს პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილება 4 იანვარს, შეუწყვიტა. კერძოდ, მანდატები გაუუქმდა პარტიის სამ წევრს - ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს, ხოლო გელა მიქაძემ, ფრიდონ ინჯიამ და დავით ზილფიმიანმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ადგილმონაცვლეობის შესახებ მიმართეს. სწორედ ამ ადგილმონაცვლეობის პრინციპით მოხვდნენ ისინი პარლამენტში. პარლამენტში ასევე შევიდა "პატრიოტთა" სიის კიდევ ერთი წევრი ავთანდილ ენუქიძე.

გთავაზობთ ოპოზიციური ერთობის წინააღმდეგ წასული სამი ბიზნესმენის დოსიეს, რომელთა შორის ორი მილიონერია:

  • გელა მიქაძე

გელა მიქაძე დაიბადა 1971 წლის 30 იანვარს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიური, იურიდიული და დასავლეთ ევროპის ენებისა და ინგლისური ენის ლიტერატურის ფაკულტეტები. 1993-2001 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატენტო-სალიცენზიო განყოფილების ინჟინერი. 2007 წელს დააფუძნა შპს "მიქაძე, გეგეჭკორი, თაქთაქიშვილი“. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“. არის საქართველოს გოლფის ფედერაციის პრეზიდენტი.

გელა მიქაძე მილიონერთა სიაშია.

  • რას ვკითხულობთ მის ქონებრივ დეკლარაციაში?

გელა მიქაძის ქონება, 2019 წლის 31 დეკემბერს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, საკმაოდ თვალისმომჭრელად გამოიყურება. ფაქტია, რომ მილიონერი დეპუტატი უზარმაზარი ქონების პატრონია, თუმცა მისი დეკლარაცია ამის სრულ წარმოდგენას მაინც არ იძლევა, ვინაიდან მასში შეტანილი არ არის მონაცემები უძრავი ქონების შესახებ, მაგ. საცხოვრებელი ბინები და აგარაკები. თუმცა ჩამოთვლილია ის საბანკო ანგარიშები და კომპანიები, რომლის მფლობელიც, ან თანამფლობელიც მიქაძეა. ასე მაგალითად, მიქაძისა და მისი მეუღლის საბანკო ანგარიშებზე, რომელიც გახსნილია TBC და “საქართველოს ბანკში”, შთამბეჭდავი თანხებია.

როგორც აღმოჩნდა, გელა მიქაძე უამრავი კომპანიის მფლობელი და მეწილეა და ესენია: შპს ჰენკელ&ბეიკერ (არაბეთის გაერთიანებული საამიროები), შპს “რაკ კერამიკს ჰოლდინგ” (საქართველო), შპს “ქართულ-რუსული სავაჭრო სახლი” (საქართველო), შპს “პრაიმ კონსტრაქშენი” (საქართველო), შპს “ევრაზიის საპატენტო ჯგუფი” (საქართველო), შპს “კოკეიჟან ინვესტმენტ ელაიენსი” (საქართველო), შპს “ალუმინიუმ ჯორჯია”, შპს “ბესტფორდ დეველოპმენტ ელ-ელ-ფი” (დიდი ბრიტანეთი), შპს “მენლაინ პროჯექთს ელელ-ფი” (დიდი ბრიტანეთი) და ა.შ. იხილეთ დეკლარაცია სრულად

აღასანიშნავია, რომ მისი სახელი ერთ გახმაურებულ სს საქმეს და ე.წ. თაღლითურ სქემას უკავშირდება, რის გამოც მას არაბთა გაერთიანებულ ემირატებში დაუსწრებლად 15 წლით პატიმრობაც აქვს მისჯილი. "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, პარლამენტარმა და "რაკია ჯორჯიას“ ყოფილმა ხელმძღვანელმა თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმე თაღლითობის გამო წააგო. სასამართლომ გელა მიქაძესთან დაკავშირებული კომპანია "ჯორჯია გოლფ ენდ რეზორტი’’ დაავალდებულა "რაკია ჯორჯიას“ დაუბრუნოს თაღლითური გზით მითვისებული მიწები და დაფაროს შესაბამისი ხარჯები. საქმე ეხება 951 ჰა მიწის ნაკვეთს მუხროვანში, რომელიც მიქაძემ 2007 წელს "რაკია ჯორჯიას“ დირექტორობის პერიოდში კომპანიას მისი ახლო პარტნიორისაგან 27.200.000 ლარად, რეალურ ღირებულებაზე დაახლოებით 10-ჯერ ძვირად აყიდინა, ხოლო პოსტის დატოვებამდე 2012 წლის ივლისში გააფორმა კონტრაქტი ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულ საკუთარ კომპანიასთან და "რაკიას“ კუთვნილი 27 მილიონად ნაყიდი მიწები 2 მილიონად მიჰყიდა საკუთარ თავს და ეს თანხაც კი არ გადაიხადა.

მოგვიანებით კი, თავისი კომპანიის წილების 2/3 თანამზრახველებზე ხატერ მასაადსა და ალ სადექზე მხოლოდ 2 დოლარად გაასხვისა. ეს ადასტურებს, რომ ეს სამი ადამიანი საერთაშორისო თაღლითური სქემით მოქმედებდნენ და მათ წინააღმდეგ საქმე არაერთ ქვეყანაშია აღძრული. ასევე, გელა მიქაძე არაბთა გაერთიანებულ ემირატებში დამნაშავედ ცნეს და 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. მრავალმილიონიან საქმეზე გადაწყვეტილებაში, რომელიც ფოთის პორტის გაყიდვას უკავშირდება, მოსამართლე სამეჰ ჰამედ შეკერი ასკვნის, რომ მიქაძემ, ხატერ მასაადმა და გიორგი ჯანაშიამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს კომპანიის ფინანსურ რესურსსა და ინტერესებს, რომელშიც თავად მუშაობდნენ. მიქაძემ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ემირატების სასამართლოს გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ იგი ბედს სხვა ქვეყნის სასამართლოში სცდიდა. ის შემდეგ საქართველოს სასამართლოშიც გამტყუნდა. აღსანიშნავია, რომ ქართულ მართლმსაჯულებასთან გელა მიქაძეს უკვე ჰქონდა პრობლემები, 2013 წელს იყო დაკავებული, საპროცესო შეთანხმებით დააღწია თავი პატიმრობას და აღიარა დანაშაული“, - ნათქვამია ”რაკია ჯორჯიას” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"პატრიოტთა ალიანსის“ სიის წევრი, დეპუტატი გელა მიქაძე გაერთიანებული საემიროების სასამართლოს მიერ 15-წლიანი პატიმრობის შეფარდებაზე ასეთ კომენტარს აკეთებს: "ამ საემიროს ჰყავს შეიხი, რომელიც თავად არის მოსამართლეც, პროკურორიც და ბრალმდებელიც, შესაბამისად ეს გადაწყვეტილება ერთპიროვნულად იყო გამოტანილი. სასამართლო 7 წლის წინანდელ და ჩემთვის გაურკვეველ ამბავზე მედავება".

მისივე თქმით, ფლობდა კომპანიას, რომელიც 2010 წელს გაყიდა და ამ დრომდე ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ ყოფილა. გელა მიქაძეს გაერთიანებული საემიროების სასამართლომ 17 მილიონის მითვისებისთვის 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

პარლამენტში გელა მიქაძის მოღვაწეობა ერთი ნიშნითაც გამორჩეულია. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" როდესაც პარლამენტის 2018 წლის მუშაობა შეაფასა, ანგარიშში მოხვდა დეპუტატების საქმიანობის შეფასება და აღმოჩნდა, რომ სიტყვით გამოსვლის უფლებით საერთოდ არ უსარგებლია 30 დეპუტატს, რომელთა შორის გელა მიქაძეც იყო.

  • დავით ზილფიმიანი

დავით ზილფიმიანი რადიოფიზიკისა და ელექტრონიკის სპეციალისტია. 1979-2003 წლებში ის მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტში ინჟინრის, ლაბორატორიის გამგის, განყოფილების უფროსისა და სეისმური სამსახურის უფროსის თანამდებობებზე მუშობდა. 2003-2005 წლებში მან, აკადემიკოს ჯუმბერ ლომინაძესთან ერთად, დააფუძნა საქართველოს კოსმოსური კვლევის ცენტრი და იკავებდა ამ ცენტრის დირექტორის მოადგილის თანამდებობას, ხოლო 2003-2004 წლებში დავით ზილფიმიანი იყო საერთაშორისო ორბიტალურ სადგურზე განხორციელებული პროექტის, LAZIO-SIRAD-ს თანაავტორი. 2004-2008 წლებში კი წარმოადგენდა ევროპის კოსმოსური სააგენტოს პროექტის EGLE-ს თანაავტორს.დავით ზილფიმიანი 2011-2013 წლებში NASA-ს "გოდარდის“ ფრენის ცენტრში (მერილენდი, აშშ) პროფესორ პატრიკ ტეილორთან, ახალი დაბალი ორბიტის სატელიტის პროექტზე მუშაობდა. 2014 წლიდან არის საქართველოს კოსმოსური ცენტრის ხელმძღვანელი. 2012 წელს დავით ზილფიმიანმა კომპანია "სტერეო პლუსი“ დააფუძნა, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ტელე და რადიო-მაუწყებლობის ორგანიზება და წარმოება, სამაუწყებლო და საკომუნიკაციო ქსელების შექმნა და ექსპლუატაცია. მას სერიოზული პრობლემები შეექმნა წინა ხელისუფლების პირობებში და წლების განმავლობაში უწევდა საკუთარი ქონებისთვის ბრძოლა.

  • ფრიდონ ინჯია

ფრიდონ ინჯია - პროფესიით ინჟინერია და ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი (სტუ) გახლავთ. რადიოკავშირგაბმულობის საერთაშორისო აკადემიისა და საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი. თბილისის საკრებულოს დეპუტატი, საქართველოს კავშირგაბმულობის ყოფილი მინისტრი 1992–1998 წლებში, მეხუთე მოწვევის პარლამენტის წევრი.1992–1998 წლებში იყო საქართველოს კავშირგაბმულობის მინისტრი. 1998–2000 წლებში სს "ეგრისის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, დირექტორი. ამავდროულად არის კავშირგაბმულობის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი. აკადემიკოსი; საერთაშორისო ინფორმატიზაციის აკადემიის წევრ-კორესპონდენტი; საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტომატური ელექტროკავშირგაბმულობის კათედრის პროფესორი. ფრიდონ ინჯია 2000-2004 წლებში იყო საქართველოს V მოწვევის პარლამენტის წევრი (მარტვილის მაჟორიტარი, საარჩევნო ბლოკი "შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია“). 2003 წლიდან შპს "ახალი ქსელებისა“ და შპს "ფოპტნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 2006 წლიდან საფეხბურთო კლუბ "მერანის“ პრეზიდენტი . 2017–2020 წლებში თბილისის მუნიციპალიტეტის VI მოწვევის საკრებულოს წევრი (პროპორციული წესით, საარჩევნო ბლოკი: "პატრიოტთა ალიანსი“). ეკონომიკური განვითარებისა და საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის წევრი. ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრი. თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

ფრიდონ ინჯიამ გასული წლის მარტში "პატრიოტთა ალიანსს“ 60 000 ლარი შესწირა. მისი "პატრიოტთა ალიანსისთვის“ შემოწირულობები 2014, 2015 და 2016 წლებშიც აქვს გაკეთებული (50, 000 ლარი/ 49, 0000 ლარი/ 94, 000 ლარი). ფრიდონ ინჯია არაერთ კომპანიაში ფლობს წილს. შპს "სისტემ ნეტ“, შპს "ივერია ქსელი“, შპს "ახალი ქსელები“... ჯერ კიდევ 2013 წელს, ფრიდონ ინჯია შეყვანილი იქნა ყველაზე მდიდარი ქართველთა სიაში (100 მილიონის მფლობელი იყო), 7 წლის შემდეგ, ბუნებრივია, მისი ქონება ბევრად მეტს უნდა შეადგენდეს.