იწვევს თუ არა "მოდერნას" ვაქცინა ალერგიას ადამიანებში, ვისაც ფილერი აქვს გაკეთებული? - რას ამბობს კულუმბეგოვი გავრცელებულ ინფორმაციაზე | Allnews.Ge

იწვევს თუ არა "მოდერნას" ვაქცინა ალერგიას ადამიანებში, ვისაც ფილერი აქვს გაკეთებული? - რას ამბობს კულუმბეგოვი გავრცელებულ ინფორმაციაზე

Covid-19 -ის ვაქცინების შექმნას მსოფლიოს მოსახლეობა სიხარულითა იმედით შეხვდა, თუმცა ბოლო პერიოდში, სულ უფრო ხშირად ვრცელდება ინფორმაცია ვაქცინების ალერგიული რეაქციების შესახებ.

ერთ-ერთი უახლესი ინფორმაციით, ადამიანებში, ვისაც ფილერი აქვთ გაკეთებული, "მოდერნას" ვაქცინამ შესაძლოა, მწვავე ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს. ვაქცინის პირველი გვერდითი მოვლენის შესახებ ინფორმაციას "Foxnews"-ი ავრცელებს.

დოქტორი შირლი ჩიმი აცხადებს, რომ იმუნური რეაქცია, რომელსაც ვაქცინა იწვევს, უფრო ძლიერია იმ ადგილებში, სადაც ორგანიზმში არაბუნებრივი ნივთიერებებია.

 

"ასე რომ, ლოგიკურია, რომ იმუნურ პასუხს ნახავდით გარკვეულ ადგილებში, სადაც ისინი ხედავენ რაიმე ნივთიერებას, რომელიც არ არის თქვენს სხეულში ბუნებრივი" – აცხადებს ექიმი.

მისივე განმარტებით, პაციენტებს ჰქონდათ შეშუპება და ანთება იმ მიდამოებში, სადაც გამოყენებული იყო ფილერი.

ვაქცინების გვერდითი, ალერგიული რეაქციების შესახებ კომენტარისთვის ალერგოლოგ ბიძინა კულუმბეგოვს მივმართეთ. AMBEBI.GE-სთან საუბარში ექიმი ამბობს, რომ ამ ეტაპზე გამოვლენილია ალერგიული რეაქციების შემთხვევები, თუმცა ეს განგაშის საფუძველს არ იძლევა.

რაც შეეხება, ფილერისა და "მოდერნას" ვაქცინის ურთიერთმიმართებას, ალერგოლოგი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ამაზე საუბარი ნაადრევია.

"ასეთი ერთეული შემთხვევები გამოვლინდა "ფიზერის" და "მოდერნას" ვაქცინების შემთხვევებში. საგანგაშო არცერთი ყოფილა, რაიმე ტრაგიკული შემთხვევა, გარდაცვალება რომ გამოეწვიოს ან მსგავსი, არ მომხდარა. ალერგიული ადამიანები მეტი სიფრთხილით აიცრებიან, დააკვირდებიან მათ, დატოვებენ კაბინეტში ვაქცინის გაკეთებიდან გარკვეული პერიოდი და რისკები მინიმუმამდე იქნება შემცირებული.

რაც შეეხება ფილერისა და მოდერნას ვაქცინის ურთიერთმიმართებას, ამას მეცნიერული საფუძველი არ გააჩნია. ეს იყო ამერიკულ მედიაში გავრელებული ცნობები, რომელსაც სჭირდება ზუსტი ექსპერტული დასაბუთება. ამიტომ დაველოდოთ, ამ ეტაპზე ამაზე რაიმე კონკრეტულ კომენტარა ვერ გავაკეთებ" - ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი