"სკოლაში მუსიკალური აღზრდაც უნდა შემოვიდეს...ბავშვი, რომელიც ეხება მოცარტისა და ბეთჰოვენის ჰანგებს, არ შეიძლება მომავალში ცუდი ადამიანი იყოს" - ელისო ბოლქვაძე | Allnews.Ge

"სკოლაში მუსიკალური აღზრდაც უნდა შემოვიდეს...ბავშვი, რომელიც ეხება მოცარტისა და ბეთჰოვენის ჰანგებს, არ შეიძლება მომავალში ცუდი ადამიანი იყოს" - ელისო ბოლქვაძე

"ვფიქრობ, სკოლაში მუსიკალური აღზრდაც უნდა შემოვიდეს პროფესიონალურად. შეიძლება უმაღლეს დონეზე არ იყოს ყველა სკოლაში, მაგრამ ბავშვი, რომელიც ეხება მუსიკასა და მოცარტისა და ბეთჰოვენის ჰანგებს, ის არ შეიძლება მომავალში ცუდი ადამიანი იყოს", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ელისო ბოლქვაძემ პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა, სადაც უმრავლესობის წევრები განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატს მიხეილ ჩხენკელს უსმენენ.

ბოლქვაძე მიხეილ ჩხენკელისგან დაინტერესდა, რა გეგმა აქვს სამინისტროს სკოლაში მუსიკალური განათლების დანერგვის კუთხით.

"თუ არის რაიმე ბერკეტი ან გათვალისწინებული, ან ნაფიქრი ან თუ შეიძლება რომ ვიფიქროთ სკოლაში მუსიკალური განათლების შეტანის კუთხით. საქართველოში არის ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდობა, განსაკუთრებით, მუსიკის მიმართულებით. საფორტეპიანო დარგში რესურსები არის ძალიან ბევრი და დაინტერესება. ასევე, მევიოლინეებიც არიან და ა.შ. როგორ შეიძლება სკოლებში მუსიკალური განათლების გადახედვა და მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლება? თუ არის ჩანიშნული ეს საკითხი? თუ იცით ამის შესახებ და თუ არის რაიმე ბერკეტები იმისა, რომ ეს გაკეთდეს მაღალ პროფესიულ დონეზე, სწორედ ახალგაზრდებისა და მომავალი თაობისთვის. რადგან მძიმე პრობლემებია როგორც იდეოლოგიური, ასევე პროფესიონალური. ეს აზიანებს ბავშვების კრეატივს, მათი ნიჭის გამოვლენას და თვითგანვითარებას.

მართლაც არის საქართველო ნიჭიერი ადამიანების ქვეყანა. როგორც ამბობდნენ სწორედ ფიზიკური აღზრდა უნდა შემოვიდეს სკოლებში და ასევე, მე ვფიქრობ, რომ მუსიკალური აღზრდაც უნდა შემოვიდეს პროფესიონალურად. შეიძლება უმაღლეს დონეზე არ იყოს ყველა სკოლაში, მაგრამ ბავშვი, რომელიც ეხება მუსიკასა და მოცარტისა და ბეთჰოვენის ჰანგებს, ის არ შეიძლება მომავალში ცუდი ადამიანი იყოს", - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.