ადვოკატი ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის ბრალის დამძიმებას კატეგორიულად უარყოფს და სპორტსმენის იმიჯის შელახვის მცდელობაზე საუბრობს | Allnews.Ge

ადვოკატი ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის ბრალის დამძიმებას კატეგორიულად უარყოფს და სპორტსმენის იმიჯის შელახვის მცდელობაზე საუბრობს

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი, ირმა ჭკადუა დეზინფორმაციას უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალი დაუმძიმდა.

როგორც ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პროკურატურაში ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ ბრალი დაზუსტდა და არ დამძიმებულა.

როგორც ირმა ჭკადუა განმარტავს, რადგან გამოძიების პირველ ეტაპზე წაყენებული ბრალის მიხედვით, ნიკოლოზ ბასილაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, დაზუსტებული ბრალის მიხედვით, პატიმრობის ვადა, 2 წლამდე შემცირდა.

ადვოკატის განმარტებით, "ბრალის დამძიმების" შესახებ ინფორმაცია მორიგი სპეკულაცია, რომელიც სპორტსმენის იმიჯის შელახვას ემსახურება.

"ამერიკის ცინცინატის ღია პირველობამდე ორი დღით ადრე, მორიგი ფსიქოლოგიური ზეწოლა მსოფლიოს 27-ე ჩოგანზე.

დღეს მედიასაშუალებებით, ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ მორიგი აბსურდული ინფორმაცია გაავრცელეს ნელი დოროყაშვილის უფლებადამცველებმა, რაზეც გვსურს მცირე განმარტება გავაკეთოთ:

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საუბარი ბასილაშვილის წინააღმდეგ "ბრალის დამძიმების" შესახებ, არის მორიგი სპეკულაცია და ემსახურება სპორტსმენის იმიჯის შელახვას. გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ რეალურად, პროკურატურაში ბასილაშვილის წინააღმდეგ ბრალი დაზუსტდა და არ დამძიმებულა.

რადგან გამოძიების პირველ ეტაპზე წაყენებული ბრალის მიხედვით, ნიკოლოზ ბასილაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, დაზუსტებული ბრალის მიხედვით, ეს პატიმრობის ვადა, 2 წლამდე შემცირდა.

შესაბამისად, გაურკვეველია, რას გულისხმობენ ბრალის დამძიმებაში ნელი დოროყაშვილის ადვოკატები.

რაც შეეხება გენდერული და სხვა ნიშნით ძალადობას, აღნიშნული ბრალდება არის დამყარებული მხოლოდ ერთი ადამიანის - ნელი დოროყაშვილის ჩვენებაზე და არის მისი სუბიექტური შეფასება, რადგან საქმეში არ მოიპოვება არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს ფიზიკური ან მორალური ძალადობის ფაქტს", - აღნიშნავს ჭკადუა.

ორგანიზაციამ "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" , რომელიც ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ინტერესებს იცავს, დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩოგბურთელს ბრალი დაუმძიმდა. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიების მიმდინარეობისას საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით გამოიკვეთა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან მეუღლის, ნელი დოროყაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა გენდერული ნიშნით განხორციელებულ არაერთი ფიზიკური ძალადობის ფაქტს.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.