ერთი შეხედვით 5 ჯანსაღი ჩვევა, რომელმაც შესაძლოა თირკმელები დაგიზიანოთ | Allnews.Ge

ერთი შეხედვით 5 ჯანსაღი ჩვევა, რომელმაც შესაძლოა თირკმელები დაგიზიანოთ

ჰანოის „E“ ჰოსპიტლის უროლოგიისა და ანდროლოგიის განყოფილების ექიმი, ფამ კუანგ ხაი განმარტავს, რომ თირკმელები ორგანიზმში რამდენიმე სასიცოცხლო როლს ასრულებენ, მათ შორის სისხლიდან ტოქსინებისა და ზედმეტი სითხის გაფილტრვას და ელექტროლიტური ბალანსის შენარჩუნებას.

  • ისეთი ცნობილი რისკ-ფაქტორების გარდა, როგორიცაა უმოძრაობა, ალკოჰოლის ჭარბი მიღება, მოწევა და მარილითა თუ შაქრით მდიდარი დიეტა, არსებობს ერთი შეხედვით ჯანსაღი ჩვევებიც, რომლებიც ფარულ საფრთხეებს შეიცავენ.

რისკების შესამცირებლად, ექიმები ასახელებენ რამდენიმე „ჯანსაღ“ ჩვევას, რომლებიც რეალურად აზიანებენ თირკმელებს:

  • 1. საკვები დანამატების (ვიტამინების) გამოყენება

ბევრი ადამიანი იღებს ვიტამინებსა და დანამატებს სამედიცინო რეკომენდაციის გარეშე და მიიჩნევს, რომ ისინი უწყინარია. რეალურად, მათმა ჭარბმა ან არასწორმა გამოყენებამ შესაძლოა ტოქსიკური ეფექტი გამოიწვიოს.

  1. C ვიტამინის მაღალმა დოზებმა შესაძლოა გაზარდოს ოქსალატების დონე და თირკმელებში კენჭების წარმოქმნის რისკი.
  2. E ვიტამინის ჭარბმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა, ნაწლავების ანთება, დაღლილობა და შესაძლოა გაზარდოს კიბოს რისკიც.
  3. B6 ვიტამინის ზედმეტი დოზა გავლენას ახდენს სენსორულ ნერვებზე.
  4. D ვიტამინის გადაჭარბება კი იწვევს სისხლში კალციუმის დონის მატებას, რამაც შესაძლოა თირკმელები და ფილტვები დააზიანოს.
  5. მაღალი რისკის ჯგუფებმა (ხანდაზმულები, ჭარბწონიანები, დიაბეტის, ჰიპერტენზიის, გულ-სისხლძარღვთა ან აუტოიმუნური დაავადებების მქონე პირები, ასევე ქიმიო/სხივური თერაპიის კურსზე მყოფი პაციენტები) აუცილებლად უნდა დაიცვან სამედიცინო მითითებები.

„დანამატების არასწორი მიღება, არსებითად, თირკმელების ნელი თვითმოწამვლაა“, — აცხადებს ექიმი ხაი.

გარდა ამისა, ისეთი გავრცელებული ტკივილგამაყუჩებლების ჭარბი გამოყენება, როგორებიცაა იბუპროფენი და დიკლოფენაკი, ასევე აზიანებს თირკმელებს და იწვევს მათ უკმარისობას.

  • 2. დეტოქსიკაცია წონის კლებისთვის

ბევრი ადამიანი ყოველდღიურად იყენებს დეტოქს-ჩაის ან სასმელებს ორგანიზმის „გასაწმენდად“ და წონის დასაკლებად. თუმცა, ოქსალატებითა და კალიუმით მდიდარი წვენების (მაგალითად: ნიახურის, ფორთოხლის ან გრეიფრუტის) ჭარბმა მოხმარებამ დროთა განმავლობაში შესაძლოა გაზარდოს კენჭების წარმოქმნის რისკი ან გამოიწვიოს ელექტროლიტური დისბალანსი.

ზოგიერთი პროდუქტი ასევე შეიცავს დაურეგულირებელ მცენარეულ ინგრედიენტებს. მხოლოდ წვენებზე დაფუძნებული დეტოქს-რეჟიმები კი ორგანიზმს აცლის აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს.

  • 3. ძალიან ბევრი წყლის სმა

ორგანიზმის ჰიდრატაცია მნიშვნელოვანია და ადამიანებს დღეში დაახლოებით 1.5-დან 2 ლიტრამდე წყლის მიღებას ურჩევენ. თუმცა, წყლის გადაჭარბებული რაოდენობით სმა, განსაკუთრებით მოკლე დროში, ძალიან ცივი წყლის ან დიდი რაოდენობით შაქრიანი სასმელების მიღებასთან ერთად, ზედმეტად ტვირთავს სისხლის მიმოქცევის სისტემას და თირკმელებს.

  • 4. პროტეინის მიღება კუნთოვანი მასისთვის

სპორტდარბაზის ხშირი სტუმრები კუნთების გასაზრდელად დიდი რაოდენობით პროტეინს იღებენ ხორცისგან, კვერცხისგან ან ე.წ. „ვეი“ (whey) დანამატებისგან.

ცილის ჭარბი მიღება ზრდის თირკმელების ფილტრაციის დატვირთვას და შესაძლოა თანდათანობით დააქვეითოს თირკმლის ფუნქცია, განსაკუთრებით მათში, ვისაც ჯანმრთელობის ფარული პრობლემები აწუხებს.

  • 5. ვარჯიში სათანადო ჰიდრატაციის გარეშე

ინტენსიურმა ვარჯიშმა შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი ოფლიანობა, დეჰიდრატაცია (გაუწყლოება) და სისხლის მოცულობის შემცირება, რაც ზრდის თირკმლის მწვავე დაზიანების რისკს, განსაკუთრებით მათში, ვინც მძიმედ ვარჯიშობს სითხის ადეკვატური ჩანაცვლების გარეშე.

სხვა ჩვევებმაც, როგორიცაა მთელი დღის განმავლობაში წყლის ჩაით ან ყავით ჩანაცვლება, შესაძლოა ხელი შეუწყოს მსუბუქ გაუწყლოებას. ზოგიერთი ჩაი მდიდარია ოქსალატებით, რაც ზრდის თირკმელების მუშაობას. არასაკმარისი ძილი და გვიანობამდე სიფხიზლე კი ზრდის კორტიზოლის დონეს, ამცირებს თირკმელებში სისხლის ნაკადს და არღვევს არტერიული წნევის რეგულაციას.