ნიკაპზე თმა გეზრდებათ? - რაზე მიანიშნებს ეს და რა შემთხვევაში უნდა მიმარტოთ ექიმს | Allnews.Ge

ნიკაპზე თმა გეზრდებათ? - რაზე მიანიშნებს ეს და რა შემთხვევაში უნდა მიმარტოთ ექიმს

ექიმთან კონსულტაცია აუცილებელია და არ უნდა გადაიდოს, თუ:

ნიკაპის არეში თმის დაჩქარებულ ზრდას ან თმის სიმკვრივის მომატებას შენიშნავთ.

თუ ხშირი თმა ახალ ზონებზე გეზრდებათ, მაგალითად კისერში და სახის ქვედა მესამედში. ეს შესაძლოა ჰორმონალურ ცვლილებებზე მიუთითებდეს.

სახის ქვედა მესამედში თანმხლები გამონაყარი, შეიძლება ენდოკრინული სისტემის ფუნქციურ ცვლილებებს ასახავდეს.

ქალებისათვის სახის არეზე თმიანობა, თუნდაც ყვრიმალებზე, თვალის ირგვლივ, ნიკაპზე, კისერზე ნორმა არ არის. თუ ჩვენს ორგანიზმში მამაკაცის სასქესო ჰორმონები ჭარბადაა, აღნიშნულ არეებში ჭარბთმიანობა ვითარდება. ასეთ დროს აუცილებელია, ენდოკრინოლოგს მიმართოთ.

  • მაგრამ, არის ისეთი მდგომარეობები, რომლის დროსაც სისხლში ტესტოსტერონი აბსოლუტური ნორმაა, მაგრამ ჭარბთმიანობა მაინცაა გამოხატული. რა ხდება ასეთ დროს?

არსებობს გენეტიკური მდგომარეობები, რომლის დროსაც თმის ბოლქვი მამაკაცის სასქესო ჰორმონების მიმართ ძალიან მგრძნობიარეა. როდესაც თმის ბოლქვს ერთი ტესტოსტერონი უკავშირდება, ის აღიქვამს, თითქოს მას 10 ტესტოსტერონი დაუკავშირდა. იწყება მისი აქტივაცია და ჭარბთმიანობა. ამიტომ, ჭარბთმიანობა შეიძლება, გენეტიკურიც იყოს.

ასევე, მენოპაუზაში მყოფ ქალებს, შესაძლოა, ტესტოსტერონი ნორმის ფარგლებში ჰქონდეთ, მაგრამ ჭარბთმიანობა მაინც გამოიხატებოდეს. მენოპაუზაში მყოფ ქალებს სისხლში ქალის სასქესო ჰორმონების დონე უქვეითდებათ. ამ დროსაც ჭარბთმიანობა უვითარდებათ. გინეკოლოგს აუცილებლად უნდა მიმართოთ, რომ პრობლემა აღმოიფხვრას და ჰორმონალური ბალანსი აღდგეს.

გარდა ამისა, პრემენსტრუალური სინდრომის დროს აღინიშნება არა მხოლოდ აკნე, ჭარბთმიანობა, არამედ შეიძლება გუნება-განწყობილების დაქვეითება, ტკბილზე მოთხოვნილება და შეშუპება გამოიხატოს.