ზუგდიდი ბაღში აღმზრდელმა მცირეწლოვანზე იძალადა - რა ჩანს კადრებში | Allnews.Ge

ზუგდიდი ბაღში აღმზრდელმა მცირეწლოვანზე იძალადა - რა ჩანს კადრებში

ზუგდიდის ერთ-ერთ ბაღში 3 წლის ბავშვზე იძალადეს. მცირეწლოვანს აღმზრდელი გაუსწორდა.

ირკვევა, რომ ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრები აღმზრდელმა მშობელს შემთხვევით გაუგზავნა. კადრებში ჩანს, რომ 3 წლის ბავშვს სავარაუდოდ, მასწავლებელი აიძულებს, აქტივობაში ჩაერთოს, ბავშვი ტირილს იწყებს, რის შემდეგაც აღმზრდელი მას თავში ურტყამს, თმას სწიწკნის და ეუბნება, რომ "დაჯდეს და ხმა არ ამოიღოს".

  • მოგვიანებით, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრმა გაავრცელა განცხადება, რომლითაც დაადასტურა, რომ ძალადობაში მხილებულ აღმზრდელს უფლებამოსილება შეუჩერდა.

“ზუგდიდის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის გადაწყვეტილებით, ქალაქის #14 საბავშვო ბაღში მომხდარი ინციდენტის მონაწილე აღმზრდელს ე.მ-ს უფლებამოსილება შეუჩერდა. ცენტრის რეაგირება იყო მყისიერი, უფლებამოსილების შეჩერებასთან ერთად, ბავშვის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ ეცნობა პოლიციას. მიმდინარეობს გამოძიება.

სსდმ ცენტრი სასტიკად გმობს მომხდარ ფაქტს, გამოთქვამს მზაობას, აქტიურად ითანამშრომლოს გამოძიებასთან და დაიცვას აღსაზრდელის უფლებები.

ინფორმაციის მიღებისთანავე ადგილზე იმყოფებოდნენ ჩვენი ცენტრის იურისტი და ცენტრის დირექტორის მოადგილე. ჩვენს მთავარ მიზანს ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოში სკოლამდელი განათლების მიღება წარმოადგენს. ის კი, ვინც ამ მიზნებს ხელს უშლის, კანონის შესაბამისად უმკაცრესად უნდა დაისაჯოს, - ნათქვამია განცხადებაში.