რა ქონებას ფლობს ფრაქცია "ქართული ოცნების" ახალი თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია | Allnews.Ge

რა ქონებას ფლობს ფრაქცია "ქართული ოცნების" ახალი თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია

მას შემდეგ, რაც მამუკა მდინარაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა დაიკავა, მის ნაცვლად, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია გახდა.

ეს უკანასკნელი პარლამენტში საარჩევნო სუბიექტს - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წარმოადგენს.

ირაკლი კირცხალიამ ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის მაისის ბოლოს შეავსო. როგორც დოკუმენტიდან ჩანს, მის მფლობელობაში არაერთი უძრავი და მოძრავი ქონებაა.

კერძოდ, მის საკუთრებაშია: 10 მიწის ნაკვეთი, თბილისში, განმუხურში, ქსოვრისსა და მანგლისში, რომელიც ჩუქებით აქვს გადაცემული; ასევე, 4 საცხოვრებელი სახლი თბილისში, აქედან ორი ჩუქებით გადაეცა, ორში კი ჯამში 191 100 ლარი აქვს გადახდილი; ბინა, რომელიც 2016 წელს 388 000 ლარად შეიძინა; 3 ავტოფარეხი - 1 ჩუქებით მიიღო, ორი კი ჯამში 31 000 ლარად იყიდა; 2 საკუჭნაო, რომელთა ჯამური ღირებულება 91 000 ლარია.

გარდა ამისა, ირაკლი კირცხალიას მფლობელობაშია 3 მსუბუქი ავტომობილი. უფრო კონკრეტულად, TOYOTA CAMRY HYBRID, რომელიც 2021 წელს 27 000 აშშ დოლარად იყიდა, SKODA SUPERB - რომლის ღირებულება 38 300 აშშ დოლარია და 150 000 ევროდ შეძენილი LAND ROVER RANGE ROVER-ი.

ამასთან, ირაკლი კირცხალია დეკლარაციის შევსების მომენტში ფლობდა: დეპოზიტის ანგარიშზე 780 000 ლარს, საბარათეზე - 5353,09 ლარს, სადებეტოზე - 1335,09 ლარს, ხოლო დანაზოგის სახით 82 000 აშშ დოლარს.

დეკლარაციის მიხედვით, ირაკლი კირცხალია არის 6 კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი, თუმცა დოკუმენტში მითითებულია, რომ დანიშნულია წილის მმართველი.

როგორც ქონებრივ დეკლარაციაში ვკითხულობთ, ირაკლი კირცხალიას, გასულ წელს, დეპუტატის პოსტზე, ხელფასის სახით აღებული აქვს 45 834,13 ლარი.