"მას შემდეგ, რაც ცოცხლად დავიწვი, ღმერთის გარდა აღარავის მეშინია... დამნაშავეს 5 წელი მოაკლეს პატიმრობის" - როგორ ცხოვრობს გოგონა, რომელიც 5 წლის წინ შეყვარებულმა სასიკვდილოდ გაიმეტა
2020 წლის ივნისში, თბილისის ერთ უბანში, რამდენიმე წუთის განმავლობაში სევა შამოიანი ცოცხლად იწოდა - მამაკაცი კი, რომელმაც შეყვარებული ასე გაიმეტა, უყურებდა და არაფერს აკეთებდა. უმძიმეს შემთხვევას წინ უძღოდა ტელეფონით მუქარები, შეურაცხყოფა. ის, რაც იმ დღეს მოხდა, არა მხოლოდ სევა შამოიანის, არამედ მთელი ქვეყნისთვის იყო შოკი.
სევამ გადარჩა, მაგრამ ის დღემდე რეაბილიტაციას გადის, ამჯერად საფრანგეთში. სამართლიანობა აღსრულდა, დამნაშავეს 17 წელი მიუსაჯეს, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ მუხლი გადაუკვალიფიცირდა და სასჯელს 5 წელი მოაკლო.
დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის გასამართლებული შალვა გოგოლაძე, ახლა ციხეში სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით ზის.
სევა კი თავის ბრძოლას აგრძელებს: უკვე არა მხოლოდ გადარჩენისთვის, არამედ იმისთვის, რომ ცხოვრება თავიდან დაიწყოს. თერაპიას საფრანგეთში გადის. საუბრისას ცრემლებს ვერ იკავებს, მაგრამ გვიყვება თავის ახლანდელ ცხოვრებაზე და ნანობს, რომ მასზე ძალადობის პირველივე დღეებიდან პოლიციას არ მიმართა
- სევა, ახლა როგორ ხარ, როგორია თქვენი დღევანდელი ცხოვრება?
- საფრანგეთში ვცხოვრობ მესამე წელია. დღემდე გავდივარ თერაპიებს, მასაჟებს. სრულყოფილად, როგორც ადრე, ვეღარ ვცხოვრობ, ფეხების გამო. არ შემიძლია დიდხანს სიარული, დიდხანს ჯდომა, წოლა, სულ უნდა ვიცვალო პოზები. ეს ფიზიკური და რაც შეეხება ფსიქოლოგიურ და მორალურ მდგომარეობას, ძალიან რთულად ვარ.
- როგორი იყო თქვენი ცხოვრება იმ ტრაგიკულ დღემდე, რა ოცნებები ჰქონდა მაშინდელ სევას?
- ორ ადგილას ვმუშაობდი, სასტუმროში მენეჯერად და მეიქაფ არტისტად.

- როგორ გაიცანით დამნაშავე?
- შემთხვევით, წვეულებაზე. იმ საბედისწერო დღემდე რვა-ცხრა თვით ადრე.
- ამ გადმოსახედიდან იყო დასაწყისში რაიმე ნიშნები, რომ მაშინვე უნდა მოგეშორებინათ თქვენი ცხოვრებიდან?
- დიახ, ნიშნები იყო, როდესაც მემუქრებოდა, რასაც სერიოზულად არ ვიღებდი, უბრალოდ ვბლოკავდი. ძალიან დიდი შეცდომაა იყო, რომ თავიდანვე არ მქონდა ამაზე რეაგირება. რთულია ამ ადამიანზე ჩემთვის საუბარი, არ მინდა, რომ დეტალებში ჩავიდე. მეუბნებოდა მოგკლავ... ერთად არ ვიყავით, მაგრამ მუქარა რომ დამიწყო ჩემი ბრალია თავიდანვე არ მოვახდინე რეაგირება. არ მეგონა, რომ უმიზეზოდ შეეძლო ასე გაეწირა ადამიანი.
- რას გულისხმობთ, მუქარების შესახებ თქვენი ოჯახისთვის გეთქვათ თუ პოლიცია ჩაგეყენებინათ საქმის კურსში?
- პოლიციისთვის უნდა მიმემართა, რადგან ხანდახან ოჯახის წევრებიც ვერ გიშველიან. მე ზუსტად ასე ვიყავი. იმ დროს ჩემი დაც სახლში იყო, მაგრამ როგორ უნდა ეშველა, ამ დროს პოლიციას უნდა მიმართო.
- ბოლო დღეებში გქონდათ რაიმე წინათგრძნობა, ცუდის მოლოდინი?
- შეიძლება ახლა მისტიკურად ჟღერდეს ეს ყველაფერი, მაგრამ გარდაცვლილი ბიძა დამესიზმრა, ჩემი წაყვანა უნდოდა. ხელი ვკარი და სწრაფად გავიქეცი, ზუსტად ასე ვიყავი იმ დღეს, ცეცხლშიც, მსგავსი განცდებით. შეიძლება ეს ნიშანიც იყო, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი ვერასოდეს. სამწუხაროდ, დღემდე ყოველი წამი მახსოვს, როგორც ფიზიკური, ისე მორალური ტკივილი. საშინელებაა, ამას ვერ აღვწერ. ღმერთმა დაიფაროს, რომ ვინმემ იგივე განიცადოს. ვერ წარმომედგინა, რომ ადამიანს, მეორე ადამიანის მიმართ ასეთი სისასტიკის ჩადენა შეეძლო.
- სევა, ფაქტობრივად სიკვდილს გადაურჩით, რამ გიშველათ რეალურად, უმძიმესი დამწვრობა მიიღეთ...
- ძალიან დიდი ომი გავიარე. რა თქმა უნდა, ეს ექიმების დამსახურებაც არის, მაგრამ საავადმყოფოდან რომ გამომწერეს, ჯერ კიდევ ვერ დავდიოდი. ჩემი სამსახური იყო ის, რომ საკუთარი თავი ფეხზე უნდა დამეყენებინა. ძალიან გამიჭირდა, დიდი ხანი ვიბრძოდი, ვფიქრობდი, ცხოვრება დამთავრდა. ერთ დღესაც გავახილე თვალები და გადავწყვიტე, რომ უნდა ვცადო. დედა 24 საათი ჩემს გვერდით იყო. მეგობრებიც ძალიან მეხმარებოდნენ, მაკითხავდნენ, მართობდნენ. ფონდი გახსნეს და ფინანსურად დამეხმარნენ. უამრავი ადამიანი მედგა მხარში. იხილეთ სრულად