"ბადრის მაკეტი რომ მოუტანეს, მსგავსი ბედნიერი თვალები არ მინახავს. მგონია, რომ ორი ადამიანი იყო, ერთი ზღაპრის გმირი და მეორე - რომელსაც ვხედავდი" - რას იხსენებს გია ჯაჯანიძე?
- ქუდბედიანი ადამიანი ვარ, ძალიან იღბლიანი. ვიყავი უპატრონო, მაგრამ ჩემდენი პატრონი არავის ჰყავდა, რა უცნაურია, არა? მაშინ 18 წლის ვიყავი, ახლა 63 წლის ვარ და ეს ადამიანები სულ ჩემს გულში და გონებაში არიან. როგორც კი რუბრიკის სახელწოდება მითხარით - "ადამიანი, რომელიც არასდროს დამავიწყდება", მაშინვე გამახსენდნენ. მათი უზომოდ მადლიერი ვარ, მადლიერებამ გადამარჩინა.
რადგან თბილისში ბინა არ მქონდა, ერთი პერიოდი ნათესავთან ვცხოვრობდი, დიდებაშვილების ოჯახში, შემდეგ მსახიობმა დოდო ქერდიკაშვილმა შემიფარა, მის ოჯახში 5 წელი გავატარე. დოდო ჭიათურის თეატრის მსახიობი იყო, ერთმანეთს ამ ქალაქიდან არ ვიცნობდით, მაგრამ ერთ დღეს, მეტროში შემხვდა, გამოველაპარაკე და დავმეგობრდით. წარმოიდგინეთ, იმ 5 წლის განმავლობაში, რომელიც მე დოდოს ოჯახში გავატარე, არანაირი საშუალება არ მქონდა, ეს ოჯახი მაცხოვრებდა, მაჭმევდა, მასმევდა, იდეალური ძმა, რძალი, ძმის შვილები ჰყავდა. ეს ოჯახი ჩემს ოჯახად გადაიქცა, ისეთი განცდა მქონდა, რომ იქ დაბადებული და გაზრდილი ვიყავი.

სტუმრად იპოლიტე ხვიჩიასთან
- მანანა ხვიჩია ჭიათურის თეატრში სპექტაკლის დასადგმელად ჩამოვიდა. ერთმანეთი იქ გავიცანით, დავმეგობრდით. მითხრა, თბილისში რომ ჩამოხვალ, აუცილებლად მეწვიეო. ამ შანსს ხელიდან როგორ გავუშვებდი, მართლაც მივედი, გავიცანი ქალბატონი ლუბა (იპოლიტე ხვიჩიას მეუღლე), ბატონ იპოლიტეს ნარდი ვეთამაშე. ძალიან კომუნიკაბელური ვარ, მაგრამ თან მორიდებულიც. მახსოვს, მანანასთან შინ რომ მივედი, სიმინდს ხარშავდნენ. საოცარი სურნელი იდგა, მოხარშული სიმინდი უზომოდ მიყვარს, ვფიქრობდი, ღმერთო, როდის მოიხარშება, ალბათ შემომთავაზებენ-მეთქი. ამ დროს იპოლიტემ მითხრა, მოდი, ნარდი ვითამაშოთ სიმინდის ჭამაზეო. ძალიან მერიდებოდა, მაგრამ თან მეცხრე ცაზე ვიყავი აფრენილი, ემოციისგან უდიდესი შოკი მქონდა. ვიჯექი იპოლიტე ხვიჩიას პირისპირ, კამათელს ვაგორებდი და თავში ათასი აზრი მიტრიალებდა. გამიგია, ადამიანები სტრესის გამო სიმაღლეში არ იზრდებიანო და მე სულ ბედნიერების სტრესი მქონდა და ამიტომ არ გავიზარდე.
- ნარდის თამაშის ამბავი, როგორ დამთავრდა?
- როგორ მოვიგებდი, რა თქმა უნდა, იპოლიტემ მომიგო, მაგრამ ძალით არ წამიგია, სამაგიეროდ, როგორც დათქმა იყო, 3 ტარო სიმინდი მივირთვი, როგორც წაგებულმა.- რაზე ისაუბრეთ?
- უმეტესად, ის მისვამდა შეკითხვებს და ვპასუხობდი, მალაპარაკებდა ჭიათურაზე, რა მინდოდა, როგორ წარმომედგინა ჩემი მომავალი... სამწუხაროდ, მას თავის საქმიანობის, როლების შესახებ არაფერი მოუყოლია. ჭიათურის თეატრით ძალიან დაინტერესებული იყო. VIII კლასში ვიყავი, ამ თეატრის სცენაზე, შიო გვეტაძის "მონანიებაში" საშკა ჩერქეზის პატარაობა რომ ვითამაშე.
ამის შემდეგ მანანამ ტელევიზიაში მიმიყვანა, პირველ არხზე და იქ თავისი მეგობარი ჟურნალისტი ნინა დიაკონიძე გამაცნო, რომელიც წერილების და საჩივრების განყოფილებაში მუშაობდა. დახვეწილი, ინტელიგენტი, განათლებული, დარბაისელი, უნდა მოგესმინათ, როგორ მეტყველებდა, ბრძენი ქალბატონი იყო.
მაშინ ვნახე პირველად ტელევიზია ასე ახლოდან და "შიგნიდან".იქ სტაჟიორად დავიწყე მუშაობა, პარალელურად, თეატრალურში ვსწავლობდი. ზურა ღავთაძე იყო ადამიანი, რომელმაც შტატში ჩამსვა, ღმერთო, ის სულ ბედნიერი ამყოფე! ძალიან საინტერესო იდეები მქონდა, ვიმუშავე ასისტენტად, რეჟისორად, ჟურნალისტად, ოპერატორად, ვიყავი გადაცემების ავტორი... ილია კევლიშვილმა ძალიან დიდი ნდობა გამომიცხადა, დამაწინაურეს - წერილებისა და საჩივრების განყოფილების მთავარი რედაქტორი გავხდი. ზინა დიაკონიძის კაბინეტში აღმოვჩნდი. იხილეთ სრულად