„საქართველოში შერეული წყვილების ქორწილები მომრავლდა - უცხოელები ქორწილს თითქმის ყოველთვის კახეთში იხდიან“
„შერეული წყვილების ქორწილები საკმაოდ მომრავლდა; ხშირად გვყავს ისეთი წყვილები, როდესაც ერთი ქართველია, მეორე კი უცხოელი“, - ამის შესახებ Anuki Events & Wedding-ის დამფუძნებელი ანუკი თევდორაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს.
როგორც მანვე ქორწილების ორგანიზების კუთხით ბოლო წლებში არსებულ ტენდენციაზე საუბრისას განაცხადა, ადრე თუ ძირითადად ქორწილის ორგანიზებას უცხოელები მიმართავდნენ, ახლა ქართველი წყვილებისა და მათი წილი თითქმის თანაბარია.
„საქართველოში შერეული წყვილების ქორწილები მომრავლდა“
„ძირითადად უცხოელებზე ვმუშაობდით, თუმცა, ბოლო წლებში თითქმის თანაბრად არის ადგილობრივი და უცხოელი წყვილებისგან მოთხოვნა. აღსანიშნავია, რომ ხშირად გვყავს ისეთი წყვილები, როდესაც ერთი ქართველია, მეორე კი უცხოელი - შერეული წყვილების ქორწილები საკმაოდ მომრავლდა.
ადრე 5 ქორწილიდან 4 უცხოელების იყო, ერთი ქართველის, ახლა კი სიტუაცია შეცვლილია. წელს შერეული ქორწილების შემთხვევაში არიან ქართველი და ბრიტანელი, კანადელი და ლათინური ამერიკის მოქალაქეების ქორწილები“, - აღნიშნავს ანუკი თევდორაძე.
Anuki Events & Wedding-ის დამფუძნებლის თქმით, უცხოელი წყვილებისთვის საქართველოში ქორწილისთვის ყველაზე პოპულარული ადგილი კახეთია.
„უცხოელები თითქმის ყოველთვის კახეთს ირჩევენ, იმიტომ რომ მათთვის საინტერესო ვიზუალია ვენახი და იქაური ხედები. ირჩევენ ხოლმე ბათუმსაც, თუმცა ამას უფრო იშვიათი სახე აქვს, რადგან ჩვენი მხრიდან ლოჯისტიკა იქ ძალიან რთულია, რადგან ძირითადად თბილისში ვართ და ყველაფრის აქედან წაღება გვიწევს, რაც აძვირებს ხოლმე ბიუჯეტს“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ანუკი თევდორაძემ.