გაიცანით აბიტურიენტები, რომლებმაც სამივე საგანში უმაღლესი ქულები მიიღეს - "მნიშვნელოვანია, რომ როცა რაღაც არ გამოდის, მაინც შეუპოვრად გავაგრძელოთ შრომა" | Allnews.Ge

გაიცანით აბიტურიენტები, რომლებმაც სამივე საგანში უმაღლესი ქულები მიიღეს - "მნიშვნელოვანია, რომ როცა რაღაც არ გამოდის, მაინც შეუპოვრად გავაგრძელოთ შრომა"

დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. აბიტურიენტებმა რამდენიმე ძირითად საგანში თავიანთი ქულები უკვე გაიგეს.

2025 წლის ორ წარმატებულ აბიტურიენტს გაგაცნობთ, რომლებმაც სამივე საგანში მაქსიმალური ქულების მიღება შეძლეს:

ლიზი ჯობავა 2025 წლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აბიტურიენტია. მან სკოლა "ქართული სასწავლებელი" დაამთავრა. სწავლის გაგრძელებას თავისუფალ უნივერსიტეტში მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების პროგრამაზე აპირებს. ლიზიმ სამივე საგანში მაქსიმალური შეფასება დაიმსახურა - ქართულ ენასა და ლიტერატურაში 60-დან 60 ქულა, გერმანულ ენაში 70-დან 70 ქულა, მათემატიკაში კი 51-დან 51 ქულის მიღება შეძლო.

ლიზი ამბობს, რომ მაქსიმალური შედეგის მიღწევა მრავალწლიანი შრომითა და მონდომებით შეძლო. მან სკოლა ოქროს მედალზე დაასრულა და ახლა რამდენიმე რჩევას მომავალ აბიტურიენტებს უზიარებს:

- პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ ძალიან კარგი მასწავლებლები მყავდა. ისინი დიდ მოტივაციას მაძლევდნენ. ჩემი მთავარი მიზანი იყო, რომ თავისუფალ უნივერსიტეტში, კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტზე ჩამებარებინა და ამ ყველაფრისთვის ძალიან ბევრი ვიშრომე.

მათემატიკაში სისტემატურ მუშაობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ბევრს ვმეცადინეობდი და გასული წლების ტესტებსაც ვაკეთებდი. ამ საგანში თუნდაც ერთი გაკვეთილის გაცდენამაც კი შეიძლება, პრობლემა შექმნას. ამიტომ, ყოველთვის მაქსიმალურად ვშრომობდი.

- მათემატიკის ტესტზე წელს ბევრმა აბიტურიენტმა აღნიშნა, რომ რთული იყო და სკოლის პროგრამას არ შეესაბამებოდა. თქვენ როგორ შეაფასებთ ტესტის სირთულეს?

- ვფიქრობ, ტესტი საკმაოდ რთული იყო. თუმცა, არა დაუძლეველი. შესაძლოა, ტესტური ნაწილი, წინა წლებთან შედარებით, უფრო რთულად აღექვათ და ამაში მეც ვეთანხმები. მაგრამ, საბოლოო ჯამში, არ ვფიქრობ, რომ სასკოლო პროგრამასთან შეუსაბამო იყო.

- ოლიმპიადებშიც ხომ არ იღებდით მონაწილეობას?

-მათემატიკაში არა, თუმცა, როგორც გითხარით, კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით მინდა ჩაბარება. სხვადასხვა პროექტში ვმონაწილეობდი. გუნდიც მყავს, Technovation Girls-ის გამარჯვებულები ვართ. ასევე, გერმანულის საერთაშორისო ოლიმპიადის ერთ-ერთი გამარჯვებული ვარ.

- უცხოურ ენად გერმანული აირჩიეთ...

- ჩემი სკოლა გერმანული სკოლაა და უზრუნველყოფს იმასაც, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ, მოსწავლეებმა გერმანულის სხვადასხვა დონე დახურონ. მე C1 ავიღე და ერთიანი ეროვნული გამოცდის ტესტის დაწერა არ გამჭირვებია.

ძალიან მიყვარს ფილმების გერმანულად ყურება. ერთ-ერთი გაცვლითი პროგრამით გერმანიაშიც ვიყავი და საუბრის დონე ამ შესაძლებლობითაც გავიუმჯობესე.

- ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური შედეგის მიღწევაში რა დაგეხმარათ?

- წიგნების წაკითხვა და წერა ყოველთვის ძალიან მიყვარდა. სკოლაშიც ძლიერი მასწავლებელი მყავდა და ვფიქრობ, კარგ შედეგს მივაღწიეთ.

- ოჯახისა მხარდაჭერას რამდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა?

-ჩემი ოჯახი მხარს მაქსიმალურად მიჭერდა. განსაკუთრებით, ჩემი უფროსი და. ის ჩემთვის ყოველთვის მისაბაძი მაგალითი იყო. ისიც მათემატიკასა და კომპიუტერულ მეცნიერებებზე სწავლობს და მეც დამაინტერესა.

- წლების განმავლობაში რა გაძლევდათ ყველაზე დიდ მოტივაციას, რომ მიზნებისკენ სვლა გაგეგრძელებინათ?

- მასწავლებლები, მშობლები, ოჯახის წევრები, მეგობრები. მათი მხარდაჭერა ყოველთვის მეხმარებოდა...

- რა შეგიძლიათ, მომავალ აბიტურიენტებს საკუთარი გამოცდილებით გაუზიაროთ?

- სისტემატურობასა და შრომისმოყვარეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მთავარია, ძალიან ბევრი იშრომოთ. აუცილებლად დადებთ იმ შედეგს, რომლის მიღწევაც გსურთ. იხილეთ სრულად