როგორ იყო 1,8 მილიონი წლის წინ უძველესი ადამიანი, ოროზმანში აღმოჩენილი ქვედა ყბის მიხედვით - რას ჰყვება ექსპედიციის ხელმძღვანელი დმანისის მორიგ სენსაციურ აღმოჩენაზე
ოროზმანის საერთაშორისო გათხრების მიმდინარეობისას, საექსპედიციო ჯგუფმა არქეოლოგ გიორგი ბიძინაშვილის ხელმძღვანელობით, დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ოროზმანის ტერიტორიაზე არსებულ არქეოლოგიურ ობიექტზე 1,8 მილიონი წლით დათარიღებულ ფენაში ადამიანის ქვედა ყბა აღმოაჩინა, რომელიც, სავარაუდოდ, ადრეულ Homo erectus-ს ეკუთვნის.
გათხრები მიმდინარეობს 1,84-1,77 მილიონი წლების არქეოლოგიურ ფენებში - ზუსტად იმ ტერიტორიაზე, სადაც ამავე ექსპედიციამ 2022 წელს ადამიანის კბილი აღმოაჩინა. მუშაობა 2025 წლის ივლისში განახლდა და სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება.ექსპედიციაში პროფესიონალ არქეოლოგებთან ერთად მონაწილეობენ სტუდენტები საქართველოდან, აშშ-დან, საფრანგეთიდან, დანიიდან, კოლუმბიიდან და ყაზახეთიდან.
საექსპედიციო ჯგუფის ხელმძღვანელი არქეოლოგი გიორგი ბიძინაშვილი, ამ ეტაპზე ილიაუნის მოწვეულ ლექტორი (ლექციებს ქვის ხანის არქეოლოგიაში კითხულობს) Ambebi.ge-ს ესაუბრა.- დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ოროზმანის მიმდებარედ, 2019 წელს აღმოვაჩინეთ ადრეული პალეოლითის, ქვის ხანის ძეგლი. 2021 წელს დაიწყო არქეოლოგიური გათხრები და მას შემდეგ 2022 წელს ვიპოვეთ ევრაზიის უძველესი ადამიანის კბილი, რომელიც 1.800.000 წლითაა დათარიღებული.
2025 წელს 3 ივლისს არქეოლოგიური გათხრები განახლდა და რამდენიმე დღის წინ ადამიანის ქვედა ყბას მივაგენით. რომელიც ეჭვს არ იწვევს, რომ კონკრეტულად 1 800 000 წლის არის, იმდროინდელ პოპულაციას მიეკუთვნება (დაახლოებით დმანისის თანატოლი ადამიანია).
დმანისიდან ეს დასახლება 20 კილომეტრითაა დაშორებული და უფრო მაღლაა - ზღვის დონიდან 1250 მეტრზე, მამუთლის ხეობაში მდებარეობს, რომელიც მაშავერას ხეობის მარჯვენა შენაკადია. თვითონ დმანისი 950 მეტრზეა, ამიტომ, ჩვენ ახლა დაახლოებით 300 მეტრით მაღლა ვიმყოფებით.
- როგორც ფაქტები მეტყველებს, ზოგადად ეს ტერიტორია ძალიან საინტერესო აღმოჩნდა არქეოლოგიური თვალსაზრისით...
- ასეა. არის არტეფაქტები, ქვის იარაღები (პირველყოფილი ადამიანის მიერ დამზადებული), არის ასევე ადრეული პლეისტოცენის პერიოდის განამარხებული ფაუნა - ეტრუსკული მგელი, სამხრეთული სპილო, ჟირაფი, მარტორქა, გადაშენებული ცხენები და ამასთან ერთად დადასტურებულია ადამიანი. ეს კი კაცობრიობისთვის და არა მარტო საქართველოსთვის, ჩვენს ოროზმანს მაღალი მნიშვნელობის არქეოლოგიურ ობიექტად ქმნის. საუბარია ევრაზიაში პირველ ადამიანებზე, კაცობრიობის პირველ ნაბიჯებზე.
ამ მოცემული თარიღებიდან გამომდინარე, დღევანდელი საქართველოს ტერიტორიიდან მოხდა უკვე ადრეული ჰომინიდების ჯერ აზიის მიმართულებით განსახლება და შემდეგ უკვე ევროპის მიმართულებით. იხილეთ სრულად