სტალინის მუზეუმში ვიზიტორების რაოდენობა შემცირდა - რამდენი მოსწავლე ეწვია სახლ-მუზეუმს
სტალინის მუზეუმში ვიზიტორების რაოდენობა 3%-ით შემცირდა, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ სახლ-მუზეუმის ადმინისტრაციაში განუცხადეს.
უფრო კონკრეტულად, მუზეუმის მიერ მოწოდებული სტატისტიკიდან ირკვევა, რომ 2024 წლის იანვარ-ივნისში სტალინის სახლ-მუზეუმს 69 274 ვიზიტორი ჰყავდა, წელს იმავე პერიოდში კი 67 133 ვიზიტორი.
„2024 წელი 159 428 ვიზიტორი. 2025 წელი ივნისის თვის ჩათვლით 67 133. შარშანდელთან შედარებით მცირედით გვაქვს კლება“, - განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ სახლ-მუზეუმში.
სტალინის მუზეუმში უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა შემცირდა
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის პირველ ნახევარში შემცირებულია უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა. კერძოდ, შარშან იანვარ-ივნისში სტალინის სახლ-მუზეუმს ეწვია 61 372 უცხოელი, ხოლო წელს იმავე პერიოდში 55 617.
ამავე დროს გაზრდილია იმ მოსწავლეების რაოდენობა, რომლებიც მუზეუმს ეწვივნენ. უფრო კონკრეტულად, შარშან სტალინის სახლ-მუზეუმი იანვარ-ივნისში მოინახულა 3 417-მა მოსწავლემ, წელს კი 4 839 მოსწავლემ.
რა ღირს ბილეთი სტალინის მუზეუმში
სამუზეუმო კომპლექსის (მუზეუმის საგამოფენო დარბაზები, სტალინის მემორიალური სახლი და პირადი ვაგონი) დათვალიერება გიდის თანხლებით 15 ლარი ღირს, სტალინის პირადი ვაგონის მონახულება - 5 ლარი, სტუდენტებისთვის სამუზეუმო კომპლექსის დათვალიერების ფასი 10 ლარია, მოსწავლეებისთვის - 1 ლარი, ხოლო 6 წლამდე ბავშვებისთვის მუზეუმში შესვლა უფასოა.