„ეს აიძულებს მოსახლეობას, რომ აიყაროს და წავიდეს“ - რატომ მცირდება სასოფლო დასახლებებში მცხოვრებთა რიცხვი | Allnews.Ge

„ეს აიძულებს მოსახლეობას, რომ აიყაროს და წავიდეს“ - რატომ მცირდება სასოფლო დასახლებებში მცხოვრებთა რიცხვი

10 წელში სასოფლო დასახლებებში მცხოვრებთა რაოდენობა 6.3%-ით შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2024 წელს ჩატარებული მოსახლეობის აღწერის წინასწარი შედეგებით, 2024 წელს სოფლად 1 490 900 ადამიანი ცხოვრობდა, 2014 წლის აღწერით კი - 1 591 181 ადამიანი.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ აღწერიდან აღწერამდე სასოფლო დასახლებებში მცხოვრები ადამიანების რიცხოვნობა მხოლოდ თბილისში (48%-ით), მცხეთა-მთიანეთსა (4%-ით) და ქვემო ქართლში (3.4%-ით) გაიზარდა, დანარჩენ 8 მუნიციპალიტეტში კი შემცირდა.

სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე „ბიზნესპრესნიუთან“ იმ ძირითად მიზეზებს განმარტავს რის გამოც სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ზოგადი მაჩვენებელი სულ უფრო მცირდება.

მისი თქმით, ეს ძირითადად განპირობებულია ურბანული და მიგრაციული პროცესებით, რომელიც ქვეყანაში 90 წლებიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება.

„ზოგადად, სასოფლო დასახლებულ პუნქტებში მოსახლეობის შემცირება დიდწილად განპირობებულია იმ ზოგადი ტენდენციით, რაც ბოლო ათწლეულებში მიმდინარეობს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, მთელ მსოფლიოში. ეს არის მოსახლეობის ურბანული ზრდა და სასოფლო დასახლებებში შემცირება. ჩვენთან მოგეხსენებათ, 90-იან წლებში, მძიმე ვითარების გამო, როდესაც განადგურდა სასოფლო სამეურნეო ტექნიკა და სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე დაეცა მოთხოვნა ( ჩვენ მანამდე ერთიან საკავშირო ბაზარზე ვახდენდით მიწოდებას), ფაქტობრივად, ამან გამოიწვია სასოფლო-სამეურნეო წარმოების შეკვეცა. შედეგად, ის მოსახლეობა, რომელიც სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოებით იყო დაკავებული აღმოჩნდა თამაშგარე მდგომარეობაში. ამან უკვე გამოიწვია მათი მიგრაცია, რაც იყო ორგვარი, ურბანული (მსხვილ ქალაქებში გადასვლა) და მეორე უფრო ფართომასშტაბური, ქვეყნის ფარგლებს გარეთ. სწორედ ამის შედეგია, რომ დღეს მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა სულ მცირე 30%-ით ნაკლებია, 90-იანი წლების დასაწყისთან შედარებით. ეს განსაკუთრებით მწვავედ შეეხო სოფლის დასახლებულ პუნქტებს. იხილეთ სრულად