"საქართველოში შემოვიდა ცივი ჰაერის მასა" - რატომ გრილა საქართველოში, როცა ევროპა "იწვის" და როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი
საქართველოში სულ უფრო მეტად ისმის, რომ ნახევარი ზაფხული გავიდა და ზაფხული არ დგება, როცა ევროპაში მაღალი ტემპერატურა საგანგაშო ნიშნულს მიუახლოვდა..
საიდან შემოდის ცივი მასები, რა არის ევროპის მაღალი სიცხეების მიზეზი და როგორი ამინდი იქნება უახლოეს პერიოდში ჩვენს ქვეყანაში, აღნიშნულ თემაზე გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის, ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროს სპეციალისტს თამარ პაპაშვილს ვესაუბრეთ...
- დიახ, ივნისის თვეში ევროპა მოიცვა თბურმა ტალღამ, საკმაოდ ვრცელ ტერიტორიაზე დამყარდა სტაბილური მაღალი წნევის არე, მაღალი ტემპერატურული ფონით, როგორც მიწისპირზე, ასევე ატმოსფეროს ზედა ფენებში. ასეთ შემთხვევაში საუბარია ე.წ. "თბურ თაღზე“, რომელთანაც დაკავშირებულია ექსტრემალურად მაღალი ტემპერატურები. საფრანგეთში, ესპანეთში, პორტუგალიაში და იტალიაში +44, +46 გრადუსი დაფიქსირდა, რაც ამ პერიოდისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ექსტრემალური სიცხეები სერიოზულ საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას, ეკოსისტემებსა და ინფრასტრუქტურას.
რაც შეეხება საქართველოს, აქ პირიქით, ივნისის ბოლო კვირას საშუალო მრავალწლიურ ნორმასთან შედარებით დაბალი ტემპერატურები დაფიქსირდა, ასეთ კონტრასტს ევროპასთან იწვევს კავკასიის ჩრდილოეთით წარმოქმნილია დაბალი წნევის არე, ციკლონური ზემოქმედებით. სწორედ მისი გავლენის დამსახურებაა საქართველოში ბოლო დღეებში დაფიქსირებული შედარებით დაბალი ტემპერატურები. ჩრდილო-დასავლეთიდან შემოვიდა ცივი ჰაერის მასა. 3 ივლისიდან საქართველოს უმეტეს რაიონში, მათ შორის დედაქალაქშიც კვლავ მოსალოდნელია წვიმა, ზოგან შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება. ტემპერატურა +20+25 გრადუსის ფარგლებში იქნება. 6 ივლისიდან გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურაც მოიმატებს.
რა ხდება ევროპის ქვეყნებში?საფრანგეთში, 16 დეპარტამენტში, მათ შორის პარიზში, სადაც ეიფელის კოშკის ზედა ნაწილი დაკეტილია, წითელი განგაში - უკიდურესი სიცხის შესახებ საფრთხის ყველაზე მაღალი დონეა გამოცხადებული.
იტალიაში, მაღალი ტემპერატურის გამო, ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო დასავლეთ თურქეთში ხანძრების გამო 50 000 ადამიანი ევაკუირებულია.
პორტუგალიისა და ესპანეთის ნაწილებში მიმდინარე კვირაში ტემპერატურამ 46 გრადუსს მიაღწია, რაც დღემდე აღნიშნულ ქვეყნებში ივნისის თვეში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ივნისის ყველაზე მაღალი ტემპერატურა, 46 გრადუსი დაფიქსირდა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში ტემპერატურამ დღეს, შესაძლოა, 35 გრადუსს მიაღწიოს.