“მკვლელობა ჩხუბს მოჰყვა. ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა..." - ავლაბარში მომხდარი მკვლელობის რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი?
გუშინ, გვიან ღამით მკვლელობა მოხდა თბილისში.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული ზ.მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 29 ივნისს, ბრალდებულმა თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით - 1986 წელს დაბადებული გ.ბ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.დაჭრილი გ.ბ. მიყენებული დაზიანების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ზ.მ. მომხდარიდან მალევე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს,“ - აღნიშნულია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მომხდარის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. შემთხვევა ავლაბარში მოხდა. 62 წლის მამაკაცმა 39 წლის მამაკაცი ცივი იარაღით, სასიკვდილოდ დაჭრა და მიიმალა. როგორც ტელეკომპანია "პირველის“ ჟურნალისტი თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს, სიტყვიერი დაპირისპირება ლუდის მაღაზიაში დაიწყო და საბოლოოდ სისხლიანი ანგარიშსწორებით დასრულდა. ადგილობრივების თქმით, დაპირისპირება გარე სივრცეში დაიწყო, რის შემდეგაც 62 წლის მამაკაცმა 39 წლის მამაკაცს ცივი იარაღით მიაყენა სასიკვდილო ჭრილობები.
ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა. სავარაუდოდ, ისინი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.
“მკვლელობა ჩხუბს მოჰყვა. ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა... მოვიდა სასწრაფო, ეცადნენ, მაგრამ ვერ გადაარჩინეს,“ - აცხადებენ თვითმხილველები.