"გაჟღერდა ჭორები, თითქოს, მე ძმაკაცის ქალიშვილს შევხედე და ეს ადამიანი შევიყვარე. იმ მონაჭორს დღეს წერტილს ვუსვამ" - ლუკა კურტანიძე | Allnews.Ge

"გაჟღერდა ჭორები, თითქოს, მე ძმაკაცის ქალიშვილს შევხედე და ეს ადამიანი შევიყვარე. იმ მონაჭორს დღეს წერტილს ვუსვამ" - ლუკა კურტანიძე

მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი, ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი და ექსპარლამენტარი, ლუკა-ელდარ კურტანიძე გადაცემაში "ნოესთან" 26 მაისის მოვლენებს იხსენებს და ამბობს, რომ მასზე სასტიკად იძალადეს:

- თავისუფლების მოედანზე წრე შეკრეს და ყველას დასაცინად, 50 ნიღაბასხმული ადამიანი ხელკეტებით დაუნდობლად მცემდა. იქიდან ცოცხალ-მკვდარი წამიყვანეს. ქალაქის მთავარ სამმართველოში პირველი სართულიდან მე-10 სართულამდე ცოცხლად მომკლეს. კიბეებზე შავნიღბიანები იდგნენ და ცემა-ცემით ამიყვანეს მე-10 სართულამდე. როცა მე-10 სართულზე ამიყვანეს და დამაჯინეს, იარაღგადატენილი ადამიანი მეუბნება: "ხელს თუ გაანძრევ, შუბლს გაგიხვრეტ." ამისი ბრძანება დათა ახალაიასაგან ჰქონდა. ეს ყველაფერი გავიარე, ეს ყველაფერი ვნახე... არავინ მეკითხება, რა გადავიტანე. ჩემში ულამაზესი ფერები დაიმსხვრა, რითაც იმ მშიერ, მწყურვალ საქართველოში ძალა მქონდა. მათ დამიმსხვრიეს და არასდროს ვაპატიებ. არც დღევანდელ ხელისუფლებას ვპატიობ, რომ მთავარი მოქმედი გმირი, სააკაშვილი, დღეს კრესლოზეა წამოსკუპებული და განცხადებებს აკეთებს. არ მაქვს ძალაუფლება, რომელიც მომცემდა საშუალებას - მის აშენებულ მე-8 საპყრობილეში გადავიყვანდი დღესვე. იმას ვაგრძნობინებდი, რაც ათასობით პატიმარმა გაიარა, როდესაც მამაკაცებს ქალივით ატირებდნენ, როცა ფეხებით კიდებდნენ, ოჯახის წევრებს ღირსებას ულახავდნენ, პატიმრის თვალწინ. ეს ადამიანები, ფაცაცია, ახალაიები, დღეს კიდევ საზოგადოებაში დადიან.