როგორ ვრცელდება ბ ჰეპატიტი და რა საშუალებები არსებობს მისგან თავის დასაცავად?
ბ ჰეპატიტი ერთერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებად ითვლება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 2024 წელს გავრცელებული სტატისტიკით, მსოფლიოში მისით ინფიცირებულია 254 მლნ ადამიანი, ყოველწლიურად კი საშუალოდ 1.2 მლნ ავადდება. უფრო მეტიც, 2022 წლის მონაცემებით, ბ ჰეპატიტით 1.1 მლნ ადამიანი გარდაიცვალა - ძირითადად, დაავადებით გამოწვეული ციროზით.
B ჰეპატიტი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ ინფექციურ დაავადებას, რომელიც ღვიძლს აზიანებს. ეს ვირუსული ინფექცია განსაკუთრებით საშიშია იმით, რომ ზოგჯერ შეუმჩნევლად ვითარდება და ადამიანი მისი არსებობის შესახებ წლების განმავლობაში არაფერს იგებს.
ბ ჰეპატიტის ვირუსი ღვიძლის უჯრედებში მრავლდება და ღვიძლის ანთებას იწვევს. ამ ანთების შედეგად ღვიძლი ვერ ასრულებს თავის ფუნქციებს სათანადოდ, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს. თუ დაავადება დროულად არ დიაგნოსტირდება და შესაბამისი მკურნალობის დაწყება დაგვიანდება, ის შეიძლება გადაიზარდოს ქრონიკულ ფორმაში, რაც ღვიძლის ციროზის ან კიბოს განვითარების რისკებს ზრდის.
როგორია ბ ჰეპატიტის გადაცემის გზები?
ჰეპატიტი ბ ძირითადად სისხლისა და სხეულის სხვა სითხეების მეშვეობით ვრცელდება. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გადაცემის გზაა არასტერილური სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენება. მაგალითად, თუ სტომატოლოგიურ კლინიკაში, ტატუს ან პირსინგის სალონებში სათანადოდ სტერილიზებული არ არის ინსტრუმენტები, ვირუსის გადაცემის რისკი მნიშვნელოვნად იზრდება. ეს განსაკუთრებით საყურადღებოა იმის გამო, რომ ბევრმა ადამიანმა არც კი იცის, თუ ვირუსის მატარებელია და, შესაბამისად, მისდა უნებურად გამავრცელებელიც ხდება.
დაუცველი სქესობრივი კავშირი კიდევ ერთი გავრცელებული გზაა ბ ჰეპატიტის გადასაცემად. ვირუსი სპერმაში, ვაგინალურ გამონადენში გვხვდება, ამიტომაც ექიმების რეკომენდაციაა, აუცილებლად დავიცვათ თავი შესაბამისი საშუალებებით.
განსაკუთრებით საგულისხმოა დედიდან ახალშობილზე გადაცემის საკითხი. ორსულმა ქალებმა, რომლებიც ინფიცირებული არიან ბ ჰეპატიტით, შეიძლება ვირუსი გადასცენ ბავშვს მშობიარობის დროს. სწორედ ამიტომ ყველა ორსული ქალისთვის სავალდებულოა ბ ჰეპატიტზე ტესტირება და დადასტურების შემთხვევაში სპეციალისტის მიერ გაწერილი გეგმის მიყოლა.
როგორაა გამოხატული ბ ჰეპატიტი - სიმპტომები და მიმდინარეობა
ცხადია, საინტერესოა, როგორ ვრცელდება ბ ჰეპატიტი, სიმპტომები როგორ შეიძლება იქნას გამოხატული და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. დაავადების სიმპტომები შეიძლება განსხვავებული იყოს და საწყის ეტაპზე საერთოდ არ გამოვლინდეს.
როგორ უნდა ამოვიცნოთ ბ ჰეპატიტი? - სიმპტომები ადრეულ სტადიაზეშეიძლება იყოს მუდმივი დაღლილობა, ძლიერი გულისრევა და მუცლის ტკივილი. ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ აღარ აქვთ მადა და აწუხებს ტკივილის შეგრძნება მარჯვენა ნეკნების ქვეშ. თუმცა, სამწუხაროდ, მსგავს სიმპტომებს ხშირად გადაღლასა და სტრესსაც მიაწერენ - უყურადღებობა კი დიაგნოსტირებას აგვიანებს.
დაავადების პროგრესირებასთან ერთად, ბ ჰეპატიტის სიმპტომები უფრო გამოხატული ხდება. კანისა და თვალების გაყვითლება, რომელსაც სამედიცინო ტერმინოლოგიით სიყვითლე ეწოდება, კლასიკური ნიშანია ღვიძლის დაზიანების. შარდი შეიძლება მუქი ფერის გახდეს, ხოლო განავალი - ღია.
მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ამ ტიპის ჰეპატიტის სიმპტომები შეიძლება თვეების განმავლობაში საერთოდ არ გამოვლინდეს. ასეთ შემთხვევებში ადამიანი აგრძელებს ნორმალურ ცხოვრებას და ვირუსს ისე ავრცელებს, თვითონ არც კი იცის, რომ ინფიცირებულია.
რა არის ვირუსისგან თავდაცვის ღონისძიებები?
დაცვის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს სტერილური სამედიცინო და კოსმეტიკური პროცედურების უზრუნველყოფა. ნებისმიერი სამედიცინო ჩარევისას აუცილებელია დარწმუნება, რომ ყველა ინსტრუმენტი სათანადოდ სტერილიზებულია. ტატუს ან პირსინგის გაკეთებისას კლინიკის რეპუტაციისა და ჰიგიენური სტანდარტების შემოწმება აუცილებელია - ნუ მოგერიდებათ და დასვით კითხვა, რამდენად შეესაბამება სტერილიზაციის პროცესი სტანდარტებს.
პირადი ჰიგიენის დაცვაც კრიტიკული მნიშვნელობისაა. კბილის ჯაგრისი, საპარსისა და სხვა პირადი ნივთის გაზიარება უნდა აირიდოთ. ასეთი ნივთები შეიძლება სისხლის ნარჩენებს შეიცავდეს და ვირუსის გადაცემის რისკს ზრდიდეს.
რაც მთავარია, ჩვევად უნდა გვქონდეს რეგულარული სკრინინგი და ტესტირება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რისკ-ჯგუფების წარმომადგენლებისთვის. ეს კი მხოლოდ ბ ჰეპატიტს არ ეხება - გარკვეული პერიოდულობით კვლევები ბევრი გადამდები დაავადებისგან გვიცავს.
რატომ უნდა მოვეკიდოთ ყურადღებით ბ ჰეპატიტის სიმპტომებს?
ბ ჰეპატიტი სერიოზული დაავადებაა, რომელიც სათანადო ყურადღებისა და ფრთხილად მოპყრობას მოითხოვს. გადაცემის გზების ცოდნა, სიმპტომების დროული ამოცნობა და პროფილაქტიკური ღონისძიებების დაცვა საშუალებას იძლევა, ამ ინფექციისგან ასე თუ ისე დაცულები ვიყოთ. რეგულარული სამედიცინო კონტროლი და ფრთხილი ცხოვრების წესი კი ამ დაავადების თავიდან აცილების ყველაზე ეფექტური გზაა.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ის საკმაოდ დიდ თავის ტკივილად შეიძლება იქცეს - გადაიზარდოს ქრონიკულ ფორმაში, დააზიანოს ერთერთი უმნიშვნელოვანესი ორგანო, ღვიძლი, და სხვა დაავადებებს დაუდოს სათავე, მათ შორის - ონკოლოგიურ პრობლემებსაც კი.
(R)