„ორჯერ გავხდი სუროგატი დედა და ორივეჯერ ვთქვი, რომ ახალშობილი გარდაიცვალა“ - მძიმე ინტერვიუ, რომელიც ბევრს დააფიქრებს
"სუროგატი დედა" - ეს ორი სიტყვა იდუმალებითაა მოცული. ზოგს ჰგონია, ასეთი დედები ერთეულები არიან, მაგრამ მათი რაოდენობა ბოლო წლების საქართველოში საგრძნობლად გაიზარდა. ეს ქალები ჩვენ გვერდით ცხოვრობენ, შესაძლოა ყოველდღე ვხვდებით და ვესალმებით, მაგრამ მათ პრობლემებზე ერთხელაც არ დავფიქრებულვართ.
თეა ნ. სუროგატი დედაა. რა თქმა უნდა, თავისი ვინაობის გამხელა არ სურს, მიუხედავად იმისა, რომ მეუღლემ კარგად იცის, რა სახსრებით ინახავს თეა ოჯახსა და შვილებს. ამბობს, რომ მისი ცხოვრება ბანალურად დაიწყო, მაგრამ მერე უცნაურად წარიმართა:
- ჩემი ამბავი ძალიან ბევრი ქალის ამბავს ჰგავს: ბანკეტიდან გავიპარე სკოლის ყველაზე სიმპათიურ ბიჭთან ერთად, რომელიც ბოლო კლასებში მიყვარდა და მეგონა, კარგად ვიცნობდი. დღემდე ერთად ვართ. არ ვიცი, როგორ და რანაირად, მაგრამ ჩვენს ოჯახში მარჩენალის ფუნქცია მე ვიკისრე. არ იფიქროთ, რომ ჩემი მეუღლე ლოთი ან ნარკომანია, მაგრამ მისი შემოსავალი არასტაბილურია და ჩემს ოჯახს ერთ კვირასაც ვერ ჰყოფნის. ორი გოგონას დედა ვარ, უფროსი 15 წლისაა, ხოლო უმცროსი - 10-ის. როგორც ყველა დედა, მეც ვნატრობ, რომ მათ საუკეთესო მომავალი ჰქონდეთ. ამ მიზნის მისაღწევად მხოლოდ ორი გზა მქონდა დარჩენილი - ან უცხოეთში გადავხვეწილიყავი და ჩემი შვილები წლობით არ მენახა, ან სიღატაკეს შევგუებოდი. არც ერთი მსურდა და არც მეორე, ამიტომ ისეთი ნაბიჯი გადავდგი, ადრე რომ ვერც წარმომედგინა - 8 წლის წინ ინტერნეტში შემთხვევით გადავაწყდი განცხადებას, რომ ერთ-ერთ კლინიკას სუროგატი დედები სჭირდებოდა. კლინიკაში მივედი და ანაზღაურება იმდენად მომეწონა, რომ საკმაოდ სარისკო წინადადადებას დავთანხმდი: 15 ათას დოლარად ინდოელი წყვილისთვის შვილი უნდა გამეჩინა. რა თქმა უნდა, ბავშვის ბიოლოგიური მშობელი მე არ ვიქნებოდი. მეუღლეს ჯერ არ ვუმხელდი, მაგრამ რომ ვუთხარი, დიდი წინააღმდეგობა არ გაუწევია. ალბათ, ყველამ არ იცის, ვინ არიან სუროგატი დედები: სუროგატი დედა არის ქალი, რომელიც ხელოვნური განაყოფიერების გზით აჩენს და ამას ანაზღაურების სანაცვლოდ აკეთებს. ზოგიერთი მათგანი მარტოხელაა, მაგრამ უმეტესობას მეუღლეც ჰყავს და შვილებიც.
- შენი დაკვირვებით, რატომ შეიძლება გახდეს ქმრიანი ქალი სუროგატი დედა?
- მთავარი მიზეზი ფინანსური პრობლემებია. მთავარი პირველი ნაბიჯია, თორემ მერე ათასგვარ მიზეზს ეძებ შენი გადაწყვეტილების გასამართლებლად: ფიქრობ, რომ უშვილო წყვილს ეხმარები, რომ დიდ სიკეთეს სჩადიხარ, მით უმეტეს, როცა მიღებული თანხით შეგიძლია შენს შვილებს ნორმალური პირობები შეუქმნა, განათლება მისცე და გზაზე დააყენო. თანაც, სუროგატი დედების ანაზღაურება ცოტა ნამდვილად არ არის და წინა წლებთან შედარებით თითქმის გაორმაგდა. ამიტომ ამ რისკზე ბევრი მიდის. ალბათ, მკითხავთ, რა რისკზე ვლაპარაკობ: ჩვენი საზოგადოების ნაწილს ჩვენ მიმართ ძალიან მკაცრი დამოკიდებულება აქვს, ბევრის აზრით, სუროგატი დედა საკუთარ შვილს ყიდის და ეს სამარცხვინო ნაბიჯია. საზოგადოებრივ წნეხს ისიც ემატება, რომ ორსულობის პირველ თვეებში ბევრ მედიკამენტს ვსვამთ, რომ ემბრიონი გადარჩეს და სიცოცხლე შეინარჩუნოს. ამის გამო თავს ცუდად გრძნობ და ძალიან სუსტად ხარ. მე ვიცნობ ახალგაზრდა ქალს, რომელსაც ერთი შვილი ჰყავს, მეორის გაჩენაც უნდოდა, მაგრამ სუროგაციის შემდეგ ორსულობა გაურთულდა, საკეისრო კვეთა დასჭირდა და საშვილოსნო დაკარგა. ბუნებრივია, მეორე შვილს ვეღარ გააჩენს. სუროგატი დედების ხვედრი არ არის ადვილი - წამლები, ნემსები, ნერვიულობა - ეს ყველაფერი ადამიანის ფსიქიკაზეც მოქმედებს და მის ჯანმრთელობაზეც. იხილეთ სრულად