"ჯანმრთელ ბავშვზე მითხრეს, გულის შეტევით გარდაიცვალაო... ახლა იუსტიციის სახლში გავიგე, რომ ჩემი ეს მშობიარობა არც დაფიქსირებული" - ქალი 1993 წელს დაბადებულ შვილს ეძებს
ხათუნა რაზმაძე 30 წელია, დაწყებითი კლასების მასწავლებელია, საქართველოს მასშტაბით მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2021 წლის გამარჯვებულია. არის რამდენიმე წიგნის და არაერთი საგანმანათლებლო, სასწავლო-მხიარული რესურსისა და ბევრი საინტერესო აქტივობის ავტორი. ის ცოტა ხნის წინ AMBEBI.GE-ს სტუმარი იყო. სმენის დარღვევის მქონე, იმპლანტირებულ შვილზე, ბარბარე ნარჩემაშვილზე გვესაუბარა. ხათუნა რაზმაძე 5 შვილის დედა და 4 შვილიშვილის ბებიაა.
რეალურად კი 6 შვილი ჰყავს გაჩენილი. ერთი აკლია. აქამდე ასე იცოდა, რომ გოგონა სამშობიაროში გარდაიცვალა... მიუხედავად იმისა, რომ ის ამ შვილს 30 წლის მანძილზე, როგორც გარდაცვლილს ისე იხსენიებდა, ბოლო ერთი წელია, რაც აზრები სრულიად შეეცვალა. განვლილი ცხოვრების გარკვეული ფურცლებს სხვაგვარად გადახედა და შეაფასა, რაზეც ახლა ვრცლად ისაუბრებს.
ხათუნა რაზმაძე:
- ჩემს თავს ძალიან საინტერესო ამბები დატრიალდა. 1993 წელის 10 აგვისტოს ჩაჩავას კლინიკაში რიგით მეორე შვილი, სრულიად ჯანმრთელი გოგონა გავაჩინე. 19 წლის ვიყავი... ნორმალური ფეხმძიმობა მქონდა, მშობიარობაც უპრობლემო იყო. ექიმი წინასწარ აყვანილი არ მყოლია. მშობიარობამდე სოფელში ვისვენებდით, სადაც უფროსი შვილი მყავდა წაყვანილი და სამშობიარო ტკივილი იქ დამეწყო. სოფლის ახლობელმა ექიმმა მითხრა, ქალაქში ჩაასწრებო. მართლაც თბილისში მშვიდობიანად ჩამოვედით და „ჩაჩავაში“ მორიგე ექიმთან მოვხვდი. იმ საღამოს დაიბადა ჩემი მეორე შვილი - 2 კილო და 700 გრამი იყო... ახალშობილი გულზე დამაწვინეს, პირველი 3-5 წუთის მანძილზე მოვასწარი ჩახუტება, მისი სურნელის გაზიარება და მოფერება. დედის ცხოვრებაში ყველაზე ამაღელვებელი წუთები რაც არის, ეს განვიცადე. მერე ბავშვი ცალკე გადაიყვანეს. გასინჯვის შემდეგ პედიატრმა თქვა, რომ ჯანმრთელია და კარგად არის.
იმ საღამოს, როგორც ყველა ქართულ ოჯახში, გოგონას დაბადების აღსანიშნავად, ჩვენთანაც სუფრა გაიშალა, ახალდაბადებული სადღეგრძელოებით აავსეს, დალოცეს. იმ ღამემ ჩემთან, სამშობიაროშიც კარგად ჩაიარა, არანაირი გართულება არ მქონია. შემდეგ, როდესაც დედაჩემმა ბავშვისთვის შესაბამისი ტანსაცმელი, გასახვევი მოიტანა, თურმე კლინიკაში რაღაც ჩოჩქოლს შეესწრო. უკითხავს, - რა ხდებაო? ნარჩემაშვილის გოგონა (ნარჩემაშვილი მეუღლის გვარია) გარდაიცვალაო. თუმცა ამის შესახებ, იქ ჩემთვის არაფერი უთქვამთ.
- ბავშვი თქვენ არ შემოგიყვანეს?
- როდესაც მოვიკითხე, უცნაური პასუხი მივიღე, ცოტა პატარაა, არ დავაძალოთ ძუძუს წოვა და რამდენიმე დღეში შემოგიყვანთო. ამიტომ რძეს ვიწველიდი და ვაგზავნიდი. დედაჩემის კი უთხრეს, რომ ბავშვის გარდაცვალება ხათუნას არ უთხრათ, დაბალი ჰემოგლობინი აქვს, ახალნამშობიარევია და მისთვის ნერვიულობა არ შეიძლებაო. მოკლედ, ოჯახმა იცოდა და მე - არა, რომ ბავშვი აღარ იყო. ჩემს მამამთილს მოუთხოვია, ცხედარი გამატანეთ, რომ ახალგარდაცვლილის სხეული ჩემი ოჯახის სასაფლაოზე დავკრძალოო. ვერ გაგატანთ, ასეთ დროს სამშობიაროს სასაფლაოზე ხდება დაკრძალვაო. ოჯახის წევრები ნერვიულობდნენ, განიცდიდნენ, რომ ვერ მეუბნებოდნენ. სამშობიაროში ვკითხულობდი, რატომ არ მოგყავთ ჩემი გოგონა, მპასუხობდნენ, რომ ჯერ ადრეა. ყველაზე ცუდი, რაც იყო მაჯერებდნენ, რომ ცუდად ვიყავი და საწოლიდან არ უნდა ავმდგარიყავი. რამდენი საწოლიდან ფეხს გადმოვდგამდი, მეუბნებოდნენ, - დაწექი, შენთვის წამოდგომა არ შეიძლებაო.
- მართლა ასდე ცუდად იყავით?
- წამოდგომისას თითქოს თავბრუ მეხვეოდა, მაგრამ ამ გადასახედიდან რაღაც ეჭვი მიჩნდება, რაიმე დამამშვიდებელს ხომ არ მაძლევდნენ, რომ მოვდუნებულიყავი... ახალგაზრდა ვიყავი, ბავშვი ნანახი და ჩახუტებული მყავდა, მერე დედა თავის შვილს 100 ბავშვში მაინც გამოარჩევს. ჰოდა, ბავშვის ჩემგან დამალვას თუ ცდილობდნენ, ჩემს სუსტად ყოფნას მიზეზად ამიტომ ხომ არ იდებდნენ, რომ მის სანახავად არ შევსულიყავი და მაბრკოლებდნენ?! ოჯახის წევრებს, კი უფრო ადვილად აჯერებდნენ, მაგრამ მაშინ ეს არც კი მიფიქრია... კლინიკიდან გაწერის დღე რომ დადგა და სახლში წასაყვანად მომაკითხეს (მეუღლე საერთოდ ვერ მოვიდა)... კიბეებზე ჩამოსვლისას სამედიცინო პერსონალმა მითხრა, რომ ბავშვს ვერ წაიყვანთ, იმიტომ, რომ თქვენი შვილი გარდაიცვალა. მახსოვს, უცებ ყველაფერი როგორ ჩამობნელდა და ჩავიკეცე. ამბავი ძალიან შავ ფერებში აღვიქვი. ის მაინც რომ მცოდნოდა, რომ ცუდად იყო, ჩემი მხარდაჭერა, ლოცვა უნდოდა, რასაკვირველია მანამდე ყველაფერს გავაკეთებდი... საოცარი შოკი მქონდა.
- ჩვილის გარდაცვალების მიზეზი არ იკითხეთ?
- მეორე დღეს გულის შეტევითო... თუმცა, ვიმეორებ, ბავშვის ცხედარი არავის გვინახავს. მიუხედავად იმისა, რომ პატარა გოგო ვიყავი, ამ მოულოდნელი ამბის გამო ძალიან მძიმე დეპრესია დამემართა...იხილეთ სრულად