მარიამ ელიეშვილი დედა გახდა- რა დაარქვა წყვილმა ბავშვს, რომელიც ამერიკაში დაიბადა?
მომღერალი მარიამ ელიეშვილი დედა გახდა. მას და ბიზნესმენ გიორგი მჭედლიშვილს ვაჟი შეეძინათ. წყვილმა ბავშვს საბა დაარქვა.
მარიამმა ამერიკაში იმშობიარა.
მშობიარობამდე რამდენიმე დღით ადრე მარიამს ჟურნალ "თბილისელებთან" ჰქონდა ინტერვიუ. გთავაზობთ ინტერვიუს ფრაგმენტებს:
მარიამ ელიეშვილი: დიდი სიყვარულით მოვიკითხავ მთელ საქართველოს, ჩემს მსმენელებს, ჩემს თითოეულ გულშემატკივარს შორეული ამერიკიდან. დიდი მადლობა თქვენ ამ თემით დაინტერესებისთვის. ასევე, დიდი მადლობა ყველა ადამიანს თბილი სიტყვებისა და დალოცვისთვის, რომელსაც უანგაროდ იმეტებენ ჩემთვის ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპზე. მათ სიყვარულს მუდმივად ვგრძობ. მხოლოდ და მხოლოდ ერთი ფოტო გამოვაქვეყნე ჩემს სოციალურ ქსელში, ეგრეთ წოდებულ, „სთორიზე“ და უამრავი ადამიანისგან მივიღე უდიდესი სითბო, სიყვარული და მოლოცვა მომავალ დედობასთან დაკავშირებით.
დიახ, ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებით ლამაზი და სასიამოვნო პერიოდია, რაც ყველა ქალის ცხოვრებაში გამორჩეულია. შვილის მოლოდინი საოცარი შეგრძნება ყოფილა. ალბათ, ყველა დედიკო გამიგებს. ეს შეგრძნება პირველად მაქვს, დედა პირველად ვხვდები და უფლის მადლიერი ვარ. ვემზადები ცხოვრების ახალი ეტაპისთვის.
ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ჩემს მეუღლეს, გიორგის, რომელიც მაქსიმალურად მიწყობს ხელს, რომ ჩემთვის ეს პერიოდი ძალიან მშვიდი და ლაღი იყოს. ნებისმიერი პასუხისმგებლობა ჩემთან ერთად აქვს გაზიარებული და გვერდში მიდგას და ყველაფერში ჩართულია. შესანიშნავი მეორე ნახევარია. მოგეხსენებათ, ბავშვის მოლოდინში ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი და ის არცერთ მომენტს არ ტოვებს: იქნება ეს ექიმთან კონსულტაცია, სახლის მომზადება თუ ტანსაცმლის შერჩევა ჩვენი პატარასთვის. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გადატვირთული გრაფიკი აქვს, ცდილობს, არცერთი წამი არ დაკარგოს და ეს პერიოდი მაქსიმალურად შემიმსუბუქოს.
მეც საკმაოდ აქტიური ვარ. მესამე ტრიმესტრშიც ვცდილობ, არ მოვდუნდე ამ თვალსაზრისით. თუმცა, ბუნებრივია, რომ ორგანიზმს დასვენებაც სჭირდება და ჩემი მეუღლე ყველანაირად მიწყობს ხელს.
– როგორ შეიტყვე ფეხმძიმობის შესახებ და როგორ გახსენდება იმდროინდელი ემოციები?
– ვერ აღვწერ, იმდენად მოულოდნელი სიხარული იყო. აქ ჩამოსვლიდან ძალიან მალე გავიგე, რომ პატარა გვეყოლებოდა. ჩემს საქორწილო ფოტოებში, ოდნავ უკვე მეტყობოდა პატარა მუცელი და სხვათა შორის, ახლა უკვე ბევრი აღნიშნავს, რომ ქორწილის ფოტოების ნახვის შემდეგ, ეს აზრი გაუჩნდათ კიდეც (იცინის). ისე გამოვიდა, რომ ჩვენს ქორწილში უკვე სამნი ვიყავით, მე გიორგი და პატარა. ქორწილის ფოტოები და ვიდეო ისედაც ხომ ძალიან დასამახსოვრებელი და ძვირფასია ადამიანისთვის, მაგრამ ჩვენთვის – კიდევ უფრო მეტად, რადგან უკვე სამნი ვიყავით. ეს ჩვენი ოჯახებისთვის დიდი ბედნიერებაა. მინდა, ყველა წყვილს, ვისაც შვილის ყოლა უნდა, ვუსურვო თავიანთი სიყვარულის გაგრძელება ჯანმრთელ და ბედნიერი პატარაში.
– მეუღლეს როგორ უთხარი ამის შესახებ?
– რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩემს მეუღლეს ვუთხარი. გადავწყვიტეთ, რომ სქესის გაგების ცერემონიალიც მხოლოდ ჩვენთვის გაგვეკეთებინა, ანუ პირველებს ჩვენ გაგვეგო, გოგო გვეყოლებოდა თუ ბიჭი. წარუშლელია ეს ემოციები. განსხვავებულს ვერაფერს ვიტყვი, რაც სხვა წყვილს არ გამოუცდია. ეს ჩვენი სიყვარულის ულამაზესი დაგვირგვინებაა და ახლა უდიდესი სიხარულით ველოდებით ჩვენს პატარას.