რემონტის დაწყებამდე გადადგმული 2 კრიტიკული ნაბიჯი – აზომვითი ნახაზი და წყლის ჟონვის დიაგნოსტიკა | Allnews.Ge

რემონტის დაწყებამდე გადადგმული 2 კრიტიკული ნაბიჯი – აზომვითი ნახაზი და წყლის ჟონვის დიაგნოსტიკა

რემონტის დაგეგმვისას ზუსტად ვიცით, როგორი იქნება ჩვენი ინტერიერის დიზაინი, რა ტიპის ავეჯი და განათება გვექნება სახლში და შორიდან ყველაფერი თითქოს ძალიან მარტივი ჩანს, თუმცა როდესაც გადაწყვეტილების განხორციელების დრო მოდის, თითქოს არ ვიცით, საიდან დავიწყოთ.

პროცესის დაწყებამდე ამ ორი მთავარი ნაბიჯის გადადგმა მნიშვნელოვნად დაგვიზოგავს დროს, დამატებით ხარჯებს და დაგვეხმარება ბინის უკეთ დაგეგმარებაში:

1. აზომვითი ნახაზის შედგენა;

2. კომუნიკაციების შემოწმება და საჭოების შემთხვევაში, შეცვლა/შეკეთება

ბინის პროექტირებამდე მნიშვნელოვანია შეადგინოთ აზომვითი ნახაზი, რომელიც სრული სიზუსტით აღწერს უძრავი ქონების გეომეტრიულ მახასიათებლებს, იქნება ეს მიწის ნაკვეთი, კერძო სახლი თუ ბინა.

გასათვალისწინებელია, რომ აზომვა უნდა მოხდეს პროფესიონალის მიერ და აუცილებლად მაღალი სიზუსტის გეოდეზიური ხელსაწყოს გამოყენებით, რაც თითქმის გამორიცხავს ცდომილებებს. დოკუმენტი მოიცავს ინფორმაციას საზღვრების, ფართობის, შიდა განლაგების (ბინის აზომვა, ოთახების განლაგება) და სხვა დეტალების შესახებ, რომელიც სრულ წარმოდგენას ქმნის უძრავ ქონებაზე და აუცილებელია მისი დაგეგმარებისას. აზომვითი ნახაზის მომზადება რემონტისთვის ხელმისაწვდომია სხვადასხვა ონლაინ პლატფორმაზე, სადაც შეძლებთ, თქვენთვის სასურველ ადგილმდებარეობაზე შეარჩიოთ სპეციალისტი და შეუთანხმდეთ ფასზე.

ბინის დაგეგმარებისთვის დაგვჭირდება კონკრეტულად შიდა აზომვითი ნახაზი, რომელიც ფართის მდგომარეობას დეტალურად აღწერს. ეს კი სამომავლოდ სწორი პროექტის შედგენაში დაგვეხმარება.

რაც შეეხება კომუნიკაციების შემოწმებას, აღნიშნული საკითხის უყურადღებოდ დატოვებამ შეიძლება სამომავლოდ დიდი ფინანსური ზიანი მოგვაყენოს. სანტექნიკის გამართულად მუშაობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ არ გაგვიფუჭდეს რემონტი, არ დანესტიანედეს სახლი და ზიანი არ მივაყენოთ მეზობლებსაც.

რემონტის დაწყებამდე რეკომენდებულია გადაამოწმოთ, ხომ არ ჟონავს წყალი სახლში. მისი ძირითადი ნიშნებია: კედლების სიშავე, ობი, ნესტის, ზედაპირების დაზიანება და წყლის ნაკადის შემცირება ან სისტემის მთლიანად მოშლა. წყლის ჟონვის დიაგნოსტიკა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უკვე მარტივად არის შესაძლებელი. პროცედურა ტარდება თერმული კამერით, რომელიც სწრაფად იჭერს კედლიდან ან იატაკიდან გამოსხივებულ ინფრაწითელ სხივებს, აფიქსირებს ტემპერატურულ ცვლილებას კედელში და ამის ხარჯზე პოულობს ადგილს, სადაც წყალი ჟონავს. წყლის ჟონვის ადგილმდებარეობის აღმოჩენის შემდეგ მნიშვნელოვანია სისტემის საფუძვლიანად შეკეთება, რისთვისაც ერთი მხრივ, მასალები უნდა იყოს ხარისხიანი და მეორე მხრივ, სანტექნიკოსმა მაღალ დონეზე უნდა შეასრულოს თავისი სამუშაო. იმ შემთხვევაში, თუ პრობლემა რთულად მისადგომ ადგილებში დაფიქსირდა, მნიშვნელოვანია მისი სრული კვლევა კამერებით, რათა სამომავლოდ სრულად დაზღვეულები ვიყოთ დაზიანებისგან.

არსებობის შემთხვევაში წყლის ჟონვის გამოვლენა ბინაში საშუალებას მოგცემთ, დროულად მიიღოთ ზომები და მშვიდად დაიწყოთ სახლის რემონტი სანტექნიკის მოწესრიგების შემდეგ.

როგორც აზომვითი ნახაზი, ისე სანტექნიკის შემოწმება და მისი მოწესრიგება პირველი ნაბიჯებია, რაც რემონტის დაწყებამდე უნდა გადაიდგას. არსებული სირთულეების გამოვლენა და მათი ლიკვიდაცია სამომავლოდ დროის, ფინანსური და ადამიანური რესურსის დაზოგვას ნიშნავს.

აღნიშნული სერვისების მოძიება უკვე მარტივად არის შესაძლებელი სანდო ონლაინ პლატფორმებზე, სადაც რეალური პირები წერენ შეფასებებს და მარტივად შეძლებთ პროფესიონალის პოვნას საქართველოს ნებისმიერ კუთხეში.

რაც შეეხება სერვისების ფასებს, ისინი დამოკიდებულია შიდა აზომვითი ნახაზისა თუ სანტექნიკის (მათ შორის წყლის ჟონვის) ხარვეზების სირთულეზე, მასშტაბურობასა და შეკეთების ხარჯებზე.