მითი თუ რეალობა სტალინის მამის ორ საფლავზე?! - ""კეკე" ამბობდა, თავისი დისშვილის ოჯახში მოკვდა და იქვე დამარხესო"
ოფიციალურად ცნობილია, რომ ბესარიონ (ბესო) ჯუღაშვილი 1909 წლის 12 აგვისტოს, ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა, თბილისის ე.წ. მიხეილის საავადმყოფოში. თელავში ბესარიონ (ბესო) ჯუღაშვილის სავარაუდო საფლავის არსებობის შესახებ, კვლევის შედეგებს და მოსაზრებებს გვაცნობს თენგიზ სიმაშვილი - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი.
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცულ ერთ-ერთ მოგონებაში ვკითხულობთ:
"1906 წელს მეგაზეთემ გაზეთი მოგვიტანა... ვანქის ქუჩაზე ბესო ჯუღაშვილი მოკლესო. სოსო შეწუხდაო“. სტალინის ბიოგრაფიის ზოგიერთი მკვლევარი თუ მწერალი ბესარიონ ჯუღაშვილის გარდაცვალებისა თუ მკვლელობის ადგილად ქალაქ თელავს ასახელებს. მაგალითად, რომან ბრაკმანი წერს, რომ ბესარიონ ჯუღაშვილი 1906 წლის მარტში თელავში მოკლეს. ანატოლი რიბაკოვი წიგნში „არბატის შვილები“ აღნიშნავს:
„შემდეგ მოვიდა წერილი, რომ მამა თელავში მთვრალების ჩხუბში მოკლეს და იქვე თელავში დაკრძალეს, თუ სად, არავინ იცის.“ ორივე ინფორმაცია არანაირი დოკუმენტური მასალით არაა დადასტურებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში ასევე დაცულია 1954 წლით დათარიღებული დოკუმენტები - ანონიმური წერილები, რომლის ავტორი ასაბუთებს, რომ სტალინის მამის საფლავი ქალაქ თელავში იყო. მართლაც, თელავში, ე.წ. ქართველების სასაფლაოზე ჩრდილო-აღმოსავლეთით, სასაფლაოს კედელთან ახლოს მდებარეობს საფლავი სურათით და წარწერით - ბესო ჯუღაშვილი. ანონიმურ წერილში მითითებულია მიზეზიც, თუ რატომ დამარხეს ბესარიონ ჯუღაშვილი ქალაქ თელავში: „თვითონ კეკე“ ამბობდა, რომ თავისი დისშვილის ოჯახში მოკვდა და იქვე დამარხესო. მე, როგორც ღარიბი, ვერ წავედიო...“ .
აღსანიშნავია, რომ ბესარიონ ჯუღაშვილს ჰყავდა ერთი ძმა - გიორგი, მას ღვიძლი და არ ჰყოლია.
ბესო ჯუღაშვილის სავარაუდო საფლავის თელავში მდებარეობის შესახებ, არსებული მასალის გადამოწმების მიზნით, მოვიძიე დამატებითი ინფორმაცია. აღმოჩნდა, რომ ქალაქ თელავის ძველ მაცხოვრებლებს ახსოვთ, რომ თელავში, ე.წ. ქართველების სასაფლაოზე, ამჟამად არსებულ საფლავზე (ფოტოსურათით და წარწერით „ბესო ჯუღაშვილი“) იდო სულ სხვა, საფლავის ძველებური ქვა წარწერით - "ბესო ჯუღაშვილი", მასზე ამოჭრილი პატარა ჯვრით.
საფლავის ძველი ქვა, თელავის ისტორიული მუზეუმის არქეოლოგიური განყოფილების ფონდებში ინახება. ქვა დაზიანებულია - მასზე გაკეთებული წარწერის ნახევარი მომტვრეულია. მკაფიოდ ჩანს ჯვარი. ფრაგმენტულად, მაგრამ გარკვევით იკითხება ქართულ ენაზე ამოტვიფრული წარწერა - ბე... და ჯუღა... შესაბამისი დარგის სპეციალისტებმა ამიხსნეს, რომ აღნიშნული საფლავის ქვა არის ე.წ. ქვიშაქვა. მის მსგავს დაბალი ხარისხის ქვებს ძველად უბრალო ადამიანების საფლავის ქვებად იყენებდნენ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თელავში ჯუღაშვილების გვარის წარმომადგენლები ადრიდანვე ცხოვრობდნენ. შესაბამისად, შესაძლებელია ეს პატარა ზომის საფლავის ქვა რომელიმე მათგანის გარდაცვლილი ოჯახის წევრისაც იყო. თვითონ ქვის სტრუქტურა კი არის შრეობრივი ხასიათის, ამიტომ დროთა განმავლობაში ქვა ზიანდება. იხილეთ სრულად