რას გვიყვებიან ბიჭები, რომელთა პარიზის მეტროში შესრულებული სიმღერა ინტერნეტჰიტად იქცა?
რამდენიმე დღის წინ, მაშინ, როცა ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ლონდონის "არსენალი“ დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა, სოციალური ქსელი ემოციურმა ვიდეომ მოიცვა. ვიდეოში პსჟ-ს მაისურიანი ახალგაზრდა მეგობრებთან ერთად პარიზის მეტროში "ბინდისფერია სოფელის" აკაპელას მღერის. ambebi.ge-მ გაარკვია ამ ახალგაზრდების ვინაობა, რომელთა შორის არის 20 წლის დუშელი ლუკა ისაშვილი (სოცქსელებში - "პუშკინა“). ლუკა მუსიკაზე უზომოდ შეყვარებული თვითნასწავლი მომღერალია, მესამე წელია პარიზში იმყოფება და მეგობრებთან ერთად ხშირად უწევს ქუჩასა თუ მეტროში ქართული-ხალხური რეპერტუარის შესრულება.
ლუკა ისაშვილი:
- ნახევარფინალის დღეს მე და ჩემი მეგობრები, მათ შორის - ბერდო ჭინჭარაული და გიორგი ღვინაშვილი (რომლებიც ვიდეოში ჩანან) ქართულ რესტორან "ვაზში“ ეკრანზე ვუყურებდით თამაშს და ხვიჩას ვგულშემატკივრობდით.
სხვადასხვა მხარეს მივდიოდით სახლებში და დამშვიდობებისას მეტროს გვირაბში გადავწყვიტეთ გვემღერა. მანამდე, გახარებულებმა რესტორანში, ქუჩაში, მეტროში ჩასვლამდე იმდენი ვიყვირეთ, ვიღრიალეთ და ვიმღერეთ, რომ მართლა ბოლო ხმები ამოვუშვით და ამ სიმღერით დავასრულეთ. დამშვიდობებისას გავძახე ბერდოს, ფანდური გააძრე-მეთქი და იმან იქედან, მოიცა, აკაპელა ვიმღეროთო და "ბინდისფერია სოფელი“ შევასრულეთ. ვიდეო ჩვენმა მეგობარმა ნიკუშა ეთერიშვილმა გადაიღო და ძალიან უხარია, ასეთი დიდი გამოხმაურება რომ მოჰყვა. მართლა ძალიან სევდიანი სიმღერაა, არაა საზეიმო, მაგრამ ბავშვობიდან ძალიან მიყვარს, მამა და ბიძაჩემები მღეროდნენ ხშირად. ოჯახში არავინ მყავს პროფესიონალი მუსიკოსი და მომღერალი. მე და ჩემი ძმა ერთხანობას მუსიკით და ხალხური საკრავებით დავინტერესდით, ფანდურის შესწავლა დავიწყეთ, იქ ელემენტარული ვისწავლე, დანარჩენი - ჩემით.12-13 წლიდან ვმღერი, მოყვარული ვარ, ვუკრავ ფანდურზე და გიტარაზე.
არც ჩემი მეგობრები არიან პროფესიონალები, დროდადრო ასე ვირთობთ თავს - ვმღერით პარიზის ქუჩებში და მეტროში, ძირითადად ხალხურ სიმღერებს. ღმერთმა მოგვცა ნიჭი და სადაც და როგორც გვემღერება, ისე ვმღერით. მესამე წელია, პარიზში ვცხოვრობ და ეს ბიჭები 2-3 თვეა რაც გავიცანი, მალე გამოვნახეთ საერთო ენა. პარიზში საკმაოდ ბევრი ქართველია... იხილეთ სრულად