18 საათიანი კვება, ჩიას და სელის თესლის გავლენა ორგანიზმზე, ინსულინრეზისტენტობა და სხვა - ნატა გაგუა საზოგადოების შეკითხვებს პასუხობს
„სახალხო ინტერვიუ“ - „დაუსვი შეკითხვა“ - ambebi.ge -ს საშუალებით შესაძლებლობას გაძლევთ, შეკითხვა დაუსვათ თქვენთვის სასურველ და სპეციალურად შერჩეულ რესპონდენტს (ცნობილ თუ უცნობ ადამიანს). შეკითხვის დასმა შესაძლებელია ambebi.ge -ს კომენტარების ველში ან ambebi.ge -ს „ფეისბუქგვერდზე“.
თქვენს შეკითხვებს ამჯერად „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „სახალხო ინტერვიუ“ ექიმი-ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა უპასუხებს.
გთავაზობთ გადაცემიდან საინტერესო ეპიზოდებს. სრულად კი გადაცემის ნახვა შესაძლებელია მითითებულ ბმულზე.
ქეთი:
- ქალბატონო ნატა, რა ანალიზები უნდა გავიკეთოთ თქვენთან კონსულტაციამდე? რომელი ანალიზების შედეგებით ჯობია, რომ მოვიდეთ პირველი კონსულტაციაზე?
- თავიდან ჯობია, ოჯახის ექიმს მიმართოთ, რადგან ექიმი დეტალურ ანამნეზს შეაგროვებს, თქვენს გენეტიკურ განწყობასაც გამოიკითხავს. თუ რომელიმე ქრონიკული დაავადებები გაქვთ, დინამიკაში გამოგკითხავთ. შემდეგ კონკრეტული ანალიზებს ჩამოგიწერთ, რომელიც უნდა ჩაიტაროთ. ამით საქმე გაგიმარტივდებათ... შემდეგ პასუხებით ექიმთან განმეორებით ვიზიტზე მიხვალთ. თუ ყველა ანალიზის გაკეთებას ვერ შეძლებთ, მაშინ აუცილებელია, სისხლის საერთო, შარდის საერთო ანალიზები, ქალბატონებისთვის რკინის და ფერიტინის მდგომარეობის, ასევე ფარისებრი ჯირკვლის სტატუსის განსაზღვრა.
სოფო:
- ჩიას და სელის მარცვლებს რა გავლენა აქვს ადამიანის ჯანმრთელობაზე. განსაკუთრებით ვის სჭირდება მისი მიღება და აღიზიანებს თუ არა კუჭ-ნაწლავის ტრაქტს?
- აღიზიანებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რომელიმე დაავადებაა გამწვავებული. მაგალითად, თუ კუჭის წყლულოვანი ან თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადების მძიმე ფორმაა ან არის რაიმე ალერგიული რეაქცია, რაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პასუხით გამოიხატება, ეს ორი პროდუქტი აუცილებლად გასტროენტეროლოგის რჩევით უნდა მიიღოთ.
სელის თესლი კარგია კანისთვის, ასევე კუჭის მოქმედებისთვის და ხშირად გამოიყენება გასტროენტეროლოგიური დაავადებების დროს, მაგრამ დოზების დაცვაა აუცილებელი. უნდა დაიწყოთ ერთი სუფრის კოვზით და შემდეგ დღის განმავლობაში 2 სუფრის კოვზზე გადახვიდეთ. კარგად უნდა დაღეჭოთ, ან უხეშად დაფქვათ. თუ ძალიან სუფთადაა დაფქული, ის არ მოიტანს იმ სარგებელს, რა თვისებებითაცაა სელის თესლი დაჯილდოებული. აუცილებლად სითხეში უნდა გახსნათ და გამოიყენოთ 2 კვირის განმავლობაში. შემდეგ კი დაისვენოთ.
ჩიაც ძალიან სასარგებლოა. ის გამოიყენება კუჭის მოქმედებისთვის, აქვს არაჩვეულებრივი უჯრედისი, რომელიც ქმნის იმ თავისებურებას, რომ მიღებისას ორგანიზმში ფუვდება. ამის გამო მადის მართვას შესაძლებელს ხდის.
ნიკოლოზი:
- 18-საათიან კვებაზე რას იტყვით? ხომ არ ვნებს ორგანიზმს?
- ორგანიზმს არ ვნებს, თუ დანარჩენ დროს ჯანსაღად ვიკვებებით. 18 საათი უზმო ინტერვალის განმავლობაში კარგია, თუ ვიღებთ მხოლოდ წყალს, რომელიც გამდიდრებულია მცირე რაოდენობის ლიმონის წვენით, ან რომელიმე სეზონური ხილით. დანარჩენ დროს უნდა ვიკვებოთ ჯანსაღი პროდუქტებით შედგენილი რაციონით.
როდესაც პირველად იწყებთ 18-საათიან უზმო ინტერვალს, გირჩევთ, ჯერ 12-საათიანი გატესტოთ, ორი კვირის შემდეგ გადახვიდეთ 14-საათიანზე, ორი კვირის შემდეგ კი 16-საათიანზე. თუ თქვენთვის ესეც ნორმა იქნება და ორგანიზმს არანაირი უკურეაქცია არ ექნება, შემდეგ შეგიძლიათ დაიწყოთ 18-საათიანი უზმო ინტერვალი.
ეს კვების რეჟიმი საშიშია, როდესაც ნაღვლის ბუშტში არის კენჭები და წყლულოვანი დაავადებაა მწვავე ფაზაში. დაბალ წნევიანებსაც ვურჩევ სიფრთხილით მოეკიდონ, რადგან ზოგჯერ შიმშილის დროს წნევა მკვეთრად ცემა, რაც სერიოზულ დისკომფორტს იწვევს.
უცნობი:
- ღამით რომელი საკვები ჯობია, რომ მივიღოთ?
- ღამით საერთოდ არ არის საკვების მიღება სასურველი, განსაკუთრებით დაძინებამდე 2 საათით ადრე. თუმცა თუ შიმშილის გრძნობამ ისე შეგაწუხათ, რომ ვერ იძინებთ, მაშინ უნდა მოხარშოთ რამდენიმე კვერცხი და მიირთვათ. თუ კვერცხზე ალერგიული ხართ, მაშინ კვერცხის ცილა მიირთვათ. თუ ამანაც არ დაგანაყრათ, მწვანე ფერის ბოსტნეული დაამატეთ. ამ ყველაფრისთვის თუ დრო არ გყოფნით, მაშინ ჩაის კოვზით ავიღოთ ქოქოსის კარაქი, ან ჩვეულებრივი კარაქი და პირში ჩადნობით მივიღოთ. თუ მადა დაითრგუნა, ე.ი. თქვენ მართლა გშიოდათ. თუ არადა, მხოლოდ ემოცია და შფოთვის ფონზე გინდათ რაღაც მიირთვათ. ასეთ დროს გირჩევთ, რომ ეს როგორმე გადალახოთ და მართოთ მადა იმისთვის, რომ არ მიეჩვიოთ ღამის კვებას. იხილეთ სრულად