"ჩვენს ქორწილში არანაირი ალკოჰოლი არ იყო..." - რას ჰყვება ქართველი ქალი სუდანელ მეუღლეზე, მათ ადათ-წესებსა და ჩინეთში ცხოვრებაზე
"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი და მათი კულტურა რადიკალურად განსხვავდება, ჩემი მეუღლე - ხალიდ სულეიმანი იმდენად მარტივი პიროვნებაა, თანაცხოვრებაში არ გვქონია რაიმე დაბრკოლება" - ამბობს სალომე შუბითიძე, რომელიც სუდანელ მამაკაცზეა გათხოვილი... სალომე თავის საინტერესო ცხოვრებაზე, სუდანზე, რადიკალურად განსხვავებულ ტრადიციებზე გვიამბობს...
- სალომე, თუ არ ვცდები, პირველი ქართველი ხართ, ვინც სუდანელ მამაკაცზეა დაქორწინებული
- დიახ, გულწრფელად გითხრათ, მეც არ გამიგია სუდანელზე დაქორწინებული სხვა ქართველის შესახებ...
- გვიამბეთ თქვენზე, სად დაიბადეთ და გაიზარდეთ, როგორი იყო თქვენი ცხოვრება საზღვარგარეთ წასვლამდე...
- დავიბადე და გავიზარდე თბილისის გარეუბანში. ვერ ვიტყვი, რომ სხვებისგან რამით გამორჩეული ცხოვრება მქონდა, პირველი შვილი და შვილიშვილი ვიყავი(ვარ) და შესაბამისად ბავშვობის პირველი წლები ნებივრობაში გავატარე. ეს ჩემი ბავშვობის ფოტოებშიც კარგად ჩანს...
6 წლის ვიყავი, ჩემი და რომ დაიბადა, მერე ცოტა აირია ცხოვრება და გაგვიჭირდა , მაგრამ მაშინ ალბათ ყველა ასე იყო. ძალიან კარგი ეზო(უბანი) გვქონდა, უამრავი ჩემი თანატოლით და ეს საუკეთესო ნაწილია ჩემი ბავშვობიდან. ერთად უამრავი ტკბილი მოგონება დავაგროვეთ მე და ჩემმა მეგობრებმა. ცოტა ხნის წინ ერთ ფოტოს წავაწყდი ინტერნეტში ბავშვობაზე “ალბათ ერთ დღეს ყველა ბოლოჯერ ავედით სახლში, და არავინ იცოდა რომ ეს ბოლო იყო” თუ რაღაც მსგავსი. ჩემს შემთხვევაში, ეს სხვანაირად მოხდა: 13 წლის ვიყავი, როცა ჩემი მშობლები დაშორდნენ და მე საცხოვრებელი შევიცვალე, შესაბამისად ჩემი ბავშვობაც, ნაწილობრივ მგონია, რომ იქ დამთავრდა. სკოლა 17 წლის ასაკში დავამთავრე ექსტერნად, 28 გამოცდა გვქონდა ჯამში ჩასაბარებელი.იმ პერიოდში დედა იყო ის ადამიანი, ვისაც სრული პასუხისმგებლობა ჰქონდა აღებული ჩემზე და ჩემს დაზე. სკოლა დავამთავრე, მაგრამ სწავლა ვერ გავაგრძელე და სკოლის დამთავრებისთანავე დავიწყე მუშაობა უბნის მაღაზიაში, კონსულტანტი ვიყავი.
ხელფასი 15 ლარი რომ ამეღო, 2 დღე უნდა მემუშავა, რადგან დღეში 7 ლარი იყო. ალბათ ახლა სასაცილოა, მაგრამ ჩემთვის ძალიან ტკბილი იყო ის ჩემი მოპოვებული „ხელფასი”. მახსოვს, ჩემი კლასი სკოლიდან მიდიოდა ყაზბეგში და მინდოდა ჩემი დაც ჩემთან ერთად წამეყვანა, ჰოდა ძალიან დიდხანს ვაგროვებდი ამ ხელფასით ექსკურსიის თანხას. ეს სამსახური რომ დავტოვე, მერე ლილო მოლში დავიწყე ფეხსაცმლის მაღაზიაში მუშაობა. ეს ბევრად რთული აღმოჩნდა, რადგან ყინვაში მიწევდა ფაქტობრივად ქუჩაში დგომა, თუმცა ამასაც გავუძელი. მერე იყო "ნიკორას" სუპერმარკეტი, სადაც წელიწად ნახევარი ვიმუშავე და ჩემი ცხოვრების ორი საუკეთესო მეგობარი შევიძინე. 2016 წლის ზაფხულამდე ვიმუშავე იქ და შემდეგ უკვე ძალიან სპონტანურად ჩინეთში წამოვედი. ამაზე ბლოგიც მაქვს დაწერილი... ჩინეთში ვმუშაობდი ბარშიც და ქართულ რესტორანშიც. ქართულ რესტორანში მუშაობა ჩემთვის ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო იმიტომ, რომ უცხო ქვეყანაში თითქოს და საქართველოს წარვადგენდი... იხილეთ სრულად