„ქვეყანაში ქართველების წილი მცირდება“ - ვის ხარჯზე იზრდება მოსახლეობა?
„საქსტატის“ მონაცემებით, 2025 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით, საქართველოს მოსახლეობა 9.9 ათასით გაიზარდა და 3 704 500 კაცი შეადგინა. ეს მაშინ როდესაც, ქვეყანაში 2024 წელს უარყოფითი ბუნებრივი მატება (-4 488) და დადებითი მიგრაციული სალდო (14 386) იყო.
კითხვაზე, ვის ხარჯზე იზრდება საქართველოს მოსახლეობა, სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ზრდა ხდება იმ უცხოელების ხარჯზე, რომლებიც შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეები არ არიან, თუმცა, საქართველოში ცხოვრობენ.
ამასთან, სტატისტიკოსი განმარტავს, რომ ქვეყანაში უფრო მეტი უცხოელი შემოდის, ვიდრე გადის. აქ დარჩენილები კი, ქვეყნის ფაქტობრივ მოსახლეობას წარმოადგენენ.
„საქართველოში ქართველების წილი მცირდება“
„ბოლო წლების სამწუხარო ტენდენცია ასაბუთებს, რომ საქართველოს მოქალაქეების მიხედვით ჩვენს ქვეყანას აქვს უარყოფით სალდო. ანუ გადის მეტი, ნაკლები შემოდის. ხოლო, არარეზიდენტების მიხედვით, ქვეყანას აქვს დადებითი სალდო. ე.ი. სხვა ქვეყნის მოქალაქე უფრო მეტი შემოდის, ვიდრე გადის. ეს არის იმის ერთ-ერთი ფაქტორი, რომ ქვეყანაში ქართველების წილი მცირდება.
თანაც, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი მოსახლეობა არის რეგიონში ყველაზე ხანდაზმული ერი. რეგიონში მედიანური ასაკი ჩვენთან უფრო მაღალია, ხოლო, მოსახლეობის სიმჭიდროვე შედარებით დაბალი. ეს კიდევ დამატებითი საფრთხის შემქმნელია“,- ამბობს სოსო არჩვაძე.
კითხვაზე, კონკრეტულად ვინ ითვლება საქართველოს მოსახლეობაში, სტატისტიკოსი ამბობს, რომ ამ რაოდენობაში ხვდებიან ის უცხოელები, ვინც ქვეყანაში უკვე საერთო მოთხოვნებს განსაზღვრავენ. იხილეთ სრულად