რა არის ცნობილი რეზი სოხაძის შესახებ, რომელიც ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე წარადგინეს?
გუშინ , ცნობილი გახდა, რომ ირაკლი ქარსელაძემ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობა დატოვა. მის ადგილას კი პრემიერმა ირაკლი კობახიძემ რევაზ სოხაძე წარადგინა. შეგახსენებთ რომ, ქარსელაძე აღნიშნულ თანამდებობას 2021 წლის თებერვლიდან იკავებდა.
კობახიძემ განმარტა, რომ ქარსელაძემ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. ქარსელაძემ მადლობა დაიმსახურა პრემიერის, რომელმაც აღნიშნა, რომ "მისი ხელმძღვანელობით წლების განმავლობაში მრავალი უმნიშვნელოვანესი პროექტი განხორციელდა“. ქარსელაძეს გადადგომის მიზეზები არ დაუკონკრეტებია და ბრიფინგზე მადლობა გადაუხადა კობახიძეს, "ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს, პარტიას და მხარდამჭერებს.
47 წლის რევაზ სოხაძე, 2017 წლიდან თბილისის საკრებულოში სამგორის რაიონის მაჟორიტარი იყო. მას დედაქალაქის ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაც ეკავა.
რეზი სოხაძეს განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში. პოლიტიკოსი საბანკო საქმისა და ფინანსების მაგისტრია. სოხაძეს მიღებული აქვს ასევე სამედიცინო განათლება.მან პოლიტიკური კარიერა პარტია "ახალ მემარჯვენეებით“ დაიწყო, სადაც 2012 წლამდე დარჩა. შემდეგ კი სამშენებლო ბიზნესში წავიდა. 2013-2016 წლებში სოხაძე გახლდათღ "აი ემ ჯი დეველოპმენტი" (IMG DEVELOPMENT) აღმასრულებელი დირექტორი; 2016-2017 წლებში კი "კრწანისი ვილა რეზიდენსის" აღმასრულებელი დირექტორი; მალე ისევ პოლიტიკას დაუბრუნდა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ვარკეთილის საარჩევნო ოლქში, "ქართული ოცნების" კანდიდატი იყო.
2021 წლიდან თბილისის მუნიციპალიტეტის VII მოწვევის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე. სამგორის რაიონის მაჟორიტარი, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე, სატრანსპორტო საკითხთა კომისიის წევრია. იხილეთ სრულად