ცვლილებები, რომელიც ქვეყანაში დღეიდან ამოქმედდება
2025 წლიდან ქვეყანაში გარკვეული ცვლილებები უკვე ამოქმედდა. გაიზარდა საჯარო მოხელეების ხელფასები, პენსიები, ცვლილება შეეხო სესხის გაცემის წესს და ა.შ. რიგი ცვლილებები კი ძალაში 1-ლი აპრილიდან შევა.
რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რისი ამოქმედება მოხდება საქართველოში 2025 წლის 1-ლი აპრილიდან.
2025 წლის 1-ლი აპრილიდან, საქართველოში სიგარეტი მხოლოდ სადა შეფუთვით გაიყიდება
2024 წლის 1-ლი ოქტომბრიდან ძალაში შევიდა სიგარეტის ერთგვაროვანი შეფუთვის შესახებ რეგულაცია. რაც გულისხმობს, რომ ყველა სიგარეტის კოლოფი ერთნაირი, სადა შეფუთვის უნდა იყოს. თუმცა აღსანიშნავია, რომ კომპანიებს გარდამავალი პერიოდი მიეცათ და დახლებზე განთავსებული პროდუქციის ამოყიდვის უფლება ჰქონდათ 2025 წლის 1-ელ აპრილამდე.
უკვე დღეიდან კი, ნებისმიერი სიგარეტის შეფუთვა იქნება ერთნაირი. თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე რეალიზაცია, თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის სტანდარტიზების წესის დარღვევა 5 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.
2025 წლის 1-ლი აპრილიდან პიროტექნიკის გამოყენების წესების დარღვევაზე ჯარიმები ამოქმედდება
1-ლი აპრილიდან ამოქმედდება ჯარიმები პიროტექნიკური ნაწარმის გამოყენების წესების დარღვევაზე. უფრო კონკრეტულად, პიროტექნიკური ნაწარმის იმ პირისთვის მიყიდვა, რომელსაც, არ აქვს მისი ფლობის ან/და გამოყენების უფლება, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. ამასთან, პიროტექნიკური ნაწარმის შეძენა იმ პირის მიერ, რომელსაც არ აქვს უფლება გამოიწვევს ამ პირის 1000 ლარით დაჯარიმებას. გარდა ამისა, პიროტექნიკური ნაწარმის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით გამოყენება – გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
2025 წლის 1-ლი აპრილიდან არასრულწლოვნის მიერ „112“-ის არამიზნობრივ გამოყენებაზე ჯარიმა ამოქმედდება
2025 წლის 1-ლი აპრილიდან მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვნის აღზრდისა და სწავლების მოვალეობათა შეუსრულებლობაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ამოქმედდება. მათ შორის ჯარიმა იქნება გამოყენებული, არასრულწლოვნის მიერ „112“-ს არამიზნობრივ გამოყენებაზეც.
უფრო კონკრეტულად, მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვანის აღზრდისა და სწავლების ან მის მიმართ სხვა მოვალეობათა შეუსრულებლობა, რაც გამოიხატება: არასრულწლოვანის აღზრდისა და სწავლების, საცხოვრებლით, საკვებითა და ნორმალური განვითარებისთვის საჭირო სხვა პირობებით უზრუნველყოფის მოვალეობათა ბოროტად შეუსრულებლობით, არასრულწლოვანის მიერ ნარკოტიკული ნივთიერების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებით, ცხოველისადმი არასათანადო, სასტიკი მოპყრობით, წვრილმანი ხულიგნობით, ხულიგნობით, ვანდალიზმის ჩადენით, ალკოჰოლიანი სასმლის სმით, თამბაქოს მოხმარების წესების დარღვევით, ცივი იარაღის ტარებით, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედების ჩადენით, „112“-ის – არამიზნობრივი გამოყენებით, აგრეთვე მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრთან ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმა ან მასთან დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობა, გამოიწვევს მშობლის ან ბავშვის სხვა კანონიერი წარმომადგენლის დაჯარიმებას 100 ლარიდან 300 ლარამდე ოდენობით. იხილეთ სრულად