„დაემატება საავტომობილო ზოლები“ - რა საგზაო ცვლილებებს გეგმავს მერია მტკვრის სანაპიროებზე
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისში, მტკვირს სანაპიროს ტერიტორიაზე დაგეგმილ გარკვეულ საგზაო ცვლილებებზე ისაუბრა.
კერძოდ, მისი ცნობით, რიგ ტერიტორიაზე დაემატება საავტომობილო ზოლები, ასევე დაგეგმილია საქვეითო კავშირის მოწყობა.
„ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურთან ერთად უახლოეს მომავალში გეგმავს რიგ სამუშაოებს ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის კვეთის მიმდებარედ. ამ სამუშაოების მიზანი, ტერიტორიაზე ნაკადების უსაფრთხო და ეფექტური გადაადგილებაა.
უფრო კონკრეტულად, პროექტის ფარგლებში გზაჯვარედინზე დაემატება საავტომობილო ზოლები. ამასთან, სანაპიროდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით მარცხნივ მოხვევა იქნება შუქნიშნით დარეგულირებელი.
გარდა ამისა, მტკვრის მარცხენა სანაპიროდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით შეიქმნება საქვეითო კავშირი, რაც ფეხით მოსიარულეთა გადაადგილებას უფრო კომფორტულს გახდის. ასევე განთავსდება უსაფრთხოების კუნძულები,“- განაცხადა კახა კალაძემ.