„ბავშვები საქართველოს ყველაზე ღარიბი ფენაა“ - ყოველი მე-5 ბავშვი აბსოლუტურ სიღარიბეშია
საქართველოში ყოველი მეხუთე ბავშვი აბსოლუტურ სიღარიბეშია - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური პროგრამის ხელმძღვანელმა ქეთი მელიქიძემ განაცხადა. მისი თქმით, ბოლო 5 წლის განმავლობაში ფიქსირდება აბსოლუტურ სიღარიბეში მყოფი ბავშვების რაოდენობის შემცირება, თუმცა, ეს შედეგი საკმარისი არ არის.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში აბსოლუტურ სიღარიბეში მყოფი ბავშვების რაოდენობა 20%-ს შეადგენს, მთლიანი მოსახლეობის კი 16%-ს. მელიქიძის თქმით, მონაცემები აჩვენებს, რომ „საქართველოში ბავშვები საზოგადოების ყველაზე ღარიბი ფენაა“.
„გასული 5 წლის მონაცემების მიხედვით, ბავშვთა სიღარიბე წლიდან წლამდე მცირდება. ბოლო მონაცემით, რომელიც არის 2023 წლის (2024 წლის არ გვაქვს ჯერ), ბავშვთა სიღარიბემ 20% შეადგინა, ეს კი მაშინ, როცა მოსახლეობის სიღარიბე იყო 16%. მიუხედავად იმისა, რომ კლების ფენომენი არსებობს, სიღარიბეში გაზრდილი ყოველი მე-5 ბავშვი სახარბიელო მაჩვენებელი სულაც არ არის“, - განმარტავს მელიქიძე.
აბსოლუტური სიღარიბე ითვლის მინიმალური ფინანსური ზღვრის ქვემოთ მყოფი ბავშვების რაოდენობას. ამ მიდგომით საქართველოში ყოველი მე-5 ბავშვი აბსოლუტურ სიღარიბეშია, თუმცა განსხვავებულ მდგომარეობას აჩვენებს იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებიც საარსებო შემწეობას იღებენ. მაგალითად, სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2025 წლის იანვარში საარსებო შემწეობას იღებდა 249 852 ბავშვი. საქსტატის ბოლო მონაცემებით, 16 წელს ქვემოთ 764 759 ბავშვია. ანალიზი აჩვენებს, რომ ქვეყანაში ყოველი მე-3 ბავშვი გაჭირვებულია.
მიუხედავად იმისა, რომ მცირდება აბსოლუტური სიღარიბე, ბოლო 5 წლის განმავლობაში ზრდის ტენდენციით ხასიათდება საარსებო შემწეობის მიმღებ ბავშვთა რაოდენობა. ქეთი მელიქიძე მონაცემებს შორის სხვაობას ხსნის იმით, რომ ბოლო პერიოდში გაიზარდა სოციალური ქულების ზედა ზღვარი, რომლის მიხედვითაც, ბავშვებს სოციალური დახმარება ენიშნებათ. მაგალითად, წინა წლებში ქულათა მაქსიმალური ზღვარი 75 ათასი იყო, მოგვიანებით ზღვარი 100 ათასამდე გაიზარდა, ახლა კი 120 ათასს შეადგენს.
„Unicef-ი წლების განმავლობაში ტექნიკურ დახმარებას უწევს საქართველოს მთავრობას და ცდილობს შესთავაზოს სხვადასხვა დახმარების პროგრამის დიზაინი, რაც ბავშვს სოციალური დაცვის სისტემის ყურადღების ცენტრში მოაქცევს. ამის ერთ-ერთი შედეგი არის ის, რომ სიღარიბის მიზნობრივი დახმარების ფარგლებში, 2015 წლიდან გაჩნდა დანამატი თითო ბავშვზე თვიური ფინანსური დახმარება, ამჟამად მოცულობა 200-ლარს შეადგენს.
ჩვენ გავაკეთე ანალიზი - დახმარების მიმღები ბავშვების მშობლებს ვეკითხებოდით, რაში იყენებდნენ ამ ფულს და რამდენად მნიშვნელოვანი არის ეს მათთვის. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის დიდი თანხა, სტაბილურად შესული ფინანსები ოჯახში ყველა მშობლის მიერ აღქმული იყო დადებითად, ზოგისთვის ეს იყო პრევენცია, რომ საზღვარგარეთ არ წასულიყო სამუშაოდ, ზოგისთვის კი შეღავათი ქირის გადასახადზე“, - აღნიშნავს მელიქიძე. იხილეთ სრულად