"კლასელებს ჩემი შვილი გარიყული ჰყავთ, არ ეთამაშებიან, არც ეკონტაქტებიან, დამრიგებელი საერთოდ არ ერევა ამ საკითხში" - რას პასუხობს ფსიქოლოგი მსგავსი პრობლემის მქონე მშობლებს | Allnews.Ge

"კლასელებს ჩემი შვილი გარიყული ჰყავთ, არ ეთამაშებიან, არც ეკონტაქტებიან, დამრიგებელი საერთოდ არ ერევა ამ საკითხში" - რას პასუხობს ფსიქოლოგი მსგავსი პრობლემის მქონე მშობლებს

"ჩემს 10 წლის გოგონას გამოვუცვალეთ სკოლა. წინა სკოლაში არასოდეს ჰქონია კლასელებთან კომუნიკაციის პრობლემა. ეზოშიც ურთიერთობს თანატოლებთან, არასოდეს შემიმჩნევია ჩაკეტილობა, თანატოლებთან შეუთავსებლობა. ამიტომ როცა სკოლის შეცვლის საჭიროება დადგა, არ მიფიქრია, რომ შეგუება გაუჭირდებოდა. ახალ სკოლაში კი აღმოჩნდა, რომ მასთან ურთიერთობა არავის უნდა. ბავშვები არ ეკონტაქტებიან, არ ეთამაშებიან. ვერ ვიტყვი, რომ დასცინიან და აბულინგებენ, მაგრამ სრულიად გარიყული ჰყავთ, იგნორირებას უკეთებენ და ბავშვიც საშინლად განიცდის. დამრიგებელს მივმართე, მაგრამ არანაირი შედეგი არ მოჰყვა. როგორ დავეხმარო და რა არის გამოსავალი?" - ამ შეკითხვით მკითხველმა სოციალური ქსელის საშუალებით მოგვმართა.

ამ პრობლემაზე ფსიქოლოგი ირმა ფეიქრიშვილი გვესაუბრება - როგორ უნდა მოემზადოს მშობელი და ბავშვი სკოლის ცვლილებისთვის ისე, რომ პროცესი ნაკლებად მატრავმირებელი აღმოჩნდეს:

- დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, მშობელი ბავშვს ახალი სკოლისა და გარემოსთვის როგორ შეამზადებს. უნდა ავუხსნათ, რომ იქ მას დახვდებიან ისეთი ბავშვები, რომლებიც ერთმანეთს დიდი ხანია, იცნობენ, მეგობრობენ. უმჯობესია, საკუთარი თავის წარდგენა და ინიციატივის გამოჩენა ვასწავლოთ. ხშირ შემთხვევაში, როდესაც საკლასო ოთახში შეშინებული, დაბნეული ბავშვი შედის, თანაკლასელები ცდილობენ, მას მოერიდონ. კი არ გარიყონ, არამედ მის პირად სივრცეს პატივი სცენ. ისინიც გრძნობენ, რომ ბავშვს მათთან ურთიერთობის ეშინია. როდესაც ის მათ მიმართ ინტერესს არ ამჟღავნებს და პირიქით, შეშინებული ცალკე დგება, საპასუხო ქცევა მათგან გარიყვად და ძალადობად კი არ აღიქმება, არამედ არც იმ ბავშვებმა იციან, როგორ დაიწყონ ურთიერთობა. პატივისცემას ასე გამოხატავენ და მის პირად საზღვრებს არ არღვევენ.

ბავშვებს საკუთარი გრძნობების გამხელა, სურვილების გაჟღერება უნდა ვასწავლოთ. ეს მათ ურთიერთობის ჩამოყალიბებაში დაეხმარებათ. გარდა ამისა, უნდა ვუთხრათ, რომ ყოველთვის შეუძლია, დახმარება ითხოვოს - თუ თავს ცუდად გრძნობს, კლასის დამრიგებელს, მასწავლებელს მიმართოს. ასევე, განვუმარტოთ, რომ ის იმ გარემოში ზედმეტი არ არის და შეიძლება, თანაკლასელებისთვის ძალიან სასურველი მეგობარი გახდეს. უბრალოდ, ამისთვის, დრო და კომუნიკაციაა საჭირო.

თუმცა, შესაძლოა, ბავშვს ახალ კლასში მტრული გარემოც დახვდეს და მასთან კომუნიკაცია არა შიშის, არამედ საკუთარი წესების გამო არ მოინდომონ. კლასში ხშირად ბავშვები რამდენიმე ჯგუფად არიან დაყოფილნი და მეგობრობენ. მათ თავიანთ ჯგუფში ახალი ადამიანის "მიღება" უჭირთ. ბავშვი ამისთვისაც უნდა შევამზადოთ და ვუთხრათ, რომ თანაკლასელებს ნელ-ნელა დაუმეგობრდება.

ასეთ სიტუაციაში პედაგოგი აუცილებლად უნდა ჩაერთოს. რეაგირების გარეშე დატოვება არ შეიძლება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რა ფორმით ჩაერთვება. თუ მასწავლებელი ბავშვებს დირექტივებით მიმართავს და ავალებს, რომ ახალ მოსწავლესთან ითამაშონ, ეს ბრძანების შესრულებას უტოლდება. იმწუთას შეიძლება, მასწავლებლის დავალება შეასრულონ, მაგრამ შემდეგ მასთან თამაშზე კვლავ უარი თქვან. ამის ნაცვლად, ჯობს, პედაგოგმა ისეთი აქტივობები, თამაშები დაგეგმოს, რაც ბავშვებს გააერთიანებს და ისინი კომუნიკაციას ბუნებრივად შეძლებენ. ასეთ შემთხვევაში, პოზიტიური განწყობა და მეგობრობა უნებურად ჩამოყალიბდება. იხილეთ სრულად