"არც შუქია, არც წყალი, არც გზა... გარეთ ვერ გადის ხალხი, ფანჯრებამდე თოვლში ვართ" - რა ხდება გურიაში და როგორ ცდილობენ მოქალაქეები თვითორგანიზებით სტიქიის ზონაში მყოფთა დახმარებას?
გურიაში უხვი ნალექის გამო, ცალკეული სოფლები გარე სამყაროსაა მოწყვეტილი. ადგილობრივები აცხადებენ, რომ სოფლებთან მისასვლელი გზები გაუწმენდავია, ადამიანებს საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტი აქვთ. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ:
“იცით, ყველაზე ცუდი რა არის, მე-6 დღეა ასე ვართ და ახლა მობილიზდა ყველაფერი. ტელეფონის ბოლო ელემენტებს ვიყენებ ამ პოსტისთვის. არც შუქია, არც წყალი, არც გზა. ღმერთს მადლობა, ჩემს ოჯახს მობილიზებული ჰქონდა საკვები და საარსებო საჭიროებები, თუმცა სხვას??? ელემენტარული, გარეთ ვერ გადის ხალხი, ფანჯრებამდე თოვლში ვართ. მსხვერპლი სანამ არ მოჰყვა ამბავს, საქართველომ მანამდე არაფერი იცოდა .
სრულიად მოწყვეტილი ვართ გარე სამყაროს, ოჯახში ყველა დანარჩენი ტელეფონი გათიშულია, უკვე მერამდენე დღეა, (ახლა ჩემი ტელეფონიც გაითიშება) მეზობლის გენერატორით ვტენიდი მობილურს, (ორ დღეში ერთხელ) თუმცა მასაც ამოეწურა რესურსი. სანთლებიც კი აღარ გვაქვს, სიბნელეში და უიმედო მდგომარეობაში ვართ. შუქზე აღარაფერს ვამბობ, წყალიც არ გვაქვს, სასმელი წყლისთვის თოვლს ადნობს ხალხი, რომ დალიონ. ვისაც გათბობა დენზე ჰქონდა იყინება მერამდენე დღეა. ჩემი ოჯახის მაგალითზე კიდევ ნორმალურად გადავურჩით, სულ დალეწა თოვლმა ყველაფერი, სხვებზე ვფიქრობ და მედარდება, რამდენი მარტოხელა მოხუცია, რამდენს უჭირს ალბათ”, - წერს თინათინ აბაშიძე ჯგუფში "მოხალისეები გურიისთვის".
სწორედ ამ სახელწოდებით შექმნეს მოქალაქეებმა "ფეისბუქჯგუფი" გურიის მუნიციპალიტეტებში დიდთოვლობით დაზარალებული მოქალაქეების დასახმარებლად. ადამიანები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ მოხალისეობრივად ჩაერთონ გურიაში უხვი ნალექის შედეგად დაზარალებული მოხუცებისა და ბავშვების გადასარჩენად. ასევე, გარე სამყაროს მოწყვეტილ ოჯახებს, თვითორგანიზებით დახმარება აღმოუჩინონ. იხილეთ სრულად