"იმ რთულ პერიოდში დავოჯახდი..." - ძალა, რწმენა და სოციალური მედია: როგორ დაამარცხა სიმსივნე ლიკა გაგნიძემ?
31 წლის ლიკა გაგნიძე სოციალურ ქსელებში პოპულარული თავისი იუმორისტული ვიდეოებით გახდა, თუმცა მისი ცხოვრება შეიცვალა, როცა მოულოდნელად, სიმსივნის დიაგნოზი დაუდგინეს. ლიკამ გადაწყვიტა, თავისი ტკივილი და სენთან ბრძოლის ეტაპები გარე სამყაროსგან არ დაემალა, პირიქით - საზოგადოებისთვის გაეზიარებინა. ამ ნაბიჯით სხვებსაც იმედს აძლევდა, ვინც მსგავს რთულ პერიოდს გადიოდა... უკვე გამოჯანმრთელებული ლიკა ჩვეულ საქმიანობას აგრძელებს, რაც სენთან ბრძოლის დროსაც არ შეუწყვეტია: ხელმძღვანელობს საკუთარ სალონს, რომელშიც ვიზაჟისტადაც მუშაობს. მისი ამბავი იმ ადამიანურ ძალას ასახავს, რომლითაც ჩემი რესპონდენტი სირთულეებს ღიმილით, რწმენით და საზოგადოების მხარდაჭერით ებრძვის. როგორც მითხრა, სამყარო სულ სხვაგვარად დაინახა და საკუთარი გამოცდილება გულწრფელად გაგვიზიარა, რაც არა მხოლოდ სიმსივნესთან მებრძოლ ადამიანებს გამოადგებათ, არამედ - ყველას, ვისაც ცხოვრებისეულ სირთულეებთან გამკლავება გვიწევს...
- ლიკა, შენი პირველი რეაქცია როგორი იყო, როცა სიმსივნის დიაგნოზის შესახებ გაიგე?
- რა თქმა უნდა, ამ დიაგნოზის მოსმენა მარტივი არ ყოფილა - ალბათ, არცერთი ნორმალური ადამიანისთვის ეს მისაღები არ იქნებოდა... თავდაპირველად, ცუდად მივიღე, ბევრი ვინერვიულე, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ 21-ე საუკუნეში შეუძლებელი თითქმის არაფერია. მით უმეტეს, მედიცინა ისე განვითარდა, რომ სასწაულებს ახდენენ. სასწაულის დავიჯერე და მოცემული სიტუაციის მიმართ პოზიტიურად განვეწყვე.
- შენში მიმდინარე შინაგანი დიალოგი როგორი იყო, საკუთარ თავს რა კითხვებს უსვამდი?
- უპირველეს ყოვლისა, ამ აზრთან შეგუება მიჭირდა, რომ ამ სენით ავად ვიყავი. ონკოლოგიურ განყოფილებებში სიარული მიწევდა. როცა ვხედავდი ადამიანებს, რომლებსაც სიმსივნე ჰქონდათ, თითქოს "მათიანად" თავს ვერ ვგრძნობდი. ვამბობდი, - აქ რა მინდა-მეთქი?! იმ გარემოებებსაც ვერ ვეგუებოდი, რომ გამოკვლევებს ვიტარებდი, რათა ჩემი დაავადების სირთულის დონე გამეგო. გამოკვლევების პასუხის გაგებამდე, ხშირად იმაზეც ვფიქრობდი, რომ შესაძლო სიკვდილის შესახებ აზრს უნდა შევგუებოდი. მოკლედ, კარგი და ცუდი შედეგის შანსები 50/50-ზე დავაყენე. ამ აზრს 5-6 თვე ვეგუებოდი - გამოკვლევები ამდენ ხანს გაიწელა... პასუხის მოლოდინი ძალიან რთული იყო... ტანჯვის მოლოდინი რომ არ მქონოდა, მერჩივნა, ცუდზე ბევრი მეფიქრა - საკუთარ თავს ყველაფრისთვის ვამზადებდი... იხილეთ სრულად